Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1იმხანად, ამბობს უფალი, ამოყრიან იუდას მეფეთა ძვლებს, მის მათავართა ძვლებს, მღვდელთა ძვლებს, წინასწარმეტყველთა ძვლებს და იერუსალიმის მკვიდრთა ძვლებს მათი საფლავებიდან;
2და მიმოფანტავენ მზის, მთვარისა და ცის ვარსკვლავების წიჩაშე, რომლებიც უყვარდათ მათ, რომელთაც ემსახურებოდნენ, რომელთაც მისდევდნენ, რომელთაც ეკითხებოდნენ, რომელთაც თაყვანისცემდნენ. აღარ შეკრებენ და არ დამარხავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.
3სიკვდილი სიცოცხლეზე უმჯობესი იქნება ყველა დანარჩომისთვის, ვინც კი დარჩება ამ ბოროტი მოდგმიდან ყოველ ადგილზე, სადაც კი გამიფანტავს ისინი, ამბობს ცაბაოთ უფალი.
4ეტყვი მათ: ასე ამბობს უფალი: განა ვინც დაცემულა, არ ამდგარა ან ვინც გაბრუნებულა, არ მობრუნებულა?
5რატომ განდგა ეს ხალხი, იერუსალიმო, სამუდამო განდგომით? სიცრუეს ებღაუჭებიან და აღარ უნდათ მობრუნება.
6ყური მივუგდე და ვუსმენდი, მაგრამ მართალს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ავკაცობას, ეს რა ჩავიდინეო. ყველა თავის სარბიელზე გარბის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით.
7ყანჩამაც იცის ცაში თავისი დრო; გვრიტს, მერცხალსა და წეროს არ ეშლებათ მოფრენის ჟამი, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება.
8როგორ ამბობთ: ბრძენები ვართ, რადგან უფლის რჯულიაო ჩვენთან? კეთილი. აჰა, სიცრუედ უქცევია იგი მწიგნობართა ცრუ კალამს!
9თავი შეირცხვინეს ბრძენკაცებმა, დაიბნენ და გაიხლართნენ, აჰა, უარყვეს უფლის სიტყვები და რაღა სიბრძნე აქვთ?
10ამიტომ მათი ცოლები სხვებს უნდა მივცე, მათი ყანები - ახალ პატრონებს, რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელია.
11ზერელედ მკურნალობენ ჩემი ასულის, ჩემი ერის, ჭრილობებს და გაჰყვირიან: მშვიდობა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა.
12განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.
13პირწმიდად გავცლი მათ, ამბობს უფალი, ერთა მტევანიც არ შერჩება ვაზს და ლეღვი - ლეღვისხეს; დაჭკნება ფოთოლი და, რაც მივეცი მათ, ხელიდან წაუვათ.
14რას ვუსხედვართ? თავი მოიყარეთ და წავიდეთ ციხე-ქალაქებში, რათა იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა გაგვწირა დასაღუპად; მოწამლული წყალი შეგვასვა, უფალს რომ შევცოდეთ.
15ველით მშვიდობას, არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს - და, აჰა, საშინელება!
16დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი.
17აჰა, მოგისევთ მოუნუსხავ უნასებს და დაგგესლავენ, ამბობს უფალი.
18დამძალა ვარამმა, გული შემიღონა.
19აჰა, მოთქვამს ჩემი ასული, ჩემი ერი, შორი ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არის უფალი სიონში? ნუთუ აღარ არის იქ მისი მეუფე? რატომ გამაჯავრეს თავიანთი კერპებით, უცხოთა ამაოებებით?
20მკის დრო გავიდა, გასრულდა ზაფხული, ჩვენთვის კი არ მოსულა ხსნა!
21ჩემი ასულის, ჩემი ერის უბედურებამ გამაუბედურა, დავნაღვლიანდი, შიშმა შემიპყრო.
22ნუთუ აღარ არის ბალსამონი გალაადში? ნუთუ აღარ არის იქ მკურნალი? რატომ არ უხორცდება ჭრილობა ჩემს ასულს, ჩემს ერს?
23ოჰ, ნეტავ თავი წყლად მექცეს და თვალები - ცრემლის წყაროდ! დღე და ღამ ვიტირებდი ჩემს დახოცილებს!
Next