თავი - 6
Previous1თავს უშველეთ, ბენიამინის ძენო, იერუსალიმიდან, ბუკი დააყვირეთ თეკოაყში და მოეცით ნიშანი ბეთ-ჰაქერემს, რადგან ჩრდილოეთიდან გამოჩნდა ბოროტება და დიდი უბედურება.
2ლამაზს და განაზებულს, მოვსპობ სიონის ასულს.
3მასთან მივლენ მწყემსები ჯოგებითურთ, კარვებს დასცემენ მის გარშემო, თავ-თავიანთ ნაკვეთებში დამწყესავენ.
4განემზადეთ საბრძოლველად მის წინააღმდეგ, აღდექით და დავიძრათ შუადღისას! მაგრამ ვაი ჩვენს თავს, იწურება დღე, დაგრძელდა საღამოს ჩრდილები.
5აღდექით და დავიძრათ ღამით, გავანადგუროთ მათი დარბაზები!
6რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი; გაჩეხეთ ხე და დაახვავეთ იერუსალიმის ირგვლივ. უნდა დაისაჯოს ეს ქალაქი! სავსეა ძალადობით.
7როგორც ჭაში გროვდება წყალი, ასე დაგროვდა მასში ბოროტება. ძალადობა და ძარცვა ისმის იქ, სნეულება და ჭრილობებია ჩემს წინაშე მუდამ.
8ფრთხილად იყავი, იერუსალიმო, არ მიგატოვოს ჩემმა სულმა, არ გადაგაქციოთ უდაბნოდ, უკაცრიელ ქვეყანად!
9ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, მოიმცვრიონ ვენახივით ისრაელის ნატამალი! გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის გოდრებისკენ!
10ვის ველაპარაკო და დავიმოწმო, რომ მისმინოს? აჰა, დაუცვეთელი ყურები აქვთ და არ შეუძლიათ ყურის გდება. აჰა, საცინლად აუგდიათ უფლის სიტყვა, აღარ მოსწონთ.
11ავსებული ვარ უფლის რისხვით, მეტის ატანა აღარ შემიძლია. გადმოანთხიე ქუჩაში ბავშვებზე და ჭაბუკთა გუნდზე. რადგან ქმარს ცოლითურთ შეიპყრობენ და ჭარმაგს ხანდაზმულთან ერთად.
12სხვებს გადაეცემა მათი სახლები, ყანები და ცოლები, როცა ხელს შევმართავ ამ ქვეყნის მკვიდრებზე, ამბობს უფალი.
13რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია: წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელი.
14ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა.
15განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.
16ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო.
17მცველნი დაგიყენეთ და გითხარით: ბუკის ხმას უგდეთ-მეთქი ყური. მათ კი თქვეს: არ დავუგდებთო ყურს.
18ამიტომაც ისმინეთ, ხალხებო! იცოდე, მოწმევ, რა მოუვა მათ.
19ისმინე, მიწავ! აჰა, ბოროტებას მოვაწევ ამ ხალხზე, მათი განზრახვების ნაყოფს. რადგან ყურს არ უგდებენ ჩემს სიტყვებს და ჩემს რჯულს, და შეიძულეს.
20რად მინდა საბადან მოტანილი საკმეველი და შორეული ქვეყნის ტკბილი ლერწამი? თქვენი აღსავლენი აღარ მეამება, თქვენი მსხვერპლი აღარ მეტკბობა.
21ამიტომაც ასე ამბობს უფალი; აჰა, საბრკოლს დავუდებ წინ ჩემს ერს და წაიფორხილებენ მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, და დაიღუპებიან.
22ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვა ერი ჩრდილო ქვეყნიდან, დიდძალი ხალხი აღდგება ქვეყნის კიდეებიდან.
23ისარი და ჰოროლი უჭირავთ ხელში, სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა; ცხენებზე ამხედრებულან, როგორც ერთი კაცი; გამზადებულან შენს წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო!
24გვესმა მათი ამბავი და მოგვიდუნდა ხელები; შეგვიპყრო სატანჯველმა, როგორც მშობიარის ტკივილმა.
25ნუ გახვალთ ველად, გზას ნუ დაადგებით, რადგან მტრის მახვილი შიშის ზარს სცემს ირგვლივ!
26ჩემი ერის ასულო! შეირტყი ჯვალო და ნაცარი დაიყარე თავზე, გამართე გოდება მხოლოდშობილზე, მწარე გლოვა, რადგან ანაზდეულად დაგვეცემა შემმუსვრელი.
27გამომკვლევად დაგადგინე ჩემს ერში და გამომცდელად, რომ ამოწმებდე და იკვლევდე მათ გზებს.
28ყველანი ჯანყისთავები არიან, ამბის მიმტანნი, სპილენძი და რკინა, ყველანი წარმწყმედელნი არიან.
29ქშინავს საბერველი, ტყვია მთლიანად შთაინთქა ცეცხლში, მაგრამ ამაოდ გადაიდნო, რადგან ბოროტეულნი არ განცალკევებულან.
30დაწუნებულ ვერცხლს დაარქმევენ მათ, რადგან დაიწუნა ისინი უფალმა.
Next