Eleos

Contents

თავი - 50

Previous
1სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა ბაბილონზე, ქალდეველთა ქვეყანაზე, წინასწარმეტყველ იერემიას პირით:
2გამოაცხადეთ ხალხებში და ასმინეთ, აღმართეთ დროშა, ასმინეთ, არ დაფაროთ, თქვით: აღებულია ბაბილონი, გაწბილებულია ბელი, დამხობილია მეროდაქი. გაწბილდნენ მისი კერპები, დამხობილია მისი ქანდაკებები.
3რადგან მოადგა მას ხალხი ჩრდილოეთიდან, რომ უდაბნოდ აქციოს მისი ქვეყანა და აღარ იყოს მცხოვრები მასში, კაციდან პირუტყვამდე ყველანი წავლენ, გადაიხვეწებიან.
4იმ დღეე ში და იმხანად, ამბობს უფალი, მოვლენ ისრაელიანები და იუდიანები, ერთად მოჰყვებიან გამუდმებით ტირთლს და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
5სიონის გზას იკითხავენ, აქეთ ექნებათ პირი; მოვლეს, რომ შეეკრან უფალს საუკუნო, დაუვიწყარი აღთქმით.
6დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა აურიეს გზაკვალი, მთებზე ახეტიალებენ; მთიდან გორაკებზე გადადიან, თავისი საძოვარი დაივიწყეს.
7ყოველი მათი მპოვნელი ჭამს მათ და მათი მტრები ასე ამბობენ: ჩვენ ბრალი არა გვაქვს, რადგან მათ შესცოდეს უფალს - სიმართლის სამყოფელს და უფალს - მათი მამა-პაპის იმედს.
8გადაიკარგეთ ბაბილონიდან და გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ერკემლებად იქმენით ფარის წინ.
9რადგან, აჰა, აღვძრავ და მივაყენებ ბაბილონზე დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და ტყვედ ჩავარდება. მათი ისრები გამოცდილი მებრძოლებია, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან.
10ნადავლად გადიქცევა ქალდეველთა ქვეყანა, ყოველი დამტაცებელი მისი გაძღება, ამბობს უფალი.
11რადგან მხიარულობთ, რადგან ხალისობთ, ჩემი სამკვიდროს მძარცველებო; რადგან კუნტრუშობთ ხბოსავით მწვანეზე და ცხენებივით ჭიხვინებთ.
12დიდად გაწბილდა თქვენი დედა, შერცხვენილია თქვენი მშობელი. აჰა, ხალხების მომავალი: უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი!
13უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება, ერთიანად გაუდაბურდება ყველა, ვინც ჩაუვლის ბაბილონს, შეძრწუნდება და დაუსტვენს, მის წყლულების შემხედვარე.
14გარსშემოეწყვეთ ბაბილონს, ვინც ხართ მშვილდის მომზიდველნი! დაუშინეთ, ნუ დაგენანებათ ისრები, რადგან შესცოდა უფალს.
15დაეცით ყიჟინა მის ირგვლივ; ხელი ჩამოუშვა, გადაიქცნენ მისი ბურჯები, ჩამოიქცნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა. მიაგეთ შური, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით.
16ამოკვეთეთ მთესველი ბაბილონიდან და ნამგლის დამჭერი მკათათვეში. შემმუსვრელის მახვილისგან ყველამ თავის ხალხს შეაფაროს თავი და ყველა თავისი ქვეყნისკენ გაიქცეს.
17გაბნეული ცხვარია ისრაელი, ლომმა დაფანტა; ჯერ აშურის მეფე ჭამდა მას, ბოლოს ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაუმტვრია ძვალი.
18ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც აშურის მეფე დავსაჯე.
19დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე და იბალახებს ქარმელზე და ბაშანზე; ეფრემის მთებში და გალაადში განცხრება მისი სული.
20იმ დღეებში და იმხანად, ამბობს უფალი, მოიკითხება ისრაელის ბრალი და აღარ იქნება; იუდას - ცოდვა და არ აღმოჩნდება, რადგან ყველას ვაპატიებ, ვისაც კი დავარჩენ.
21დაეცი მერათაიმის ქვეყანას და ფეკოდის მცხოვრებთ; გაანადგურე და ააოხრე მათ უკან ყველაფერი, ამბობს უფალი; ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გიბრძანე.
22ბრძოლის ხმა ისმის ქვეყანაში და დიდია დაქცევა!
23როგორ გადატყდა და დაილეწა მთელი ქვეენის ურო! როგორ გაიქცა შესაზარად ბაბილონი ხალხთა შორის!
