Eleos

Contents

თავი - 35

Previous
1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის დროს:
2წადი რექაბიანთა თემში, ელაპარაკე და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ სენაკში და ღვინო შეასვი.
3წამოვიყვანე იაზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმები, მისი შვილები და რექაბიანთა მთელი თემი,
4და მივიყვანე ისინი უფლის სახლში ღვთისკაცის, ხანან იგდალიას, სენაკში, რომელიც მთავართა სენაკის გვერდით იყო, მაყასეია შალუმის ძის, ზღურბლის მცველის, სენაკის ზემოთ.
5წინ დავუდგი რექაბიანთა თემის შვილებს ღვინით სავსე თასები და ფიალები და ვუთხარი მათ: შესვით ღვინო.
6თქვესა ღვინოს არა ვსვამთ, რადგან იონადაბ რექაბის ძემ, ჩვენმა წინაპარმა გვიანდერძა, ღვინოს ნუ დალევთ ნურასოდეს, ნურც თქვენ და ნურც თქვენი შვილებიო.
7სახლებს ნუ ააშენებთ, თესლს ნუ დათესავთ, ვენახს ნუ გააშენებთ, ნურაფერს იქონიებთ; მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი სიცოცხლე, რათა დიდხანს იცოცხლოთ დედამიწის ზურგზე, სადაც მდგმურებად ხართო.
8ჩვენც ვემორჩილებით იონადაბ რექაბის ძეს, ჩვენს წინაპარს, ყველაფერში, რაც გვიანდერძა: არ დავლიოთ ღვინო მთელი ჩვენი სიცოცხლე, არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ვაჟებმა და არც ჩვენმა ასულებმა,
9არ ვაშენოთ სახლები საცხოვრებლად. არა გვაქვს არც ვენახი, არც ყანა, არც ნათესები;
10ვცხოვრობთ კარვებში და ვემორჩილებით იონადაბს, ჩვენს წინაპარს, და ყველაუერს ისე ვაკეთებთ, როგორც გვიანდერძა.
11როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მოადგა ქვეყანას, ჩვენ ვთქვით: წამო, წავიდეთ იერუსალიმში, გავეცალოთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს. და ვცხოვრობთ იერუსალიმში.
12იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი.
13ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი, უთხარი იუდას ხალხს და იერუსალიმის მცხოვრებლებს, ნუთუ აღარ ისწავლით ჭკუას და არ გაიგონებთ ჩემს ნათქვამს? ამბობს უფალი.
14სრულდება იონადაბ რექაბის ძის ნაანდერძევი სიტყვები თავისი შთამომავლებისადმი, რომ არ დალიონ ღვინო, და დღემდე არ სვამენ, რადგან ემორჩილებიან თავიანთი წინაპრის ანდერძს. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, მაგრამ ჩემი გაგონებაც არ გინდოდათ.
15გამუდმებით ვაბარებდი თქვენთან ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს: მოიქეცით ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს თაყვანსაცემად და დარჩებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მომიცია-მეთქი, მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ გამიგონეთ.
16ასეა, ასრულებენ იონადაბ რექაბის შთამომავლები თავიანთი წინაპრის ნაანდერძევს. ამ ხალხს კი ჩემი გაგონება არ უნდა.
17ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვუვლენ იუდას და იერუსალიმის მცხოვრებლებს ყველა ბოროტებას, რითაც დავემუქრე მათ, იმის გამო, რომ ველაპარაკებოდი და არ მიგონებდნენ, ვუხმობდი და ხმას არ მცემდნენ.
18რექაბიანთა თემს უთხრა იერემიამ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რაკი დაემორჩილეთ თქვენი წინაპრის, იონადაბის ნაანდერძევს, იცავთ მის ყოველ ნაანდერძევს და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიანდერძათ,
19ამიტომაც, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არასოდეს მოაკლდეს იონადაბ რექაბის ძეს ჩემს წინაშე მდგომელი კაცი.
Next