Eleos

Contents

თავი - 42

Previous
1მიადგნენ მხედართმთავრები - იოხანან კარეახის ძე, იეზანია ჰოშაყიას ძე და მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად,
2და უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: გევედრებით, ილოცე ჩვენთვის უფლის, შენი ღვთის მიმართ, მთელი ამ დანარჩომისთვის, რადგან მრავლიდან მცირენი დავრჩით, როგორც საკუთარი თვალით გვხედავ.
3გამოგვიცხადოს უფალმა, შენმა ღმერთმა, რა გზით ვიაროთ და როგორ მოვიქცეთ.
4უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: კეთილი. ახლა ვილოცებ უფლის, თქვენი ღვთის მიმართ, თქვენი თხოვნისამებრ, და ყველაფერს გამოგიცხადებთ, რასაც უფალი გიპასუხებთ, არაფერს დაგიმალავთ.
5უთხრეს იერემიას: უფალი იყოს ჭეშმარიტი და სარწმუნო მოწმე ჩვენს წინააღმდეგ, თუ ყველაფერი ისე არ შევასრულეთ, როგორც უფალი, შენი ღმერთი დაგაბარებს ჩვენთან.
6კარგი იქნება თუ ცუდი, დავუჯერებთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ვისთანაც ჩვენ გაგზავნით, რომ კეთილს ვეწიოთ. ნამდვილად დავუჯერებთ უფალს, ჩვენ ღმერთს.
7გავიდა ათი დღე და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ.
8დაუძახა იოხანან კარეახის ძეს, მასთან მყოფ მხედართმთავრებს და მთელს ხალხს დიდიან-პატარიანად,
9და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელთანაც თქვენ გამგზავნეთ, რათა თქვენი ვედრება მიმეტანა მის წინაშე:
10თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგნერგავთ და აღარ ამოგძირკვავთ, რადგან ვწუხვარ, რაც უბედურება დაგმართეთ.
11ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფისა, რომლისაც გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ მისი, ამბობს უფალი, რადგან თქვენთანა ვარ, რათა დაგიფაროთ და დაგიხსნათ მისი ხელიდან.
12მოვაფენ წყალობას თქვენზე და შეგიწყალებთ ის და თქვენს მიწაზე დაგაბრუნებთ.
13თუ იტყვით: არ დავრჩებითო ამ ქვეყანაში, არ დაუჯერებთ უფალს, თქვენს ღმერთს,
14იტყით: არა, ეგვიპტეში წავალთ, სადაც არც ომს ვნახავთ, არც ბუკის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივა, იქ დავრჩებითო,
15მაშინ ისმინე უფლის სიტყვა იუდას ნაგამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ მართლა გადაგიწყვეტიათ ეგვიპტეში წასვლა და კიდეც წახვედით იქ დასარჩენად,
16მახვილი, რომლისაც აქ გეშინიათ, ეგვიპტის ქვეყანაში მიგწვდებათ; და შიმშილი, რომელსაც აქ უფრთხით, ეგვიპტეშიც არ მოგცილდებათ და იქ დაიხოცებით.
17ყველა, ვინც კი ეგვიპტეში დასარჩენად წასვლას გადაწყვეტს, გაწყდება მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით; ვერავინ გადარჩება მათგან და ვერავინ გაექცევა უბედურებას, რასაც მათ დავათევ.
18რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: როგორც იერუსალიმზე გადმოინთხა ჩემი მძვინვარება და რისხვა, ასევე გადმოინთხევა ჩემი რისხვა თქვენზე, როცა ეგვიპტეში მიხვალთ. შესაჩვენებელი, შესაზარებელი, საგინებელი და შესარცხვენელი გახდებით და ვეღარასოდეს იხილავთ ამ ადგილს.
19თქვენზე ილაპარაკა უფალმა, იუდას ნატამალო. ნუ წახვალთ ეგვიპტეში. იცოდეთ, გამიფრთხილებიხართ დღეს.
20შეაცთენთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ გამგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან, ჩვენი გულისთვის ილოცეთ უფლის, ჩვენი ღვთის მიმართ, და როგორც უფალი , ჩვენი ღმერთი იტყვის, გამოგვიცხადე და ჩვენც ისე მოვიქცევითო.
21აჰა, გამოგიცხადეთ დღეს და არ გაიგონეთ უფლის, თქვენი ღვთის, ხმა და არც ის, რაც თქვენთან დამაბარა.
22ამიერიდან იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით გაწყდებთთ იმ ადგილზე, სადაც საცხოვრებლად წასვლა გინდათ.
Next