24მახე დაგიგე და გაები კიდეც, ბაბილონო, შენ კი ვერც მიხვდი, მოგძებნეს და შეგიპყრეს კიდეც, რადგან უფალს აუჯანყდი.
25გახსნა უფალმა თავისი საგანძური და გამოიტანა თავისი რისხვის საჭურველი; რადგან სამსჯავრო საქმე აქვს უფალს, ცაბაოთ ღმერთს, ქალდეველთა ქვეყანაში.
26შედით იქ ქვეყნის ყოველი კუთხიდან, გახსენით მისი ბეღლები, ძნასავით გალეწეთ და ააოხრეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს!
27მახვილს მიეცით მისი ხარები, ჩავიდნენ სასაკლაოდ! ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე, მათი განკითხვის ჟამი!
28აჰა, მოისმის ხმა გაქცეულთა და ლტოლვილთა ბაბილონის ქვეყნიდან, რომ ემცნოს სიონზე უფლის, ჩვენის ღვთის შურისგების ამბავი, შურისგებისა მისი ტაძრის გამო!
29შეჰყარეთ მოისარნი ბაბილონის წინააღმდეგ, ყოველი მშვილდის მომზიდველი; გარს შემოადექით, არავინ გაგექცეთ; მიუზღეთ მისი საქმისაებრ; როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით; რადგან უფალს გაუმედიდურდა, ისრაელის წმიდას.
30ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკები ქუჩებში და ყველა მისი მეომარი დადუმდება ამ დღეს, ამბობს უფალი.
31აჰა, მოვდივარ შენზე, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი; რადგან დადგა შენი დღე, შენი განკითხვის ჟამი!
32წაფორხილდება მედიდური და დაეცემა; არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს წავუკიდებ მის ქალაქებს და შეჭამს მის შემოგარენს.
33ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დათრგუნული არიან ისრაელიანები და იუდიანებიც; მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამატყევართ, არ უნდათ მათი გაშვება.
34მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი; ცაბაოთ უფალია მისი სახელი. ის გაიკითხავს მათ საქმეს, რათა ქვეყანას შვება მისცეს და შეაძრწუნოს ბაბილონის მცხოვრებნი.
35მახვილი ქალდეველებს, ამბობს უფალი, და ბაბილონის მცხოვრებთ, მის მთავრებს და მის ბრძენკაცებს!
36მახვილი მისნებს და შეიშლებიან, მახვილი ვაჟკაცებს და დაფრთხებიან!
37მახვილი მის ცხენებს და მის ეტლებს, მის ჭრელ ხალხს და დიაცებად გადაიქცევიან! მახვილი მის საგანძურებს და გაიძარცვებიან!
38გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ კერპებისგან!
39ამიტომ დაიბუდებენ იქ უდაბნოს მხეცები ტურებთან ერთად და სირაქლემები დაიბუდებენ; უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.
40როგორც დააქცია ღმერთმა სოდომ-გომორი და მათი დაბები, ამბობს უფალი, ასევე ერთი კაციც არ დასახლდება იქ და კაციშვილი არ იცხოვრებს მასში.
41აჰა, ხალხი დაიძრა ჩრდილოეთიდან, დიდი ტომი; ძლიერი მეფეები აღდგებიან ქვეყნის კიდეებიდან.
42მშვილდი და შუბი უპყრიათ ხელში; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; მათი ხმა ზღვის ღრიალია, ცხენებზე სხედან; როგორც ერთი კაცი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!
43მოესმა ბაბილონის მეფეს მათი ამბავი და დაუძაბუნდა ხელი; ტკივილმა შეიპყრო, კრუნჩხვამ მშობიარე ქალივით.
44აჰა, ლომივით წამოვიდა იორდანეს შამბნარიდან საძოვრებისკენ; ერთ წამს გავაქცევ მათ მისგან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი და ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსი დამიდგება წინ?
45ამიტომ გაიგონეთ უფლის განაჩენი, რომელიც განუჩინა ბაბილონს, და მისი ზრახვანი, ქალდეველთა ქვეყნის წინააღმდეგ რომ განიზრახა! თუ არ წაათრიონ ჯოგის პატარებმა, თუ არ დაუმხონ თავზე ბინები!
46მოვა ბაბილონის აღების ამბავი. და შეძრწუნდება ქვეყანა, კივილის ხმა გაისმება ხალხებში.
Next