Eleos

Contents

თავი - 38

Previous
1გაიგონეს შეფატია მათანის ძემ, გედალია ფაშხურის ძემ, იუქალ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას ძემ სიტყვები, რომელსაც იერემია ეუბნებოდა ხალხს.
2ასე ამბობს უფალი: ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება, ხოლო ვინც გადავა ქალდეველებთან, გადარჩება. ნადავლად საკუთარი სიცოცხლე ექნება და იცოცხლებს.
3ასე ამბობს უფალი: ბაბილონის მეფის ლაშქარს ჩაუვარდება ხელში ეს ქალაქი და დაიპყრობს მას ბაბილონის მეფე.
4უთხრეს მთავრებმა მეფეს: სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს კაცი იმის გამო, რომ იმედს უკარგავს ამ ქალაქში დარჩენილ მეომრებს და მთელს ხალხს ამგვარი ლაპარაკით. რადგან მშვიდობას კი არ ეძებს ეს კაცი ამ ხალხისთვის, არამედ უბედურებას.
5თქვა მეფე ციდკიამ: აჰა, თქვენს ხელშია იგი. რადგან არაფერი შეუძლია, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენს წინააღმდეგ?
6აიყვანეს იერემია და ჩააგდეს უფლისწულ მალქიას ჭაში, საყარაულო ეზოში რომ იყო. ბაწრებით ჩაუშვეს შიგ იერემია. წყალი არ იდგა ჭაში, მხოლოდ შლამი იყო და ჩაეფლო იერემია შლამში.
7გაიგო ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა საჭურისმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, რომ ჭაში ჩააგდეს იერემია. მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა.
8გამოვიდა ყებედ-მელექი მეფის სასახლიდან და ასე უთხრა მეფეს:
9მეფე-ბატონო! დააშავეს ამ კაცებმა, ასე რომ მოექცნენ იერემია წინასწარმეტყველს, ჭაში რომ ჩააგდეს; ხომ მოკვდა შიმშილით, რადგან პური აღარ არის ქალაქში.
10ასე უბრძანა მეფემ ყებედ-მელექს, ეთიოპელს: წაიყვანე აქედან ოცდაათი კაცი და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი ჭიდან, ვიდრე არ მომკვდარა.
11წაიტანა ყებედ-მელექმა კაცები და წავიდა მეფის სასახლეში, საგანძურს ქვეშ, მოკრიფა ძონძები და ძველმანი სამოსელი და თოკები ჩაუგზავნა ჭაში იერემიას.
12უთხრა ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა, იერემიას: იღლიების ქვეშ ამოიფინე ეს ძონძები და ძველმანები თოკებად. ასეც მოიქცა იერემია.
13ამოათრიეს იერემია თოკებით და ამოიყვანეს ჭიდან. და დარჩა იერემია საყარაულო ეზოში.
14გაგზავნა კაცი მეფე ციდკიამ და მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი თავისთან, უფლის სახლის მესამე შესასვლელთან, და უთხრა მეფემ იერემიას: ერთ რამეს შეგეკითხები, არაფერი დამიმალო.
15უთხრა იერემიამ ციდკიას: თუ გაგიმხილე, ხომ სიკვდილით დამსჯი? და თუ გირჩიე რამე, მაინც არ გამიგონებ.
16საიდუმლოდ დაუფიცა იერემიას მეფე ციდკიამ და უთხრა: უფალს გეფიცები, რომელმაც ეს სული ჩაგვიდგა, თუ სიკვდილით დაგსაჯო ან თუ იმათ ხელში ჩაგაგდო, შენი სიკვდილი რომ სწადიათ.
17უთხრა იერემიამ ციდკიას: ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, სიცოცხლეს იხსნი და ეს ქალაქიც არ დაიწვება ცეცხლში. შენც გადარჩები და შენი სახლიც.
18თუ არ ჩაბარდები ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა ხელში ჩავარდება ეს ქალაქი და ცეცხლში დაწვავენ. ვერც შენ წაუხვალ მათ ხელიდან.
19უთხრა მეფე ციდკიამ იერემიას: იუდაელებისა მეშინია, ქალდეველთა მხარეზე რომ არიან გადასული. მათ ხელთ არ მიმცენ, რომ შეურაცხმყონ.
20უთხრა იერემიამ: არ მიგცემენ. ოღონდ ყური დაუგდე უფლის ხმას, რასაც მე გელაპარაკები, და კარგად წაგივა საქმე, თავს გადაირჩენ.
21თუ არ ისურვებ დანებებას, აჰა, ეს სიტყვა, რომელიც გამომიცხადა უფალმა:
22აჰა, ყველა ქალს, ვინც იუდას მეფის სასახლეში დარჩა, ბაბილონის მეფის სარდლებს მიჰგვრიან. იტყვიან ქალები: მოგატყუეს და გძლიეს შენმა კეთილისმყოფელება, ლიაში ჩაგეფლა ფეხი, მათ კი მიგატოვეს და წავიდნენ.
23ყველა შენს ცოლს და შვილს ქალდეველებს მიჰგვრიან; ვერც შენ გაექცევი მათ, რადგან ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები და ეს ქალაქიც ცეცხლში დაიწვება.
24უთხრა ციდკიამ იერემიას: კაცისშვილმა არ უნდა იცოდეს ეს ამბავი, თუ სიკვდილი არ გინდა.
25თუ მთავრებმა გაიგეს ჩვენი ლაპარაკი, მოვიდნენ შენთან და გკითხეს: გვითხარი, რას ელაპარაკებოდი მეფეს, არ დაგვიმალო, თუ სიკვდილი არ გინდა, ან მეფე რას გელაპარაკებოდაო,
26მიუგე: ჩემი მუდარა მოვახსენე მეფეს, რომ აღარ დამაბრუნონ-თქო იონათანის სახლში და არ მოვკვდე-თქო იქ.
27მოვიდნენ მთავრები იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს. მანაც ყველაფერი ისე მოახსენა მათ, როგორც მეფისგან ჰქონდა ნაბრძანები. ხმა აღარ გასცეს, რადგან ვერაფერი გაიგეს.
28იჯდა იერემია საყარაულო ეზოში იერუსალიმის აღებამდე და იერუსალიმის აღების შემდეგაც.
Next