თავი - 9
Previous1ნეტავი მქონდეს მოგზაურთა სადგური უდაბნოში! მივატოვებდი ჩემს ერს და გავშორდებოდი, რადგან ყველანი გარყვნილები არიან და მზაკვართა ხროვა!
2მშვილდივით მოუზიდავთ ენები, სიცრუე და არა სიმართლე ბატონობს ქვეყანაზე, ბოროტებიდან ბოროტებისკენ მიდიან და მე არ მცნობენ, ამბობს უფალი.
3უფრთხილდით ერთმანეთს, ძმასაც ნუ ენდობით, რადგან ფეხს უდებენ ერთმანეთს ძმები და ცილს სწამებენ ერთმანეთს მეგობრები.
4ერთმანეთს დასცინიან! სიმართლეს არ ლაპარაკობვნ; ენას ტყუილის თქმა ასწავლეს, დაიქანცნენ თვალთმაქცობით.
5სიცრუეში გიდგას ბინა; სიცრუე უშლის მათ ჩემს შეცნობას, ამბობს უფალი.
6ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გადავადნობ მათ და გამოვცდი, რადგან სხვაგვარად როგორ მოვიქცე ჩემი ერის ასულისთვის?
7წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს.
8როგორ არ დავსაჯო ამისათვის, ამბობს უფალი; როგორ არ მივაგო სამაგიერო ასეთ ხალხს ჩემივე ხელით.
9მთების გამო ავტეხავ ტირილსა და მოთქმას, უდაბნოს ქოხების გამოგლოვას, რადგან გადაიბუგენ და აღარავინ შეივლის იქ. აღარ ისმის საქონლის ხმა, ცის ფრინველიდან პირუტყვამდე ყველანი გადაიკარგნენ, წავიდნენ.
10ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.
11სად არის ბრძენი, რომ ამას მიხვდეს? ვისაც უფალი თავისი პირით დალაპარაკებია, ვისაც შეუძლია ამცნოს, რომ დაღუპა ეს ქვეყანა, რამ გადაბუგა უდაბნოსავით, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს.
12ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მათ მივეცი, არ გაიგონეს ჩემი ხმა და არ გაჰყვნენ მას.
13აჰყვნენ თავიანთ გულისთქმას და ბაალებს, რომლებსაც მიაჩვია ისინი მათმა მამა-პაბამ.
14ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შევაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და შევასმევ მოწამლულ წყალს,
15გავფანტავ ხალხებში, რომლებიც არასოდეს გაუგიათ არც მათ და არც მათ მამა-პაპას; მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე საბოლოოდ არ მოვსპობ.
16ასე ამბობს ცაბათათ უფალი: მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ. გაგზავნეთ დახელოვნებული ქალების მოსაყვანად, აქ მოვიდნენ.
17იჩქარონ და გამართონ ჩვენზე გლოვა, რომ თვალებიდან ცრემლები გადმოგვცვივდეს, წყალმა იდინოს წამწამებიდან.
18რომ გლოვის ხმა ისმოდეს სიონიდან: როგორ გავნადგურდით! როგორ შევრცხვით, რომ მივატოვეთ ჩვენი ქვეყანა და დავაგდეთ ჩვენი სახლ-კარი!
19აბა, ისმინეთ, ქალებო, უფლის სიტყვა! მიიღოს თქვენმა ყურმა მისი ბაგის წარმონათქვამი! ასწავლეთ თქვენს ასულებს გლოვა და ერთმანეთს - გოდება.
20რადგან სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი, შემოდის დარბაზებში, რომ გაგვიწყვიტოს ბავშვები ქუჩებში და ჭაბუკები მოედნებზე.
21თქვი, ასე ამბობს უფალი: გადაყრიან ადამიანთა გვამებს როგორც ნეხვს ყანაში; როგორც ძნებს მომკალის უკან და არავინ იქნება შემგროვებელი.
22ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.
23თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.
24აჰა, მოვა დროება, ამბობს უფალი, როცა დავსჯი ყველა წინდაცვეთილს წინდაუცვეთელთან ერთად -
25ეგვიპტეს, იუდას, ედომს, ყამონიანებს, მოაბს და ყველას, საფეთქელთან თმას რომ იპარსავენ, უდაბნოს მკვიდრთ, რადგან ყველა ეს ხალხი წინდაუცვეთელია, ხოლო მთელი ისრაელის სახლი გულით არის დაუცვეთელი.
Next