თავი - 41
Previous1მეშვიდე თვეს იყო, რომ მივიდნენ ისმაელი, ძე ნეთანიასი, ძისა ელიშამაყისა, მეფეთა ნათესავი და მეფის დიდებულები ათი კაცითურთ გედალია ახიკამის ძესთან მიცფას და ჭამეს იქ პური ერთად, მიცფაში.
2წამოიჭრნენ ისმაელ ნეთანიას ძე და მისი თანმხლები ათი კაცი და განგმირეს მახვილით გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა. მოკლეს კაცი, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ბაბილონის მეფეს ქვეყანა.
3ყველა იუდაელთ, ვინც კი გედალიასთან იყო მიცფაში და ქალდეველი ჯარისკაცები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, დახოცა ისმაელმა.
4გედალიას მკვლელობის მეორე დღეს, როცა კაციშვილმა არაფერი იცოდა,
5მოვიდა ხალხი შექემიდან, სილოამიდან და სამარიიდან - ოთხმოცი კაცი, წვერგაპარსულნი, ტანისამოსშემოგლეჯილნი და სახედაკაწრულნი, ძღვენითა და საკმევლით ხელში უფლის სახლისათვის.
6გამოეგება მათ ისმაელ ნეთანიას ძე მიცფადან, მოდიოდა და ტიროდა და, როცა მათ შეხვდა, უთხრა: შედით გედალია ახიკამის ძესთან!
7როცა შუაგულ ქალაქში შევიდნენ, ისინიც დახოცეს ისმაელ ნეთანიას ძემ და მასთან მყოფმა ხალხმა და ჭაში ჩაყარეს.
8აღმოჩნდა მათ შორის ათი კაცი, რომელთაც უთხრეს ისმაელს: ნუ დაგვხოცავთ, რადგან გადამალული გვაქვს ყანაში ხორბალი, ქერი, ზეთი და თაფლი. ისიც გაჩერდა და არ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად.
9ჭა, სადაც ისმაელმა გედალიას გამო დახოცილი ხალხის გვამები ჩაყარა, ის ჭა იყო, რომელიც მეფე ასამ ამოიღო ისრაელის მეფის, ბაყაშას შიშით. ის აავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით.
10დაატყვევა ისმაელმა მთელი დანარჩომი ხალხი, მიცფაში ვინც იყო: მეფის ასულები, მიცფაში დარჩენილი მთელი ხალხი, რომელიც გედალია ახკამის ძეს ჩააბარა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა. ისინი დაატყვევა ისმაელ ნეთანიას ძემ და წავიდა, რათა ყამონიანებთნ გადასულიყო.
11როცა გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა ისმაელ ნეთანის ძის ჩადენილი ბოროტმოქმედების ამბავი,
12თან იახლეს თავიანთი კაცები და გაემართნენ ისმაელ ნეთანთას ძის წინააღმდეგ საბრძოლველად და მონახეს იგი დიდ წყალსატევთან გაბაონში.
13როცა დაინახა ისმაელის თანმხლებმა ხალხმა იოხანან კარეახის ძე და მასთან მყოფი მხედართმთავრები, გაიხარა.
14და პირი იბრუნა ყველამ, ვინც მიცფადან ტყვედ ჰყავდა წამოყვანილი ისმაელს, გაბრუნდნენ და იოხანან კარეახის ძესთან მივიდნენ.
15ხოლო ისმაელ ნეთანიას ძე გაექცა რვა კაცითურთ იოხანანს და ყამონიანებთან გადავიდა.
16წაიყვანეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა მთელი დანარჩომი ხალხი, რომელიც ტყვედ წამოასხა მიცფადან ისმაელ ნეთანიას ძემ გედალია ახიკამის ძის მოკვლის შემდეგ, მათ შორის: მამაკაცები, მეომრები, ქალები და ბავშვები, საჭურისები, რომლებიც გაბაონიდან დააბრუნა.
17წავიდნენ და დადგნენ გერუთ-ქიმჰამთან, ბეთლემის მახლობლად, რომ ეგვიპტეში გადასულიყვნენ და
18გარიდებოდნენ ქალდეველებს; ეშინოდათ მათი, რადგან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ქვეყანა ბაბილონის მეფეს.
Next