თავი - 51
Previous1ასე ამბობს უფალი: აჰა, აღვძრავ ბაბილონზე და ლებ-კამაის მცხოვრებლებზე განადგურების სულს,
2და მივუსევ ბაბილონს გამნიავებლებს და გაანიავებენ მას, გააპარტახებენ მის მიწას, რადგან შეესევიან ყოველის მხრიდან გასაჭირის ჟამს.
3ნუ მოზიდავს მშვილდს მშვილდის მომზიდველი, ნუ გადიდგულდება თავის ჯავშანში! ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ლაშქარი!
4დაეცემიან დახოცილნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში.
5რადგან არ დაობლებულან ისრაელი და იუდა თავისი ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა სავსეა მათი ქვეყანა ცოდვებით ისრაელის წმიდის წინაშე.
6გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავის თავს უშველოს. არ დაიღუპოთ მისი სასჯელით, რადგან ეს უფლის განკითხვის ჟამია, ის მიუზღავს მას სამაგიეროს.
7ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში მთელი ქვეყნის დამათრობელი; მის ღვინოს სვამდნენ ხალხები.
8უეცრად დაეცა ბაბილონი და დაილეწა; ივალალეთ მასზე, მოიღეთ ბალსამონი მისი ჭრილობისთვის, იქნებ განიკურნოს.
9ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა; მოეშვით და წავიდეთ ჩვენ-ჩვენ ქვეყანაში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია.
10უფალმა გამოიტანა ჩვენი სიმართლე; წავიდეთ და გავაცხადოთ სიონზე უფლის, ჩვენი ღვთის, ნამოქმედარი.
11წვერი წაუმახეთ ისრებს, აავსეთ კაპარჭები; აღძრა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის დაღუპვა განიზრახა; რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო.
12აღმართეთ ბავრაყი ბაბილონის ზღუდეთა წინააღმდეგ; გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ ყარაულები, მოაწყვეთ საფრები, რადგან რაც განიზრახა უფალმა, გააკეთებს, რაც ბრძანა ბაბილონის მცხოვრებლებზე.
13დიდი წყლების პირას დამკვიდრებულო, განძმრავალო, მოვიდა შენი აღსასრული, ბოლო მოეღო შენს სიხარბეს!
14თავისი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: აგავსებ ხალხით კალიასავით და გამარჯვების ყიჟინას დასცემენ შენს თავზე.
15მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, დაამყარა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გადაჭიმა.
16მის ხმაზე ცაში ხმაურობენ წყლები და ღრუბლებს წამოკრეფს ქვეყნის კიდეებიდან; საწვიმრად აჩენს ელვას და ქარი გამოაქვს თავისი საგანძურებიდან.
17ბრიყვია ყოველი კაცი თავისი ცოდნით, სირცხვილნაჭამია მჭედელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი გამონადნობი და სული არ არის მასში.
18ამაონი არიან ისინი, ცრუ ნახელავნი; განკითხვის ჟამს დაიღუპებიან.
19მათებური არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან ის ყოვლის გამომსახველია და ისრაელი მისი სამკვიდრო შტოა; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
20ურო ხარ ჩემთვის - საბრძოლო იარაღი და შენით ვფანტავ ხალხებს, შენით ვანადგურებ სამეფოებს;
21შენით ვფანტავ ცხენებს და მათ მხედრებს; შენით ვფანტავ ეტლებს და მათზე ამხედრებულთ;
22შენით ვფანტავ კაცსა და ქალს, შენით ვფანტავ ბერსა და ყრმას, შენით ვფანტავ ჭაბუკს და ქალწულს;
23შენით ვფანტავ მწყემსსა და მის ჯოგს, შენით ვფანტავ გუთნისდედას და მის გუთნეულს, შენით ვფანტავ განმგებელთ და მთავართ.
