Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან თქმული:
2დადექი უფლის სახლის კარიბჭესთან და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა, თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც ამ კარიბჭეებით შემოდიხართ უფლის თაყვანისსაცემად.
3ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოისწორეთ თქვენი ზნე და საქციელი, რათა მტკიცედ დაგასახლოთ ამ ადგილზე.
4ნუ დაენდობით ცრუ სიტყვებს, რომ ამბობენ: უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო აქ!
5თუ გამოისწორებთ ზნესა და საქციელს, თუ სამართლიანად მოექცევით ერთმანეთს,
6არ შეავიწროვებთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, არ დაღვრით უბრალო სისხლს ამ ადგილზე, არ გაჰყვებით უცხო ღმერთებს თქვენდა საზიანოდ,
7მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას უკუნითი უკუნისამდე.
8თქვენ კი დანდობილხართ ცრუ სიტყვებს, რომელთაც სარგებლობა არ მოაქვს.
9ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც იცნობდით,
10მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამბობთ; გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ ყველა ეს სისაძაგლე.
11ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ, რომ ასეა, ამბობს უფალი.
12აბა, წადით ჩემს ადგილზე, სილოამში, სადაც თავდაპირველად დავამკვიდრე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ერის, ისრაელის, უკეთურების გამო.
13ახლა, რაკი ყველაფერს ამას სჩადიხართ, ამბობს უფალი, არ გესმით, რასაც დილიდან გელაპარაკებით, გეძახით და პასუხს არ მაგონებთ,
14რაც სილოამს დავმართე, იმასვე დავმართებ ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება რიშელსაც ესავთ, და ამ ადგილს, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.
15მოგისვრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა შენი ძმა, ეფრემის მთელი მოდგმა მოვისროლე.
16შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისთეის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ.
17განა ვერ ხედავ, რას სჩადიან იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში?
18შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად.
19განა მე მაჯავრებენ, ამბობს უფალი, უფრო თავის თავს არცხვენენ.
20ამიტომაც, ასე თქვა უფალმა ღმერთმა, აჰა, გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზი ამ ადგილზე, ადამიანზე და პირუტყვზე, მინდვრის ხეებზე და მიწის ნაყოფზე, აბრიალდება და არ ჩაქრება.
21ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მიუმატეთ აღსავლენი სხვა საკლავს და ჭამეთ ხორცი.
22რადგან არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.
23მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.
24არ გამიგონეს, ყური არ მათხოვეს, აჰყვნენ თავიანთ ზრახვებსა და ბოროტ გულისთქმას; უკან წავიდნენ და არა წინ.
25იმ დღიდან, რაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდა, დღემდე გიგზავნით და გიგზავნით გამუდმებით ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს.
26მაგრამ არ მიგონებდნენ და ყურს არ მათხოვებდნენ, ჯიუტობდნენ და თავიანთ მამებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ.
27ეტყვი მათ ყველა ამ სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ; დაუძახებ და არ გაგაგონებენ.
28უთხარი მათ: ეს არის ხალხი, რომელსაც უფლის, თავისი ღვთის ხმა არ ეყურება და ჭკუას არ სწავლობს. სიწრფელე გაქრა, წაერთვა მათ ბაგეებს.
29თმა მოიკვეცე და გადაუარე; გლოვა გამართე ხმელგორებზე, რადგან უფალმა უარყო და მიატოვა მისგან შერისხული მოდგმა.
30რადგან ბოროტებას სჩადიან იუდაელნი ჩემს თვალში, ამბობს უფალი; თავიანთი სიბილწეები შეიტანეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაბილწონ.
31ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები და ასულები მსხვერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია.
32ამიტომაც დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰიმონის ველი, არამედ სასაკლაო ველი, თოფეთში დამარხავენ მკვდრებს უადგილობის გამო.
33ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მომგერიებელი.
34გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.
Next