თავი - 27
Previous1იუდას მეფის, იეჰოაკიმ (ციდკია) იოშიას ძის მეფობის დასაწყისში იყო ეს სიტყვა იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი:
2ასე მითხრა უფალმა: გააკეთე მოსართავები და უღელი და ქედზე დაიდე;
3შეუთვალე ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონელთა მეფეს, ტვიროსის მეფეს და ციდონის მეფეს მოციქულთა პირით, რომელნიც იერუსალიმში მოვიდნენ ციდკიასთან, იუდას მეფესთან.
4დაავალე მათ, ეს უთხრან თავ-თავის ბატონებს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ასე უთხარით თქვენს ბატონებს:
5მე შევქმენი მიწა, ადამიანი და ბირუტყვი მიწის პირზე ჩემი დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით, და მას ჩავაბარე, ვინც წრფელად მიჩნდა ჩემს თვალში.
6ამიერიდან მთელი ეს ქვეყნები ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ჩემს მორჩილს, უნდა ჩავაბარო ხელში; ველის მხეცებიც მისთვის ჩამიბარებია, რათა ემორჩილებოდნენ მას.
7ყველა ხალხი დაემორჩილება მას, მის შვილს და მის შვილთაშვილს, ვიდრე არ დაუდგება ჟამი მის ქვეყანასაც, როცა დაიმორჩილებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები.
8თუ იქნა ისეთი ხალხი და სამეფო, რომლებიც არ დაემორჩილებიან მას, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და ქედს არ მოიხრიან ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ; მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ვიდრე მისი ხელით საბოლოოდ არ გავანადგურებ.
9თქვენ კი, ნუ დაუჯერებთ ნურც თქვენს წინასწარმეტყველებს, ნურც თქვენს მისნებს, ნურც თქვენს სიზმრებს, ნურც თქვენს მკითხავებს და ნურც თქვენს ჯადოქრებს, რომლებიც გეუბნებიან: ნუ დაემორჩილებით ბაბილონის მეფესო.
10რადგან მხოლოდ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოშორდეთ თქვენს მიწას, რომ მე განგდევნოთ და დაიღუპოთ.
11ხოლო ხალხს, რომელიც მოიხრის ქედს ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ და დაემორჩილება, დავტოვებ თავის მიწაზე, ამბობს უფალი; დაამუშავებენ მას და იცხოვრებენ იქ.
12ციდკიას, იუდას მეფეს, ვუთხარი იგივე სიტყვები, რომ მოიხარეთ-მეთქი ქედი ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ, დაემორჩილეთ მას და მის ხალხს, და ცოცხალი გადარჩებით-მეთქი.
13რისთვის უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ერი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, როგორც დაემუქრა უფალი იმ ხალხს, რომელიც არ დაემორჩილება ბაბილონის მეფეს.
14ნუ დაიჯერებთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გეუბნებიან: არ დაემორჩილოთო ბაბილონის მეფეს. რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ.
15რადგან მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი; ცრუდ წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა განგდევნოთ და დაიღუპოთ თქვენს წინასწარმეტყველებთან ერთად.
16მღვდლებსა და მთელს ამ ერს ველაპარაკე და ვუთხარი: ასე ამბობს-მეთქი უფალი: ნუ დაიჯერებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გიქადაგებენ: აჰა, სადაც არის დაბრუნდება ბაბილონიდან უფლის სახლის ჭურჭელიო. რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ.
17ნუ დაუჯერებთ მათ, დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და ცოცხლები დარჩებით. რისთვის უნდა აოხრდეს ეს ქალაქი?
18თუ წინასწარმეტყველნი არიან ისინი და თუ უფლის სიტყვა აქვთ მათ, შეევედრონ ცაბაოთ უფალს, რომ უფლის სახლში, იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილი ჭურჭელი არ წავიდეს ბაბილონს.
19რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი სვეტებზე, სპილენძის ავაზანზე, კვარცხლბეკებზე და ამ ქალაქში დარჩენილ სხვა ჭურჭელზე,
20რომლებიც არ წაუღია ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, როცა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა იუდას მეფე იექონია, იეჰოაკიმის ძე, იუდასა და იერუსალიმის წარჩინებულებთან ერთად.
21რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, უფლის სახლში, იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილ ჭურჭლებზე:
22ბაბილონს იქნება წაღებული და იქ დარჩება, ვიდრე არ მოვხედავ მათ, ამბობს უფალი, და არ გამოვატანინებ და არ დავაბრუნებინებ ამ ადგილზე.
Next