Eleos

Contents

თავი - 11

Previous
1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:
2ისმინე ამ აღთქმის სიტყვები და გამოუცხადე იუდას ხალხს და იერუსალიმს.
3უთხარი მათ, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეული იყოს კაცი, ვინც არ გაიგონებს ამ აღთქმის სიტყვებს,
4რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, რკინის ქურიდან, და ვუთხარი: გაიგონეთ ჩემი ხმა და ყველაფერი შეასრულეთ, რასაც გიბრძანებთ, მაშინ იქნებით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.
5რათა შესრულდეს ფიცი, რომელიც დავუდევი თქვენს მამა-პაპას, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, რძითა და თაფლით მდინარს, როგორც დღეს არის.
6მითხრა უფალმა: გამოაცხადე ეს სიტყვები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, უთხარი: გაიგონეთ ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ ისინი.
7რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამა-პაპას, როცა გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, და დღემდეც განუწყვეტლივ გაფრთხილებთ: გაიგონეთ ჩემი ხმა!
8მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ მომაპყრეს, ყველა თავის ბოროტ გულისთქმას აჰყვა, და მეც მოვაწიე მათზე სიტყვები ამ აღთქმისა, რომლის შესრულება ვუბრძანე მათ და არ შეასრულეს.
9მითხრა უფალმა: შეთქმულნი არიან იუდაელნი და იერუსალიმის მკვიდრნი.
10კვლავ მიუბრუნდნენ უკეთურებებს მათი მამა-პაპისა, რომელთაც არ სურდათ ჩემი სიტყვების გაგონება; წაჰყვნენ სხვა ღმერთებს თაყვანისსაცემად. დაარღვიეს ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა ჩემი აღთქმა, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას.
11ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, დავატეხ მათ გასაჭირს, რომელსაც თავს ვერ დააღწევენ; შემომღაღადებენ, მაგრამ არ მოვუსმენ.
12წავლენ იუდას ქალაქები და იერუსალიმის მკვიდრნი და შეჰღაღადებენ ღმერთს, რომელთაც უკმევენ, მაგრამ ისინი ვერ იხსნიან მათ გასაჭირის ჟამს.
13რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ! რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენი სამარცხვინო სამსხვერპლო გაქვს აღმართული, ბაალის შესაბოლებელი სამსხვერპლო.
14ნუ ილოცავ ამ ხალხისთვის, ნუ აღავლენ მათთვის ლოცვა-ვედრებას, რადგან არ გავიგონებ მათ ღაღადისს ჩემდამი, როცა გასაჭირში იქნებიან.
15რა უნდა ჩემს სატრფოს ჩემს სახლში, როცა ამდენი უკეთურება აქვს ჩადენილი? განა უბედურებას აგაშორებს სამსხვერპლო ხორცი, ბოროტებას რომ სჩადიხარ და ხარობ?
16ამწვანებული, მშვენიერი, ნაყოფსავსე ზეთისხილი გიწოდა სახელად უფალმა, მაგრამ დიდი გრგვინვის ხმაზე ცეცხლი წაეკიდა და გაუფუჭდა რტოები.
17ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა, უბედურება გიწინასწარმეტყველა ისრაელის სახლის და იუდას სახლის ბოროტების წილ, რომელსაც სჩადიოდნენ ჩემს გასაჯავრებლად, როცა ბაალს უკმევდნენ.
18უფალმა მაცოდინა და ვიცი, მაშინ დამანახვა მათი საქმეები.
19უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად, მე კი არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ: მოვსპოთ ხე, ვიდრე ნედლიაო, ამოვძირკვოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ აღარ იხსენიებოდესო მისი სახელი.
20ცაბაოთ უფალო, მართალო მსაჯულო, გულთამხილავო, მომასწარი შენს შურისძიებას მათზე, რადგან ჩემი საქმე შენთვის მომინდვია.
21ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთის ხალხზე, მოკვლას რომ გიპირებს და გეუბნება: ნუ ქადაგობ უფლის სახელით, თორემ ჩვენი ხელით მოკვდებიო.
22ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჰა, დავსჯი მათ, ჭაბუკები მახვილით გაწყდებიან, მათი ვაჟები და ასულები შიმშილით დაიხოცებიან.
23არავინ დარჩება მათგან, რადგან უბედურებას მოვუტან ყანათოთის ხალხს, როცა მათი განკითხვის წელიწადი დადგება.
Next