Eleos

Contents

თავი - 32

Previous
1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან იუდას მეფის, ციდკიას მეათე წელს. ეს წელი იყო ნაბუქოდონოსორის მეთვრამეტე წელი.
2მაშინ გარს ადგა ბაბილონის მეფის ჯარი იერუსალიმს, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი საპატიმროში იყო გამომწყვდეული, იუდას მეფის სასახლეში,
3სადაც დაამწყვდია იგი იუდას მეფემ, ციდკიამ, ამ სიტყვებით: რატომ ქადაგებ, ასე ამბობსო უფალი, აჰა, ხელში ჩავუგდებო ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს და დაიპყრობსო?
4ვერ წაუვაო იუდას მეფე ციდკია ხელიდან ქალდეველებს, რადგან ხელში ჩაუვარდებაო ბაბილონის მეფეს; პირისპირ ექნებაო ლაპარაკი და საკუთარი თვალით შეხედავენო ერთმანეთს.
5ბაბილონში წაიყვანს ციდკიას და იქ იქნება, ვიღრე მე არ მოვიკითხავო მას, ამბობს უფალი; თუ შეებრძოლებით ქალდეველებს, არ გაგიმარჯვდებათო.
6თქვა იერემიამ: იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
7აჰა, ხანამიელ შალუმის ძე, შენი ბიძაშვილი, მოდის შენთან, რომ გითხრას: იყიდე ჩემი ყანა, ყანათოთში რომ მაქვს, რადგან შენ გევალება მისი ყიდვა სანათესაო წესის თანახმად.
8მოვიდა ჩემთან ხანამიელი, ჩემი ბიძაშვილი, უფლის სიტყვისამებრ, საპატიმროში და მითხრა: იყიდე ყანა, ყანათოთში რომ მაქვს, ბენიამინის მხარეში, რადგან შენ გეკუთვნის მემკვიდრეობით და შენია გამოსყიდვის უფლება. იყიდე. მაშინ მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო.
9ვიყიდე ყანა ხანამიელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში, და მივუწონე ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი.
10დავწერე წიგნი, დავბეჭდე, დავუძახე მოწმეებს და სასწორზე ავწონე ვერცხლი.
11ავიღე ნასყიდობის წიგნი, წესისა და კანონის მიხვდვით დაბეჭდილი, და მისი ღია ასლი,
12და მივეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, ხანმიელის, ჩემი ბიძაშვილის თვალწინ, მოწმეების თვალწინ, რომელთაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის წიგნს, და ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც საპატიმროში ისხდნენ.
13დავავალე მათ თვალწინ ბარუქს და ვუთხარი:
14ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აიღე ეს დაწერილები - ეს ნასყიდობის წიგნი, როგორც დაბეჭდილი, ისე ღია, და ჩადევი თიხის ჭურჭელში, რომ დიდხანს ინახებოდეს.
15რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: კვლავაც იქნება ყიდვა-გაყიდვა სახლებისა, ყანებისა და ვენახებისა ამ ქვეყანაში.
16გადავეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს და ასე ვილოცე უფლისადმი,
17ეჰა, უფალო ღმერთო! შენი შექმნილია ცა და მიწა დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით. არაფერია შენთვის შეუძლებელი.
18წყალობას მოაფენ ათასებზე და შვილებს მოჰკითხავ მამების დანაშაულს მათ შემდეგ, დიდო ღმერთო, ძლიერო, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.
19დიდგანმზრახველო და მრავალმოქმედო, რომელსაც ღია გაქვს თვალები ადამის ძეთა საქციელის მიმართ, რათა მიაგო თითოეულს თავისი საქციელისა და თავისი ნამოქმედარის მიხედვით.
20რომელმაც მოახდინე ნიშები და სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში, და დღემდე ახდენ ისრაელში და ადამის მოდგმაში, და მოიხვეჭე სახელი, როგორიც დღესა გაქვს.
21შენ გამოიყვანე შენი ერი ისრაელი ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, მაგარი ხელითა და მოღერებული მკლავით, დიდი შიშისზარის მეოხებით.
22მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელიც მათთვის გქონდა აღთქმული მისაცემად, ქვეყანა, რძითა და თაფლით მდინარი.
