თავი - 10
Previous1ისმინე სიტყვა, რაც შენზე თქვა უფალმა, ისრაელის სახლო!
2ასე თქვა უფალმა: ნუ გადაიღებთ სხვა ხალხთა ზნეს, ნუ შეგეშინდებათ ციური ნიშნებისა, როგორც სხვა ხალხებს ეშინიათ.
3რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი.
4ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს.
5ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ; ხელით დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ. ნუ უფრთხით მათ, რადგან არც ბოროტება მოაქვთ, არც სიკეთე.
6არავინ არის შენი მსგავსი, უფალო! დიდი ხარ, დიდია სიძლიერით შენი სახელი.
7ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? შენ ერთს შეგშვენის ეს, რადგან არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და ყველა მათ სამეფოში.
8ყველანი შეიშალნენ, გამოტვინდნენ, ხის კერპია მათი ჭკუისმასწავლებელი,
9თარშიშის ვერცხლით და უფაზის ოქროთი მოჭედილი, დურგლის ნახელავი, გამომდნობელის ხელიდან გამოსული; ლურჯი და მეწამული სამოსელი მოსავთ, ოსგატთა ხელით დამზადებული.
10უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.
11ასე უთხარი მათ: ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა, აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან.
12ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით,
13მის ხმაზე ხმაურობს წყლები ცაში, ის კრებს ღრუბლებს ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან.
14ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
15არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს.
16ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
17აკრიფე მიწიდან შენი ბარგი, ციხე-ქალაქში მცხოვრებო!
18რადგან ასე თქვა უფალმა: აჰა, შურდულივით მოვისვრი ამჯერად ქვეყნის მცხოვრებლებს; შევაჭირვებ მათ, რომ მიპოვონ.
19ვაი, უბედურო თავო, უკურნებელო წყლულო! ვფიქრობდი, გადავიტანდი ამ სნეულებას.
20დაცარიელდა ჩემი კარავი, დაწყვეტილია ყველა თოკი, შვილები წამივიდნენ; აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამჭიმავი.
21რადგან შეიშალნენ მწყემსები და აღარ ეკითხებიან უფალს, ამიტომაც უჭკუოდ იქცევიან და მთელი სამწყსო დაეფანტათ.
22აჰა, ხმა მოდის და მიწა იძვრის ჩრდილოეთიდან, რომ უდაბნოდ და ტურების ბუნაგად აქციოს იუდას ქალაქები.
23ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს.
24დამსაჯე, უფალო, ოღონდ სიმართლით და არა რისხვით, რომ არარაობად არ მაქციო.
25გადმოანთხიე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გცნობენ და ტომებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, შეჭამეს იგი, ბოლო მოუღეს მას და გააპარტახეს მისი სადგომები.
Next