Eleos

Contents

თავი - 52

Previous
1ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისის სახელი იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
2უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში ისევე, როგორც იეჰოიაკიმი იქცეოდა.
3ამიტომ უფლის რისხვა იყო იერუსალიმზე და იუდაზე იქამდე, რომ მოიშორა ისინი თავისი პირიდან. აუჯანყდა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.
4მისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს, თვის ათში, წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმზე და გარსშემოეწყო მას, მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.
5ალყაში იყო ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე.
6მეოთხე თვეს, თვის ცხრაში, გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და არ იყო პური ქვეყნის ერისთვის.
7გაანგრიეს ქალაქი და მთელი მხედრობა გაიქცა და გავიდა ქალაქიდან ღამით იმ კარიბჭით, ორ კედელს შუა რომ არის, მეფის ბაღთან (ქალდეველები კი ქალაქს ერტყნენ), და დაადგნენ უდაბნოს გზას.
8დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და მიეწივნენ ციდკიაჰუს იერიხონის ვაკეებზე, და გაეფანტა მთელი ლაშქარი.
9შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, ჰამათის ქვეყანაში, და გამოუტანა განაჩენი.
10თვალწინ დაუკლა ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიაჰუს და იუდას ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში.
11ციდკიაჰუს თვალები დათხარა, ბორკილები დაადო, წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონს, საპყრობილეში.
12მეხუთე თვეს, თვის ათში - ეს იყო ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მეცხრამეტე წელი - მოვიდა ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცეხი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი, იერუსალიმში.
13გადაწვა უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა.
14მთელი კედელი იერუსალიმისა ირგვლივ დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონადაქართუხუცესს ახლდა.
15ერის ღატაკთაგანნი, ერის დანაშთომი, რომელიც ქალაქში დარჩა, ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულნი და დანარჩენი სიმრავლე ხალხისა გადაასახლა ნებუზარადანმა ქონდაქართუხუცესმა.
16ქვეყნის მდაბიორთაგან ნაწილი დასტოვა ნებუზარადინმა, ქონდაქართუხუცესმა, მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად.
17სპილენძის სვეტები, უფლის სახლს რომ ჰქონდა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იყო, დალეწეს ქალდეველებმა და მთელი მათი სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.
18ქვაბები, აქანდაზები, დანები, თასები, კოვზები და ყოველი სპილენძის ჭურჭელი, სამსახურებელი, გაზიდეს.
19თეფშები, მარწუხები, სასხურებლები, ქვაბები, ლამპრები, სასაკმეველები, საწდები, რაც ოქროსი და ვერცხლის იყო, გაზიდა ქონდაქართუხუცესმა.
20ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი ხარი სპილენძისა საკვარცხლბეკედ, რომლებიც მეფე სოლომონმა გააკეთა უფლის სახლისთვის - ამ ჭურჭლის სპილენძს წონა არ ჰქონდა.
21თითოეული სვეტი თვრამეტი წყრთა იყო სიმაღლით და თორმეტი წყრთა ძაფი ჰქონდა ირგვლივ შემოვლებული; სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა და ღრუ იყო.
22სპილენძის გვირგვინი მათზე, გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; ცხაური და ბროწეულები გვირგვინზე ირგვლივ - ყველაფერი სპილენძისა; ასეთივე იყო მეორე სვეტი ბროწეულებითურთ.
23ბროწეულები ოთხმოცდათექვსმეტი იყო ყოველ მხარეს; სულ ასი იყო ბროწეული ცხაურზე, ირგვლივ.
24წაიყვანა ქონდაქართუხუცესმა სერაია მღვდელმთავარი და სოფონია, მეორე მღვდელი, და სამი ზღურბლის მცველი.
25ქალაქიდან წაიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მეომართა ზედამხედველად იყო, შვიდი კაცი, მეფის პირის მჭვრეტელი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ, მთავარი მწერალი მხედართმთავრისა, ქვეყნის ერის ჯარში გამწვევი, და სამოცი კაცი ქვეყნის ერიდან, ვინც ქალაქში აღმოჩნდნენ.
26წაიყვანა ისინი ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა და მიჰგვარა ისინი ბაბილონის მეფეს რიბლაში.
27დასაჯა ისინი ბაბილონის მეფემ და მოაკვდინა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. გადასახლდა იუდა თავისი მიწა-წყლიდან.
28აჰა, ხალხი, რომელიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა: მეშვიდე წელს სამიათას ოცდასამი იუდაელი.
29ნაბუქოდონოსორის მეჩვიდმეტე წელს იერუსალიმიდან რვაას მეტი სული.
30ნაბუქოდონოსორის ოცდამესამე წელს გადაასახლა ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა შვიდასორმოცდახუთი სული იუდაელი; სულ ორმოციათას ექვსასი სული.
31იუდას მეფის იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვეს, თვით ოცდახუთში, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს თავი აუწია იეჰოაქინს, იუდას მეფეს, და გამოიყვანა ის სატუსაღოდან.
32კეთილად ელაპარაკა მას და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მას ახლდნენ ბაბილონში.
33გამოიცვალა სატუსაღო სამოსი და სულმუდამ მის წინაშე ჭამდა პურს, ვიდრე ცოცხალი იყო.
34შეუწყვეტელი სარჩო ეძლეოდა ბაბილონის მეფისგან ყოველდღიურად სიკვდილის დღემდე, ვიდრე ცოცხალი იყო.
Next