24მივუზღავ ბაბილონს და ყოველ ქალდეველს იმ ბოროტების წილს, რასაც სჩადიოდნენ სიონში და თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი.
25აჰა, შენზე მოვდივარ, დამღუპველო მთაო, ამბობს უფალი, მთელი ქვეყნის დამღუპველო; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგაქცევ და გადაბუგულ მთად გაგხდი.
26ქვასაც ვერ აკრეფენ შენგან კუთხისთვის და ვერც საძირკვლისთვის, რადგან სამუდამოდ გაუდაბურდები, ამბობს უფალი.
27აღმართეთ ბავრაყი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ ბუკს ხალხთა შორის, დაულოცეთ ხალხები მასთან საბრძოლველად, შეჰყარეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინის და აშქენაზის სამეფოები, დაადგინეთ სარდალი მის წინააღმდეგ, მიუსიეთ ცხენები ჯაგარაშლილ კალიასავით.
28დალოცეთ მის წინააღმდეგ ხალხები, მიდიის მეფენი, მისი ნაცვალნი და ყოველი მისი მთავარი, მისი საბრძანებლის ყოველი ქვეყანა.
29ირყევა მიწა და იკრუნჩხება, რადგან ეწია ბაბილონს უფლის განზრახვა, რომ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა და გააუკაცუროს.
30შეწყვიტეს ბრძოლა ბაბილონის მეომრებმა; ჩამსხდარან ციხე-სიმაგრეებში, დაშრეტილია მათი ძალა, დიაცებად არიან ქცეულნი, გადამწვარია მათი სამყოფელნი, დალეწილია მათი ურდულები.
31შიკრიკს შიკრიკი მისდევს, მაცნეს მაცნე მისდევს, რომ ამცნოს ბაბილონის მეფეს, რომ აღებულია ქალაქი ყოველის მხრიდან.
32ფონები დაჭერილია და ლელიანები ცეცხლში იწვის, მეომრებს თავზარი აქვთ დაცემული.
33რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ბაბილონის ასული გასალეწად გამზადებული კალოა; ცოტაც და, დადგება მისი მომკის ჟამი.
34შემჭამა, დამღეჭა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, ცარიელ ჭურჭლად მაქცია. გადამყლაპა გველეშაპივით, აივსო შიგანი ჩემი ძვირფასეულობით და ამომანთხია.
35ჩემი გათელვა და ჩემი ხორცი ბაბილონზეა, ამბობს სიონის მკვიდრი. ჩემი სისხლი ქალდეველებზეა, ამბობს იერუსალიმი.
36ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავიცავ შენს სამართალს და შენს გამო ვიძიებ შურს; ამოვაშრობ მის ზღვას და დავუშრეტ წყაროს.
37ნანგრევებად იქცევა ბაბილონი, ცურების ბუნაგად, უდაბურ და სასტვენელ ადგილად, და არავინ იცხოვრებს იქ.
38ლომებივით მოჰყვებიან ღრიალს ერთიანად, აბდღვინდებიან ლომის ბოკვერებივით.
39როცა გახურდებიან, ლხინს გავუმართავ და დავათრობ, რომ გახალისდნენ და დაიძინონ სამუდამო ძალით, რომ აღარ გაიღვიძონ, ამბობს უფალი.
40ჩავრეკავ ბატკნებივით დასაკლავად, ერკემლებივით ვაცებთან ერთად.
41როგორ დატყვევდა შეშაქი, როგორ დაიპყრეს მთელი ქვეყნის დიდება! როგორ დაიქცა ბაბილონი ხალხთა შორის!
42ზღვა აღდგა ბაბილონზე, მისმა ბობოქარმა ზვირთებმა შთანთქეს იგი.
43მისი ქალაქები უდაბნოდ იქცა, ხრიოკ მიწად და ტრამალად, სადაც კაციშვილი არ ცხოვრობს და ადამის ძეს არ გაუვლია.
