Eleos

Contents

თავი - 37

Previous
1გამეფდა ქონია იეჰოაკიმის ძის ნაცვლად ციდკია იოშიას ძე, რომელიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გაამეფა იუდას ქვეყანაში.
2არ ესმოდათ არც მას, არც მის მორჩილებს, არც მდაბიო ხალხს უფლის სიტყვები, რომელსაც იერემია წინასწარმეტყველის ხელით აცხადებდა იგი.
3მიუგზავნა მეფე ციდკიამ იეჰუქალ შელემიას ძე და სოფონია მაყასეს ძე, მღვდელი, იერემია წინასწარმეტყველს, შეუთვალა: შეევედრე ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს.
4მაშინ თავისუფლად მიდი-მოდიოდა იერემია, ჯერ კიდევ არ დაემწყვდიათ საპყრობილეში.
5ამასობაში გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან და გაიგეს ეს ამბავი იერუსალიმზე მიმდგარმა ქალდეველებმა და მოხსნეს ალყა.
6იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი;
7ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ შესაკითხად: აჰა, თავის ქვეყანაში, ეგვიპტეში, დაბრუნდება ფარაონის ლაშქარი, თქვენს დასახმარებლად რომ გამოვიდა.
8მობრუნდებიან ქალდეველები, შეუტევენ ამ ქალაქს, აიღებენ და ცეცხლში დაწვავენ.
9ასე ამბობს უფალი: თავს ნუ მოიტყუებთ, უეჭველად გაგვეცლებიანო ქალდეველები, რადგან არ გაგეცლებიან.
10კიდეც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა მთელი ლაშქარი, თქვენ რომ გიტევთ, და მხოლოდ დაჭრილებიღა დარჩნენ მათგან თავ-თავის კარვებში, ისინი მაინც წამოდგებიან და გადაწვავენ ამ ქალაქს.
11როცა ქალდეველთა ლაშქარი ფარაონის ლაშქრის შიშით გაეცალა იერუსალიმს,
12დააპირა იერემიამ იერუსალიმიდან გასვლა, რომ წასულიყო ბენიამინის მხარეში, რათა იქ ხალხში წილი დაედო.
13ბენიამინის კარიბჭესთან რომ მივიდა, იქ დახვდა საყარაულოს უფროსი, სახელად ირია ძე შელემიასი, ძე ხანანიასი, და მან შეიპყრო იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა: ქალდეველებთან გადადიხარო!
14მიუგო იერემთამ: ტყუილია. არ გადავდივარ ქალდეველებთან. მაგრამ არ დაუჯერა ირიამ იერემიას, შეიპყრო იგი და მთავრებთან მიიყვანა.
15გაურისხდნენ მთავრები იერემიას, სცემეს და ჩააგდეს საპატიმროში, იონათან მწერლის სახლში, რადგან სატუსაღო სახლად ჰქონდათ იგი.
16როცა იერემია ჩავიდა დილეგში და კარგა ხანი დაჰყო იქ,
17გაგზავნა მეფე ციდკიამ კაცი, მოაყვანინა იგი და შეეკითხა თავის სახლში საიდუმლოდ: არის სიტყვა უფლისაგან? მიუგო იგრემიამ: არის. ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები.
18უთხრა იერემიამ მეფე ციდკიას: რა დაგიშავე ან შენ ან შენს მორჩილებს, ან ამ ხალხს, სატუსაღოში რომ ჩამაგდეს?
19სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომ გიწინასწარმეტყველებდნენ: არ დაგეცემათ თქვენ და ამ ქვეყანას ბაბილონის მეფეო?
20ახლა ისმინე, მეფე-ბატონო, მოგწვდეს ჩემი მუდარა: ნუ დამაბრუნებ იონათან მწერლის სახლში მოსაკვდავად.
21ბრძანა მეფე ციდკიამ და ჩააბარეს იერემია საყარაულო ეზოში, და აძლევდნენ ყოველდღიურად ერთ პურის კოკორს ხაბაზთა რიგიდან, ვიდრგ არ გათავდა პურის მარაგი ქალაქში. და ასე იჯდა იერემია საყარაულო ეზოში.
Next