23მოვიდნენ და დაიმკვიდრეს იგი, მაგრამ არ გაიგონეს შენი ხმა, არ იარეს შენს რჯულზე, არ შეასრულეს შენი ნაბრძანები და შენ შეამთხვიე მათ ყველა ეს უბედურება.
24აჰა, მიწაყრილები შემოადგა ქალაქს მის დასაპყრობად; მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს მიცემული ქალაქი უვარდება ხელში ქალდეველებს, რომლებიც უტევენ მას. უკვე ახდა შენი ნათქვამი, თავადაც ხედავ.
25და მაინც მეუბნები, უფალო ღმერთო: იყიდე ყანა ვერცხლით და მოწმეებს დაუძახეო. მაშინ როცა ქალაქი ქალდეველებს ჩაუვარდა ხელში.
26იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
27აჰა, მე ვარ უფალი, ყოველი ხორციელის ღმერთი! განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის?
28ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებს და ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რომელიც დაიპყრობს მას.
29მოვლენ ქალდეველები, რომლებიც უტევენ ამ ქალაქს, ცეცხლში დასწვავენ ამ ქალაქს, გადაბუგავენ სახლებიანად, რომლის ბანებზე ბაალს უკმევდნენ და უცხო ღმერთებს უღვრიდნენ საღვრელს ჩემს გასაჯავრებლად;
30რადგან მხოლოდ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში ისრაელიანები და იუდაელები სიყმაწვილიდანვე; რადგან მხოლოდ მაჯავრებდნენ ისრაელირები თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამბობს უფალი.
31რადგან ჩემს რისხვად და წყრომად მყავს ეს ქალაქი მისი აშენებიდან დღემდე, რომ თავიდან მოვიშორო იგი
32ისრაელიანთა და იუდაელთა ყველა ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად სჩადიოდნენ თავად ისინი, მათი მეფეები, მათი მთავრები, მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველები, ყოველი იუდაელი და იერუსალიმის მცხოვრები.
33ზურგი მომაქციეს, არა სახე; ვასწავლიდი მათ, გამუდმებით ვასწავლიდი, მაგრამ არავინ იყო გამგონე, რომ ჭკუა ესწავლათ.
34დგამდნენ თავიანთ სისაძაგლეებს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდებოდა, რათა შეებღალათ იგი.
35აშენებდნენ ბაალის გორაკებს ბენ-ჰინომის ველზე, რომ საკუთარი ვაჟები და ასულები შეეწირათ მოლოქისთვის, რაც არ მიბრძანებია მათთვის, ფიქრადაც არ მომსვლია, თუ ასეთი სიბილწის ჩადენა შეიძლებოდა იუდას შესაცდენად.
36ახლა კი, ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: მახვილის, შიმშილის და შავი ჭირის წყალობით ჩაუვარდაო ხელში ბაბილონის მეფეს.
37აჰა, თავს მოვუყრი მათ ყოველი ქვეყნიდან, სადაც გავრეკე ისინი ჩემი მძვინვარე რისხვითა და დიდი წყრომით; დავაბრუნებ ამ ადგილზე და საიმედოდ დავასახლებ.
38ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები.
39ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ.
40დავდებ მათთან სამარადისო აღთქმას, რომ აღარ მივატოვებ მათ და სიკეთეს არ მოვაკლებ; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულში, რომ არ განმიდგნენ.
41გავიხარებ მათით, რომ შემეძლება სიკეთე ვუყო; მტკიცედ დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით.
42რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუვლინე ამ ხალხს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუვლენ მათ ყველა სიკეთეს, რაც აღვუთქვი.
43იყიდიან ყანებს ამ ქვეყანაში, რომელზეც თქვენ ამბობთ, გაუდაბურდაო, ადამიანის და პირუტყვის ჭაჭანება არ არის, ქალდეველებს ჩაუვარდათ ხელში.
44ვერცხლით იყიდიან ყანებს, ჩაწერენ წიგნში და დაბეჭდავენ, დაუძახებენ მოწმეებს ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში, იუდას ქალაქებში, მთისა და ბარის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში; რადგან დავაბრუნებ მათ წარტაცებულს, ამბობს უფალი.
Next