თავი - 23
Previous1ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს, ამბობს უფალი.
2ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, მწყემსებზე, რომლებიც მწყესავენ ჩემს ერს: თქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი, თქვენ გარეკეთ იგი და ყური არ უგდეთ. აჰა, მე ვუგდებ ყურს თქვენს ბოროტ საქციელს, ამბობს უფალი.
3მე თავად მოვუყრი თავს ჩემს ცხვარს ყველა ქვეყნიდან, სადაც გავყარე ისინი. დავაბრუნებ მათ თავიანთ საძოვარზე, ინაყოფიერებენ და იმრავლებენ.
4დავუყენებ მწყემსებს და ისინი დამწყესავენ მათ, აღარ შეშინდებიან, არ დაფრთხებიან, არ დაიკარგებიან, ამბობს უფალი.
5აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
6მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი; ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე.
7ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო ისრაელიანები,
8არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა და რომელმაც მოიყვანა ისრაელის სახლის თესლი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გავყარე ისინი. და იცხოვრებენ თავიანთ მიწებზე.
9წინასწარმეტყველთა გამო მისკდება გული მკერდში და მტეხს ძვლები; მთვრალი კაცივით ვარ, ღვინო რომ მორევია, უფლის გულისთვის, მისი წმიდა სიტყვებისთვის.
10რადგან გარყვნილი ხალხით გაივსო ქვეყანა; რადგან წყევლისაგან მოთქვამს მიწა, გადახმა უდაბნოს საძოვრები. ბოროტია მათი ზრახვები, მათი ძლიერება უკეთურებაა.
11რადგან გაირყვნენ წინასწარმეტყველნიც და მღვდლებიც; ჩემს სახლშიც კი ვპოულობ მათ ნაავკაცარს, ამბობს უფალი.
12ამიტომაც მოლიპული იქნება მათი გზები სიბნელეში, წაიფორხილებენ და დაეცემიან; რადგან უბედურებას მოვუტან მათ განკითხვის წელს, ამბობს უფალი.
13სამარიის წინასწარმეტყველთა შორისაც დავინახე სისაძაგლე: ბაალის სახელით ქადაგებდნენ და აცთუნებდნენ ჩემს ერს - ისრაელს.
14იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორისაც ვხედავ სიბილწეს: გარყვნილებას მისდევენ და ცრუობენ, უკეთურთა მხარი უჭირავთ, რომ არცერთი მათგანი არ მოიქცეს თავის უკეთურობისგან. სოდომივით გახდნენ ჩემთვის ყველანი და გომორასავით - მისი მცხოვრებნი.
15ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან იერუსალიმის წირსწარმეტყველთაგან მოდის ცთუნება მთელს ქვეყანაში.
16ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, არ შეისმინოთ წინასწარმეტყველთა სიტყვები, რასაც გიწინასწარმეტყველებენ, გაცთუნებენ ისინი, მოგონილ ხილვებს გიქადაგებენ, არა უფლისმიერს.
17ეუბნებიან ჩემს მაგინებლებს: უფალმა თქვა, მშვიდობა გექნებათო. და ყველას, ვინც თავის გულისთქმას აჰყოლია, ეუბნებიან: უბედურება არ დაგემართებათო.
18რადგან ვინ იდგა უფლის საბჭოში, ვინ ხედავდა და ისმენდა მის სიტყვას? ვინ უგდებდა ყურს მის სიტყვას და ესმოდა?
19აჰა, უფლის ქარიშხალი - რისხვა ამოვარდა! ქარბორბალა დაუბერავს და ბოროტეულთ დაატყდება თავს.
20არ გაბრუნდება უფლის რისხვა, ვიდრეარ შეასრულებს, ვიდრე არ მიაღწევს განზრახულს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ცხადად.
21მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ; არაფერი მითქვამს მათთვის, თავისით წინასწარმეტყველებენ.
22ჩემს საბჭოში რომ მდგარიყვნენ, ჩემს ერს გამოუცხადებდნენ ჩემს სიტყვებს და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და ავკაცობიდან.
23განა მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, განა შორიდან არა ვარ ღმერთი?
24სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი.
25გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო!
26როდემდის უნდა იყოს ასე წინასწარმეტყველთა გული, სიცრუეს რომ ქადაგებენ, საკუთარი ცბიერი გულის წინასწარმეტყველნი რომ არიან?
27ცდილობენ დაავიწყონ ჩემს ერს ჩემი სახელი თავიანთი ზმანებით, რომელთაც ერთმანეთს უყვებიან, როგორც მათმა მამა-პაპამ დაივიწყა ჩემი სახელი ბაალის გამო.
28წინასწარმეტყველმა, ვისაც სიზმარი აქვს, იამბოს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, რწმენით ილაპარაკოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ამბობს უფალი.
29განა ცეცხლივით არ არის ჩემი სიტყვა? ამბობს უფალი. უროსავით, კლდეს რომ ანგრევს?
30ამიტომ, აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, ერთმანეთს რომ პარავენ ჩემს სიტყვებს.
31აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, თავსას რომ ლაპარაკობენ და ამბობენ, უფლის ნათქვამიაო.
32აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი. ყვებიან მათ და აცთუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი.
33თუ შეგეკითხება ეს ხალხი ან წინასწარმეტყველთ, ან მღვდელი, რა არისო უფლის განაჩენი? უთხარი მათ, რა განაჩენია. მე მიგატოვებთ თქვენ, ამბობს უფალი.
34თუ წინასწარმეტყველი, მღვდელი ან ერისკაცი იტყვის: უფლის განაჩენიაო, დავსჯი იმ კაცს და მის სახლს.
35ასე უთხარით ერთიმეორეს; რა პასუხი იყო უფლისგან? რა თქვა უფალმა?
36ხოლო უფლის განაჩენი მეტად აღარ ახსენოთ, რადგან განაჩენი იქნება ამ კაცისთვის მისი სიტყვა, რადგან თქვენ ასხვაფერებთ ცოცხალი ღმერთის, ცაბაოთ უფლის, ჩვენი ღმერთის სიტყვებს.
37ასე უთხარი წინასწარმეტყველს: რა გიძასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?
38თუ იტყვით, უფლის განაჩენიაო, ასე ამბობს უფალი: იმის გამო, რომ ამბობთ ამ გამოთქმას - უფლის განაჩენიაო, მე კი შემოგითვალეთ, ნუ ამბობთ-მეთქი, უფლის განაჩენიაო,
39სრულიად დაგივიწყებთ და დაგაგდებთ თქვენ და ამ ქალაქს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა მოცემული;
40ჩაგაგდებთ სამუდამო სირცხვილში და სამუდამო დამცირებაში, რაც არასოდეს იქნება დავიწყებული.
Next