Eleos

Contents

თავი - 43

Previous
1როცა ბოლომდე გამოუცხადა იერემიამ ხალხს უფლის, მათი ღვთის სიტყვები, რაც დააბარა მას უფალმა, მათმა ღმერთმა მათთვის სათქმელად,
2მაშინ უთხრეს ყაზარია ჰოშაყიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და სხვა ამპარტავანმა ხალხმა იერემიას: ტყუილს ლაპარაკობ. არ დაუბარებია შენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს, ნუ წახვალთო ეგვიპტეში დასარჩენად.
3არამედ ბარუქ ნერიას ძემ წაგაქეზა ჩვენს წინაღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვაგდოს, რომ ამოგვწყვიტონ ან ბაბილთნში გადაგვასახლონ.
4არ ისმინეს იოხანან კარეახის ძემ და მხედართმთავრებმა უფლის ხმა, რომ ქვეყანაში დარჩენილიყვნენ.
5წაიყვანეს იოხანან ვარეახის ძემ და მხედართმთავრებმა იუდას ნატამალი, რომელიც იუდას ქვეყანაში დაბრუნდა საცხოვრებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული იყო -
6კაცები და ქალები, ბავშვები, მეფის ასულები და ყველა, ვინც ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, გედალია ახიკამის ძესთან, შაფანის ძესთან, დატოვა (მათ შორის იყვნენ იერემია და ბარუქ ნერიას ძე) -
7და გაემართნენ ეგვიპტის ქვეყნისკენ; არ გაიგონეს უფლის ხმა და თახფანხესში მივიდნენ.
8იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი თახფანხესში;
9აიღე ხელში დიდი ქვები და იუდაელთა თვალწინ ჩამარხე მოზელილ თიხაში, აგურის გამთსაწვავ ქურაში, ფარაონის სასახლის შესასვლელთან რომ არის, თახფანხესში.
10უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ვაგზავნი, რომ მოვაყვანინო ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ჩემი მორჩილი, რომ დავუდგა ტახტი ამ ქვებზე, რომლებიც მე ჩავმარხე. მის ზემოთ გადაშლის იგი თავის ჩარდახს.
11მოვა და დაამარცხებს ეგვიპტის ქვეყანას. ვინც სასიკვდილოა, მოკვდება; ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ წაიყვანენ; ვინც მახვილის წერაა, მახვილს მიეცემა.
12ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთების სახლებს; ის დაწვავს მათ და ტყვედ წაასხამს. გადაიცვამს ეგვიპტის ქვეყანას, როგორც მწყემსი თავის ტყაპუჭს და წავა იქიდან დამშვიდებით.
13დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ არის, და ცეცხლში დაწვავს ეგვიპტელი ღმერთების სახლებს.
Next