Eleos

Contents

თავი - 26

Previous
1იუდას მეფის, იეჰოაკთმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო ნათქვამი უფლისგან.
2ამბობს უფალი: დადექი უფლის სასახლის ეზოში და ამცნე უფლის სახლში თაყვანისსაცემად იუდას ქალაქებიდან მოსულებს ეს სიტყვები, რომელიც გამოგიცხადე მათთვის სათქმელად. ერთი სიტყვაც არ დააკლო.
3იქნებ გაიგონ და მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან და მეც თავს შევიკავებ ბოროტისგან, რასაც მათ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო.
4უთხარი მათ: ასე ამბობს უფალი; თუ არ გამიგონებთ და არ მოიქცევით ჩემი რჯულის თანახმად, როგორც დამიწესებია თქვენთვის,
5თუ არ გაუგონებთ ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს, რომელთაც გამუდმებით გიგზავნიდით და გიგზავნიდით, მაგრამ არ უგონებდით მათ,
6ისევე მოვექცევი ამ სახლს, როგორც სილოამს მოვექეცი: დედამიწის ყველა ხალხის შესაჩვენებლად გავხდი ამ ქალაქს.
7უსმენდნენ მღვდლები და წინასწარმეტყველნი იერემიას. როცა ის ამბობდა ამ სიტყვებს უფლის სახლში.
8როცა დაასრულა იერემიამ ყველაფრის თქმა, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს, რომ ხალხისთვის ეთქვა, შეიპყრეს იგი მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა, მთელმა ხალხმა ყვირილით, მოსაკლავი ხარ!
9რატომ ქადაგობ უფლის სახელით, რომ ამბობ, სილოამივით დაინგრევაო ეს სახლი და ეს ქალაქიც გაოხრდება და გაუკაცრიელდებაო? შემოადგა მთელი ერი იერემიას უფლის სახლში.
10გაიგეს ეს ამბავი იუდას მთავრებმა, ავიდნენ სამეფო სახლიდან უფლის სახლში და დასხდნენ უფლის ახალი კარიბჭის შესასვლელთან.
11მოახსენეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელს ერს: სასიკვდილოა ეს კაცი, რადგან ამ ქალაქის საბოროტოდ ქადაგობს, როგორც თქვენი ყურით გაიგონეთ.
12უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელს ერს: უფალმა მომავლინა, რომ ამ ქალაქის წინააღმდეგ მექადაგნა ყველა ეს სიტყვა, რაც გაიგონეთ.
13ამიერიდან გამოისწორეთ ზნე და საქციელი და გაიგონეთ უფლის, თქვენ ღვთის ხმა. უფალიც თავს შეიკავებს ბოროტისგან, რასაც გიპირებთ.
14მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ. რასაც სწორად და სამართლიანად მიიჩნევთ, ის მიყავით.
15ოღონდ იცოდეთ, თუ მომკლავთ, უბრალო სისხლს დაიდებთ თქვენ, მთელი ქალაქი და მისი მკვიდრნი. რადგან ნამდვილად უფალმა მომავლინა, რომ თქვენს გასაგონად მელაპარაკნა ეს სიტყვები.
16უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: არ არის ეს კაცი სასიკვდილო, რადგან უფლის, ჩვენი ღვთის სახელით გველაპარაკება.
17წამოდგნენ ქვეყნის უხუცესთაგანნი და უთხრეს ხალხის მთელს კრებულს:
18მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა იუდას მეფის, ხიზკიას დროს და ეუბნებოდა მთელს იუდას: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ყანად გადაიხნებაო სიონი და ქვის გროვად იქცევაო იერუსალიმი და ტაძრის მთა ტყის ბორცვადო.
19განა მოუკლავთ იგი იუდას მეფეს ხიზკიას და მთელს იუდას? ხომ შეეშინდათ უფლისა და დაუწყეს ვედრება უფალს, და უფალმაც ხომ თავი შეიკავა ბოროტისგან, რასაც უპირებდა მათ. ჩვენ კი დიდ ბოროტებას ჩავდივართ ჩვენივე თავისთვის.
20ერთი ვინმეც წინასწარმეტყველებდა უფლის სახელით - ურია შემაყიას ძე, კირიათ-იეყარიმიდან. წინასწარმეტყველებდა ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ იერემიას სიტყვებით.
21როცა გაიგეს მისი ნათქვამი მეფე იეჰოაკიმმა, მისმა მოყმეებმა და მთავრებმა, მოსაკლავად დაუწყო ძებნა მეფემ. გაიგო ურიამ, შეშინდა და ეგვიპტეში გაიქცა.
22გააგზავნა მეფე იეჰოაკიმმა კაცები - ელთანან ყაქბორის ძე და სხვები მასთან ერთად ეგვიპტეში.
23გამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მიჰგვარეს მეფე იეჰოაკიმს, რომელმაც მახვილს მისცა იგი და მისი გვამი მდაბიორთა სასაფლაოზე გადააგდებინა.
24ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ.
Next