Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, მიათვალ-მოათვალიერეთ და ეძებეთ მის მოედნებზე. აბა, თუ იპოვნით სამართლიან კაცს, ჭეშმარიტების მძებნელს! მაშინ მივუტევებდი იერუსალიმს.
2თუმცა ცოცხალ არს უფალიო, ამბობენ, მაგრამ ცრუდ იფიცავენ.
3უფალო, განა ჭეშმარიტებისკენ არ არის მიქცეული შენი თვალები? სცემ მათ, მაგრამ არ სტკივათ; ანადგურებ მათ, მაგრამ ჭკუას არ სწავლობენ. კლდესავით გაიმაგრეს სახე, არ სურთ მოქცევა.
4ვიფიქრე, ბეჩავნი არიან ისინი, უგუნურნი-მეთქი; არ იციან უფლის გზა, თავიანთი ღვთის სამართალი.
5წავალ წარჩინებულებთან და დაველაპარაკები-მეთქი, მათ ეცოდინებათ უფლის გზა, თავიანთი ღვთის სამართალი, მაგრამ მათაც დაულეწიათ უღელი და დაუყწყვეტიათ აპეურები.
6ამიტომაც დაგლეჯს მათ მაღნარის ლომი, უდაბნოს მგელი გააჩანაგებს მათ; ვეფხვი დაუდარაჯდება მათ ქალაქებს; ყოველი გარეთ გამსვლელი დაიგლიჯება, რადგან გამრავლდა მათი ცოდვები, გახშირდა მათი განდგომილებანი.
7როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ.
8ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთიმეორის ცოლებს შეჭიხვინებენ.
9როგორ დავტოვო დაუსჯელნი, ამბობს უფალი, ასეთ სალხს როგორ არ მიაგოს სამაგიერო ჩემმა სულმა?
10დაუარეთ მის ვაზებს და გაანადგურეთ, მაგრამ საბოლოოდ არ მოსპოთ; ტოტები შეაჭერით, რადგან უფლის არ არიან ისინი.
11რადგან ღალატით მიღალატეს ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა, ამბობს უფალი.
12უარჰყვეს უფალი და თქვეს: აღარ არის იგი და უბედურებაც არ გვეწევაო, არც მახვილს, არც შიმშილს არ ვიხილავთო.
13წინასწარმეტყველნი ქარით არიან სავსენიო, სიტყვა არ არისო მათში. ასემც დაემართოთ მათ!
14ამიტომაც ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: იმის გამო, რომ ამ სიტყვებს ამბობთ, აჰა, ცეცხლივით ჩაგიდებთ ბაგეებში ჩემს სიტყვას. ეს ხალხი შეშა იქნება და ცეცხლი შთანთქავს მათ.
15აჰა, მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, მაგარ ხალხს, ძველისძველ ხალხს, ხალხს, რომლის ენა არ გეცოდინება და ვერ გაიგეს, რას ლაპარაკობს.
16ღია სამარეა მისი კაპარჭი, ძლიერი ვაჟკაცები არიან ყველანი.
17გადაჭამს შენს მოსავალს და შენს პურს, შეჭამს შენს ვაჟებს და ასულებს, შეჭამს შენს ცხვარ-ძროხას, შეჭამს შენს ყურძენს და ლეღვს, მახვილით დააქცევს შენს ციხე-ქალაქებს, რომელთა იმედი გაქვს.
18იმხანადაც კი, ამბობს უფალი, არ მოგსპობო საბოლოოდ.
19როცა იკითხავენ: რის სანაცვლოდ დაგვმართა ეს ყველაფერი უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო, მიუგე: როგორც მე მიმატოვეთ და ემორჩილებოდით უცხო ღმერთებს თქვენს საკუთარ ქკეყანაში, ასევე დაემორჩილებით უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ იქნება.
20გამოაცხადეთ ეს იაკობის სახლში და მოასმენინეთ იუდაში:
21ისმინე ეს, ბრიყვო და უგულო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერაფერს ხედავს, ყური ასხია და არაფერი ესმის!
22არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.
23ამ ხალხს კი მოუთოკავთ და შეუპოვარი გულთ აქვს; განდგნენ და წავიდნენ,
24არ თქვეს გულში: გვეშინოდესო უფლის, ჩვენი ღვთისა, რომელიც დროულად გვაძლევს წვიმას - შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმას, თავ-თავის დროზე, და გვინახავს სამკალად დადგენილ შვიდეულებს.
25თქვენმა უკუღმართობამ გაამრუდა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა მოგაკლოთ სიკეთე.
26რადგან იპოვებიან ჩემს ერში ბოროტეულნი, რომელნიც ჩასაფრებულან ფრინველთმჭერებივით, დაუდგამთ ხაფანგები და ადამიანებს იჭერენ.
27როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ასევე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ასე გალაღდნენ ისინი და გამდიდრდნენ.
28გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ; სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ.
29როგორ არ მოვთხოვო პასუხი ამათ გამო? ამბობს უფალი, როგორ არ მიაგოს ასეთ ხალხს სამაგიერო ჩემმა სულმა?
30საშინელი და შემაძრწუნებელი ამბავი ხდება ქვეყანაში.
31ქადაგნი სიცრუეს ქადაგებენ, მღვდლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?
Next