Eleos

Contents

თავი - 34

Previous
1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი, როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრითურთ, მისი ხელქვეითი სამეფოები და ხალხები უტევდნენ იერუსალიმს და მის დაბებს.
2ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას მეფეს, ციდკიას, უთხარი მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დასწვავს მას.
3თავად შენ ვერ დაუსხლტები ხელიდან, არამედ შეგიპყრობენ და ხელში ჩაუვარდები. შენი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს და მისი ბაგე ილაპარაკებს შენს ბაგესთან. წახვალ ბაბილონში.
4მაინც ისმინე უფლის სიტყვა, ციდკია, იუდას მეფევ! ასე ამბობს უფალი შენზე: მახვილით სიკვდილი არ გიწერია.
5მშვიდად მოკვდები და, როგორც შენს მამა-პაპას, შენს წინამორბედ მეფეებს, უკმევდნენ საკმეველს, ასევე შენც დაგიკმევენ და, ვაი, ბატონოო, დაგიტირებენ. ნამდვილად ახდება ჩემი ნათქვამი, ამბობს უფალი.
6უამბო იერემია წინასწარმეტყველმა ციდკიას, იუდას მეფეს, ყოველი ეს სიტყვა იერუსალიმში.
7ხოლო ბაბილონის მეფის ლაშქარი შემოსდგომოდა იერუსალიმს და იუდას დანარჩენ ქალაქებს - ლაქიშს და ყაზეკს, რადგან ესენიღა იყვნვნ იუდას ქალაქებს შორის გამაგრებულნი.
8სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიამ აღთქმა დაადებინა მთელს ხალხს, ვინც კი იერუსალიმში იყო, რომ აზატობა გამოეცხადებინათ,
9რომ ყველას გაეთავისუფლებინა თავისი ყმა და მხევალი, ებრაელი კაცი და ქალი, რათა აღარავის ჰყოლოდა ყმად თავისი მოძმე ებრაელი.
10დამორჩილდნენ მთავრები და მთელი ხალხი, ვისაც კი აღთქმა ჰქონდა დადებულთ, რომ გაათავისუფლებდნენ თავ-თავის ყმებსა და მხევლებს და აღარ ეყოლებოდათ ყმა. დამორჩილდნენ და გაათავისუფლეს.
11მაგრამ ამის შემდეგ გამოეცვალათ გუნება და დაიბრუნეს ყმები და მხევლები, რომლებიც გათავისუფლებული ჰყავდათ, და აიძულეს ისინი კვლავ ყმები და მხევლები გამხდარიყვნენ.
12იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:
13ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავდევი აღთქმა თქვენს მამა-პაპასთან, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამომყავდა ისინი, ვუთხარი:
14ყოველ მეშვიდე წელს გაუშვით თითოეულმა თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურებოდათ; თავისუფლად გაუშვი-მეთქი შენგან. მაგრამ არ გამიგონა თქვენმა მამა-პაპამ და ყური არ მათხოვა.
15თქვენ მოინანიეთ და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში რომ თითოეულმა თავისუფლება გამოუცხადა თავის მოძმეს და ჩემს წინაშე აღთქმა დადო ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.
16მერე გუნება გეცვალათ და შელახეთ ჩემი სახელი, დაიბრუნეთ თითოეულმა ყმა და მხევალი, რომლებიც გაშვებული გყავდთთ მათ ნებაზე, და აიძულეთ ისინი კვლავ ყმებად და მხევლებად გაგხდომოდნენ.
17ამიტომ ასე ამბობს უფალი: რაკი არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავის მახლობელი, აჰა, მე გამოვუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და გაგხდით სააბუჩოდ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
18ჩავაგდებ ჩემი აღთქმის დამრღვევებს, ვინც არ შეასრულა აღთქმის სიტყვები, ჩემს წინაშე რომ დადეს, როცა ორად გახლიჩეს ხბო და მის ნაწილებს შორის გაიარეს,
19იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, კარისკაცებს და მღვდელებს, ქვეყნის მთელს ხალხს, რომლებმაც გაიარეს ხბოს ნაწილებს შთრის,
20ჩავაგდებ მათ მათი მტრებისა და მათი მესისხლეების ხელში და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება.
21ხოლო ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მთავრებს ჩავაგდებ მათი მტრებისა და მესისხლეების ხელში, ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელში, რომელმაც ახლა დაგანებათ თავი და მოხსნა ალყა.
22ასე ვბრძანებ, ამბობს უფალი, და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისკენ, შეუტევენ და აიღებენ მას და ცეცხლში დასწვავენ. უდაბნოდ ვაქცევ იუდას ქალაქებს და გავაუკაცურებ.
Next