Eleos

Contents

თავი - 33

Previous
1იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მეორეგზის, როცა ჯერ კიდევ საყრობილეში იყო დამწყვდეული.
2ასე ამბობს უფალი, რომელმაც შექმნა მიწა, და უფალი, რომელმაც გამოსახა იგი, რათა დაეფუძნებინა. უფალია მისი სახელი.
3დამიძახე და პასუხს გაგცემ და გამოგიცხადებ დიდსა და მიუწვდომელ რასმე, რაც აქამდე არ იცოდით.
4რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებზე და იუდას მეფის სახლებზე, რომლებიც დაინგრა მიწაყრილებისა და მახვილის წინაშე,
5როცა მოვიდნენ ქალდეველები საბრძოლველად და მათ ასავსებად ადამიანთა გვამებით, რომელნიც მე გავწყვიტე რისხვითა და წყრომით, რადგან მათი ბოროტების გამო პირი შევაქციე ამ ქალაქს.
6აჰა, შევუხორცებ მას ჭრილობას და განვკურნავ, მოვარჩენ მათ და გამოვუჩენ მათ უზომო მშვიდობასა და სიმტკიცეს;
7დავაბრუნებ იუდას და ისრაელის წარტაცებულს და წინანდებურად ავაშენებ მათ.
8გავწმედ მათ ყოველგვარი დანაშაულისგან, რითაც შემცოდეს, და ვაპატიებ ყოველგვარ დანაშაულს, რითაც შემცოდეს და განმიდგნენ.
9სიხარულის წყაროდ იქცევა ჩემთვის იერუსალიმი და საქებ-სადიდებლად - ქვეყნის ხალხებისთვის, რომლებიც გაიგებენ ყველა სიკეთეს, რასაც გავუკეთებ მას. შეშინდებიან და თავზარი დაეცემათ ყველა იმ სიკეთისა და კეთილდღეობის გამო, რასაც მას მოვუტან.
10ასე ამბობს უფალი: კვლავ გაისმება ამ ადგილას, რომლის გამოც ამბობთ, გაუდაბურდაო, არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, - იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, აწ უკაცრიელში, სადაც არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებს,
11ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი.
12ასე ამბობს ცაბაოთ უდგლი: ამ გაუდაბურებულ ადგილზე და მის ქალაქებში, სადაც არ ჭაჭანებს არც ვაცი, არც პირუტყვი, კვლავ გაჩნდება მწყემსთა ბინები, მათი ჯოგის სადგომები.
13მთისა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებში, ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში და იუდას ქალაქებში კვლავ გაივლის ცხვარი მისი დამთვლელის ხელში, ამბობს უფალი.
14აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა უნდა ავახდინოთ სასიკეთო სიტყვა, რასაც ისრაელის სახლს და იუდას სახლს დავპირდი.
15იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
16იმ ხანებში თავს დაიხსნის იუდა და საიმედოდ დამკვიდრდება იერუსალიმი და ეს იქნება მისი სახელი: უფალი ხსნაა ჩვენი.
17რადგან ასე ამბობს უფალი: არ მოაკლდება მემკვიდრე დავითს, ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომარე.
18არ მოაკლდებათ ლევიანთა მღვდლებს მემკვიდრე, ჩემს წინაშე აღსავლენის შემწირველი, ძღვენის მკმეველი და საკლავის მიმტანი სამარადისოდ.
19იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
20ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე,
21მაშინ დაირღვევა ჩემი აღთქმაც დავითთან - ჩემს მორჩილთან, რომ აღარ ეყოლოს ძე მის ტახტზე გასამეფებელი, და ლევიან მღვდლებთან - ჩემს მსახურებთან.
22როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე.
23იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
24ხომ დაინახე, რას ამბობს ეს ხალხი: მოიშორაო უფალმა თავისი რჩეული ორი ტომი? ისე შეიძულეს ჩემი ერი, რომ ხალხადაც აღარ მიაჩნიათ.
25ასე თქვა უფალმა: რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ღამის მიმართ, და წესი ცისა და მიწისთვის,
26მაშინ იაკობისა და დავითის - ჩემი მორჩილის მოდგმასაც მოვიძულებდი და არ ავიყვანდი მისი თესლიდან ხელმწიფეებს აბრაამის, ისაკის და იაკობის თესლისთვის, რადგან ვაპირებ დავაბრუნო მათი წარტყვევნილნი და შევიწყალო ისინი.
Next