თავი - 25
Previous1სიტყა, რომელიც იყო იერემიას მიმართ მთელს იუდას ერზე იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს (ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქთდთნოსორის, პირველი წელი),
2და რომელიც უქადაგა იერემია წინასწარმეტყველმა მთელს იუდას ერს და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს.
3იუდას მეფის, იოშია ამონის ძის მეცამეტე წლიდან ამ დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც მეცხადებოდა უფლის სიტყვა. თავდადებით, განუწყვეტლივ გიქადაგებდით, მაგრამ არ გესმოდათ.
4გიგზავნიდათ უფალი თავის მორჩილებს, წანასწარმეტყველებს, განუწყვეტლივ გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ გაგონება არ გინდოდათ, ყურს არ ათხოვებდით მოსასმენად.
5რომ გეუბნებოდნენ: მიატოვეთ თითოეულმა თქვენი ბოროტი გზა და თქვენი ბოროტი საქმეები, იცხოვრეთ იმ მიწაზე, უფალს რომ მოუცია თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის უკუნითი უკუნისამდეო;
6ნუ მისდევთ უცხო ღმერთებს სამსახურებლად და თაყვანისსაცემად, ნუ გამაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით და მეც არაფერს დაგიშავებთო,
7არ გესმოდათ ჩემი, ამბობს უფალი, რომ გაგეჯავრებინათ თქვენი ხელის ნამოქმედარით თქვენსავე საბოროტოდ.
8ამიტომ ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები,
9აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე. გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავს და სამარცხვინო სანახავს გავხდი, სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ.
10აღვკვეთავ მათგან სიხარულის ხმას და ლხინის ხმას, სიძის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილის ხმას და ლამპრის ნათელს.
11გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები.
12შესრულდება სამოცდაათი წელი და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, ამბობს უფალი, ქალდეველთა ქვეყანას მათი დანაშაულის გამო; და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მათ.
13ავახდენ ამ ქვეყანაზე ყველა სიტყვას, რაც მათზე მითქვამს, ყველაფერს, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, რაც კი იერემიას უწინასწარმეტყველნია ყველა ამ ხალხზე.
14რადგან მათაც დაიმონებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები. მაგრამ მე მივაგებ მათ მათი საქმეებისამებრ და მათი ხელის ნამოქმედარისამებრ.
15რადგან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი.
16შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის.
17გამოვართვი თასი უფალს და შევასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გამაგზავნა უფალმა -
18იერუსალიმს, იუდას ქალაქებს და მის მეფეებს და მთავრებს, რომ გაეოხრებინა, გაეხადა შემზარავი და სამარცხვიხო სანახავი და შეეჩვენებინა, როგორც დღეს არიან,
19ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მორჩილთ და მთვრებს, მთელს მის ხალხს,
20მთელს დასავლეთს, ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზას, ყეკრონს და აშდოდის ნატამალს,
21ედომს და მოაბს, და ყამონელებს,
22ტვიროსის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და ზღვისგაღმელ მეფეებს,
23დედანს და თემას და ბუზს, ყველას ვინც საფეთქელთან თმას იპარსავს,
24არაბთა ყველა მეფეს, დასავლეთის ყველა მეფეს, უდაბნოში რომ ცხოვრობენ,
25ზიმრის ყველა მეფეს, ელამის ყველა მეფეს და მიდიელთა ყველა მეფეს,
26ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ერთმანეთის ახლობელს და შორებელს, ყველა ქვეყნის სამეფოს, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს. მეფე შეშაქი მათ შემდეგ შესვამს.
27უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სვით დათრობამდე და წამოარწყიეთ, დაწექით და ნუ ადგებით მახვილის დანახვისას, რომელსაც ჩამოვაგდებ თქვენს შორის.
28თუ უარს იტყვიან და არ გამოართმევენ თასს შესასმელად, უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: უნდა შესვათ!
29რადგან, აჰა, სწორედ ამ ქალაქში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დავიწყებ განადგურებას. ხომ არ გგონიათ, დაუსჯელნი დარჩეთ? არ დარჩებით დაუსჯელნი, რადგან მახვილს მოვუხმობ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
30უქადაგე მათ ეს სიტყვები და უთხარი: ზეგარდამო იგრგვინებს უფალი და თავისი წმიდა სადგომიდან მოიღებს ხმას; მეხივით იგრგვინებს თავის ფარეხზე, ყურძნის მწნეხავივით იყიჟინებს ქვეყნის ყველა მკვიდრზე.
31ქვეყნის კიდემდე მიაწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან; ყველა ხორციელის განსჯას აპირებს. ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს, ამბობს უფალი.
32ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან.
33ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.
34ვალალებდეთ, მწყემსებო! ჰკიოდეთ, მტვერი დაიყარეთ, ჯოგის პატრონებო, რადგან დადგა თქვენი დაკვლის ჟამი! გაგფანტავთ და ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით.
35გასაქცევი აღარ გექნებათ მწყემსებს და თავშესაფარი - ჯოგის პატრონებს.
36აჰა, ისმის მწყემსების კივილი და ჯოგის პატრონთა ვაების ხმა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვრებს.
37დაიქცა მშვიდობიანი სადგომები უფლის ცეც ხლოვანი რისხვისგან.
38გამოვიდა, როგორც ლომი, თავისი სადგომიდან, რადგან გაუდაბურდა მათი ქვეყანა დამღუპველი მახვილისგან და მისი ცეცხლოვანი რისხვისგან.
Next