44მოვიკითხავ ბელს ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ შთანთქმულს და ხალხები შეწყვეტენ მისკენ დენას; ბაბილონის კედლებიც დაეცემა.
45გაერიდე მას, ჩემო ერო, თავს უშველე უფლის რისხვისაგან.
46ნუ შეგიდრკებათ გული და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, რომელიც გავარდება ქვეყანაზე. მოვა ხმა ერთ წელს და ამის შემდეგ სხვა წელს სხვა ხმა მოვა. ძალადობა იქნება ქვეყანაზე, მბრძანებელი მბრძანებლის წინააღმდგგ აღდგება.
47ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი და დავსჯი ბაბილონის კერპებს, სირცხვილში ჩავარდება მთელი მისი ქვეყანა და დახოცილნი ეყრებიან მის შუაგულში.
48იყიჟინონ ბაბილონზე ცამ და მიწამ და ყველაფერმა, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან შეესევიან მას მაოხარნი, ამბობს უფალი.
49როგორც ბაბილონმა დასცა ისრაელის დახოცილნი, ასე ბაბილონშიც დაეცემიან მთელი ქვეყნის დახოცილნი.
50ილტვოდეთ, მახვილს გადარჩენილნო, ნუ დადგებით! შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ.
51გვრცხვენოდა, გინება რომ გვესმოდა; სირცხვილი ფარავდა ჩვენს სახეს, როცა უცხო თესლი მოადგა უფლის სახლის საწმიდარებს.
52რადგან, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავსჯი მის კერპებს და მთელს მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
53თუმცა ცად აღზევდა ბაბილონი, თუმცა ზესკნელში დაამყარა თავისი სიმაგრე, ჩემგან მიუვლენ მაოხარნი, ამბობს უფალი.
54ხმა მოთქმისა გაისმის ბაბილონიდან და დიდი დაქცევისა ქალდეველთა ქვეყნიდან.
55რადგან მოაოხრებს უფალი ბაბილონს და ჩაუხშობს ამპარტავნულ ხმას. ახმაურდებიან მათი ტალღები დიდი წყლებივით, გაისმება მათი გრიალის ხმა.
56რადგან დაეცემა მას, ბაბილონს, მაოხარი და შეპყრობილ იქნებიან მისი მეომრები; დაილეწება მათი მშვილდები, რადგან შურისგების ღმერთია უფალი, მიუზღავს საზღაურს.
57დავათრობ მის მთავრებს და მის ბრძენებს, მის ნაცვლებს, მის განმგებლებს და მის მეომრებს; დაიძინებენ საუკუნო ძილით და ვერასოდეს გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
58ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის ფართო კედლები შეირყევა და მაღალი კარიბჭენი ცეცხლში გადაიბუგება. არაფრისთვის იშრომეს ხალხებმა და ცეცხლის გულისთვის დაშვრენ ტომები.
59სიტყვა, რომვლიც უანდერძა იერემია წინასწარმეტყველმა სერაიას ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, როცა ის ციდკიაჰუსთან, იუდას მეფესთან, ბაბილონში მიდიოდა, მისი მეფობის მეოთხე წელს (სერაია მესაწოლეთუხუცესი იყო).
60ჩასწერა იერემიამ ერთ წიგნში ყველა უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დატყდომოდა, ყველა ეს სიტყვა, ბაბილონის გამო დაწერილი.
61უთხრა იერემიამ სერაიას: ბაბილონში შენი მისვლისას, იცოდე, წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.
62თქვი: უფალო, შენ გიბრძანებია ამ ადგილის გამო, რომ განადგურებ მას, ისე რომ არავინ დარჩება იქ ადამიანიდან პირუტყვამდე, რადგან სამუდამო უდაბნოდ იქცევა.
63როცა დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი ქვა და შუაგულ ევფრატში ჩააგდე.
64თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ აღდგება იმ უბედურებისგან, რომელსაც თავზე დავათევ, და გაუწყდებათ ილაჯი.
Next