Eleos

Contents

თავი - 44

Previous
1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ ნათქვამი ყველა იუდაელზე, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში ცხოვრობდა - მიგდოლში, თახფანხესში, ნოფში და ფათროსის მხარეში.
2ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ თავად ნახეთ ყველა უბედურება, რაც იერუსალიმს და იუდას ქალაქებს დავათიე. აჰა, უკვე დანგრეულია და უკაცრიელი
3იმ ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად ჩადიოდნენ, რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამა-პაპა იცნობდა.
4ვგზავნიდი მათთან ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, გამუდმებით ვგზავნიდი და ვაბარებდი: ნუ ჩაიდენთ სიბილწეს, რომელიც მე მძულს-მეთქი;
5მაგრამ არ გაიგონეს და ყური არ მათხოვეს, რომ მოქცეულიყვნენ ბოროტებისგან და აღარ ეკმიათ უცხო ღმერთებისთვის.
6გადმოინთხა ჩემი რისხვა და წყრომა, და მოედო იუდას ქალაქებს და იერუსალიმის ქუჩებს; ნანგრევებად იქცნენ და გაუდაბურდნენ, როგორც დღეს არის.
7ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რატომ სჩადიხართ დიდ ბოროტებას თქვენივე თავის წინააღმდეგ, რომ ამოგეძირკვოთ იუდადან მამრი და დედრი, ბავშვები და ძუძუმწოვრები, ისე რომ თქვენი ნატამალიც აღარ დარჩეს?
8რატომ მაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით, რომ უკმევთ უცხო ღმერთებს ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც საცხოვრებლად მოხვედით? რად გინდათ რთმ ამოიძირკვოთ და შესაჩვენებელი და შესარცხვენელი გახდეთ ქვეყნის ყველა ხალხს შორის?
9ხომ არ დაგვიწყნიათ ბოროტებანი, რომელთაც თქვენი მამა-პაპა, იუდას მეფეები, მათი ცოლები, თქვენ და თქვენი ცოლები სჩადიოდით იუდას ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში?
10დღემდე არ გამტყდარან და არ შეშინებულან, არ შედგომიან ჩემს რჯულსა და წესს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.
11ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, საუბედუროდ და ამოსაძირკვად მივაქცევ პირს მთელი იუდასკენ.
12ავიყვან იუდას ნატამალს, რომელმაც პირი მიაქცია ეგვიპტეში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად, და გაწყდება ყველა ეგვიპტის ქვეყანაში. დაეცემიან მახვილით და შიმშილით გაწყდებიან; დიდიან-პატარიანად მახვილით და შიმშილით დაიხოცებიან; შესაჩვენებელი, შესაზარებელი, შესაგინებელი და შესარცხვენელი გახდებიან.
13დავსჯი ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებლებსაც, როგორც იერუსალიმი დავსაჯე მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით.
14არავინ დარჩება იუდას ნატამალიდან, ვინც ეგიპტეში ჩავიდა საცხოვრებლად, რომ უკან დაბრუნდეს იუდას ქვეყანაში, საითკენაც ეწევა მათ გული, რომ დაბრუნდეს იქ დასასახლებლად; რადგან ვერავინ დაბრუნდება ლტოლვილთა გარდა.
15მაშინ კაცებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ მათი ცოლები უცხო ღმერთებს უკმევდნენ, და იქ დიდ ჯგუფად მდგარმა დედროვანმა - მთელმა ხალხმა, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში, ფათროსში ცხოვრობდა, მიუგეს იერემიას:
16არ ვაპირებთ დავუჯეროთ შენს სიტყვას, რაც უფლის სახელით გვითხარი,
17არამედ ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ. კვლავაც ვუკმევთ საკმეველს ცის დედოფალს და საღვრელს დავუღვრით, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. ვძღებოდით პურით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს.
18რაც ცის დედოფლისადმი კმევა შევწყვიტეთ და საღვრელს აღარ ვუღვრით, ყველაფერი დაგვაკლდა და მახვილით და შიმშილით ვიხოცებით.
19როცა ვუკმევთ ცის დედოფალს და საღვრელს ვუღვრით, განა ჩვენი ქმრების უჩუმრად ვუცხობთ მოხატულ კვერებს და ვუღვრით საღვრელს?
20უთხრა იერემიამ მთელს ხალხს - მამროვანს და დედროვანს, და ყველას, ვინც ამგვარად უპასუხა მას:
21განა არ გაიხსენა უფალმა, განა არ მოაგონდა, რომ აკმევდით თქვენ და თქვენი მამა-პაპა, თქვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქაჩებში?
22აღარ შეეძლო უფალს მოეთმინა თქვენი ავი საქმეები და სისაძაგლენი, რასაც სჩადიოდით, და შეიქნა თქვენი ქვეყანა უდაბური, გატიალებული, დაწყევლილი და უკაცრიელი, როგორც დღეს არის.
23იმის გამო, რომ აკმევდით და სცოდავდით უფალს, არ გესმოდათ უფლის ხმა და არ მისდევდით მის რჯულს, მის წესებს და დარიგებებს. ამის გამო გეწიათ თქვენ ეს უბედურება, დღეს რომ გჭირთ.
24უთხრა იერემიამ მთელს ხალხს და მთელს დედროვანს: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც კი ხართ ეგვიპტის ქვეყანაში.
25ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დედროვანო რასაც თქვენი ბაგეები ამბობდნენ, თქვენი ხელებიც იმას აკეთებდნენ: აღთქმები უნდა შევასრულოთ, უნდა ვუკმიოთ ცის დედოფალს და საღვრელი უნდა დავუღვაროთო! კარგადაც დაგიცავთ აღთქმები, ბეჯითად შეგისრულებიათ!
26ამიტომ ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყნად მცხოვრებო! აჰა, ჩემს დიად სახელს ვფიცავ, ამბობს უფალი, თუ ამიერიდან ერთმა იუდაელმა მაინც ახსენოს მთელს ეგვიპტეში ჩემი სახელი, ისე უფალმა იცოცხლოსო.
27აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიზრუნებ თქვენზე, არა სასიკეთოდ, და მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაილევა ეგვიპტეში მყოფი ყველა იუდაელი, ვიდრე საბოლოოდ არ დაილევიან.
28მახვილს გადარჩენილნი, ძალზე მცირენი, დაბრუნდებიან ეგვიპტიდან იუდას ქვეყნად; მაშინ გაიგებს იუდას ნატამალი, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, საცხოვრებლად, ვისი სიტყვა ახდება: ჩემი თუ მათი?
29ეს იყოს იმის ნიშნად, ამბობს უფალი, რომ დაგსჯით ამ ადგილზე, რათა იცოდეთ, რომ უსათუოდ ახდება ჩემი სიტყვები თქვენდა საუბედუროდ.
30ასე თქვა უფალმა: აჰა, ჩავაგდებ ფარაონ ხოფრას, ეგვიპტის მეფეს, მისი მტრებისა და მესისხლეების ხელში, როგორც ციდკია იუდას მეფე ჩავაგდე ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის - მისი მტრისა და მესისხლის ხელში.
Next