Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1თუ მოიქცევი, ისრაელო, ამბობს უფალი, ჩემკენ მოიქეცი; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ,
2დაიფიცებ უფლის სახელს ჭეშმარიტებით, სამართლიანად და სიმართლით, ხალხებიც დაილოცებიან და განითქმიან მასში.
3რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას ხალხს და იერუსალიმს: გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ!
4წინდაიცვითეთ უფლისათვის და მოიშორეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ აინთოს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აბრიალდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.
5გააცხადეთ იუდაში და ასმინეთ იერუსალიმშიც, ამცნეთ და დაჰკარით ბუკს ქვეყანაში, იყვირეთ მთელი ძალით და ამცნეთ: შეიკრიბენით და ციხე-ქალაქებში წავიდეთ!
6აღმართეთ სიონზე დროშა, თავს უშველეთ, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურებას მოვაწევ ჩრდილოეთიდან და დიდ გასაჭირს!
7გამოვარდა ლომი თავისი შამბნარიდან და დაიძრა ხალხთა დამღუპველი; გამოდის თავისი სადგომიდან, რათა უდაბნოდ აქციოს შენი ქვეყანა. შენი ქალაქები გაცამტერდება და გაუკაცრიელდება.
8აბა, შეირტყით ჯვალო, იგლოვდეთ და მოთქვამდეთ, რადგან ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან უფლის რისხვის ალი.
9დადგება დღე, ამბობს უფალი, და გული შეუდრკებათ მეფეს და მთავრებს, შეძრწუნდებიან მღვდლები, გაოგნდებიან წინასწარმეტყველნი.
10ვთქვი; ეჰა, უფალო ღმერთო! ნამდვილად მოგიტყუებია ეს ერი და იერუსალიმი, რომ ეუბნებოდი: მშვიდობა იქნებაო თქვენში, მაგრამ ყელზეა მობჯენილი მახვილი.
11იმჟამად ეტყვიან ამ ერს და იერუსალიმს: მწველი ქარი ქრის უდაბნოს ხმელგორებიდან, ჩემი ერის ასულის გზაზე, არც სანიავებლად და არგ გადასარჩევად.
12ამაზე უფრო ძლიერი ქარი ატყდება ჩემგან და მაშინ მეც გამოვუცხადებ განაჩენს.
13აჰა, ღრუბელივით ამოდის იგი, ქარბორბალაა მისი ეტლები, არწივზე უსწრაფესია მისი ცხენები. ვაი ჩვენს თავს, გავნადგურდით!
14გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმო, რომ გადარჩე! როდემდის უნდა იბუდოს შენს წიაღში უკეთურმა ზრახვებმა?
15რადგან ხმა მოდის დანიდან და ავის მთხრობელი ეფრემის მთიდან!
16გამოუცხადეთ ხალხებს, ხმა მიიტანეთ იერუსალიმამდე: მტერი მოდის შორი ქვეყნიდან და ყიჟინით აყრუებს იუდას ქალაქებს.
17მეველეებივით გარს უვლიან, რადგან ამიჯანყდა მე, ამბობს უფალი.
18შენმა საქციელმა და ნამოქმედარმა დაგმართა ეს ყველაფერი; ისე მწარეა ეს შენი ცოდვა, რომ გულამდე გიწია.
19ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.
20უბედურება უბედურებას მოსდევს; გაპარტახდა მთელი ქვეყანა, უცებ გაპარტახდა ჩემი კარვები, წამისყოფაში - ჩემი ჩარდახები.
21როდემდის უნდა ვუყურო დროშას, ვუსმინო ბუკის ხმას?
22ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან.
23შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი.
24შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად.
25შევხედე და, აჰა, აღარ არის ადამიანი, და ცის ფრინველებიც ყველანი გაფრენილან.
26შევხედე და, აჰა, წალკოტი უდაბნოდ ქცეულა, ერთიანად გაცამტვერებულა ქალაქები უფლის წინაშე, მისი რისხვის ალისაგან.
27რადგან ასე ამბობს უფალი: გაუდაბურდება მთელი ქვეყანა, თუმცა საბოლოოდ არ გავანადგურებ.
28ამაზე იგლოვებს დედამიწა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან უკვე ვთქვი ჩემი განაჩენი, არ შევინანებ და არ გადავთქვამ.
29ცხენოსანთა და მოისართა ხმას გაურბის მთელი ქალაქი; გარბიან უღრან ტყეებში და კლდეებს ეხიზნებიან; დაცარიელდა მთელი ქალაქი, ერთი მცხოვრებიც არ დარჩენილა.
30რას იზამ, გაპარტახებულო? თუმცა ჩაგიცვამს ძოწეული, ოქროს სამკაულებით მორთულხარ, თვალები სურმით მოგიხატავს, მაგრამ ამაოდ ილამაზებ თავს: შეგიძულეს საყვარლებმა, სასიკვდილოდ დაგდევენ.
31ყვირილი მესმის თითქოსდა მშობიარისა, კივილი ქალისა პირველად რომ შობს, ყვირილი სიონის ასულისა; სულთქვამს და ხელებს იშვერს: ვაიმე, სული ამომდის მკვლელების მოლოდინში!
Next