თავი - 22
Previous1ასე ამბობს უფალი: ჩადი იუდას მეფის სახლში და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა.
2თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფევ, დავითის მოსაყდრევ, შენ და შენმა მორჩილებმა, და ხალხმა, ამ კარიბჭეებში შემომსვლელმა.
3ასე ამბობს უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე, იხსენით გაძარცული მოძალადის ხელიდან, ნუ დაჩაგრავთ და ნუ გაღლეტთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ნუ დაღვრით ამ ადგილზე უბრალო სისხლს.
4რადგან თუ აასრულებთ ამ სიტყვას, ივლიან ამ სახლის კარიბჭეებით დავითის მოსაყდრე მეფეები, ეტლზე და ცხენებზე ამხედრებულნი, თავად იგი და მისი მორჩილნი და მისი ხალხი.
5თუ არ გაიგონებთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, გაუკაცრიელდება ეს სახლი.
6რადგან ასე ამბობს უფალი იუდას მეფის სახლზე: თუმცა გალაადი ხარ შენ ჩემთვის, ლიბანის მწვერვალი, მაინც უდაბნოდ გაქცევ, მიტოვებულ ქალაქად.
7გაგიმზადებ ამაოხრებლებს - თითოეულს თავისი იარაღით, რომ გაგიჩეხონ საუკეთესო კედრები და ცეცხლს მისცენ.
8ბევრი ხალხები ჩაუვლიან ამ ქალაქს და გამოიკითხავენ ერთმანეთში: რისთვის მოექცა ასე უფალი ამ დიდებულ ქალაქს?
9იტყვიან: იმისთვის, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი ღვთის აღთქმა და უცხო ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა და მსახაურება.
10ნუ სტირით მკვდარს, ნუ მოთქვამთ მასზე, იტირეთ წასული, რადგან არასოდეს დაბრუნდება და ვერ იხილავს მშობელ ქვეყანას.
11რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე, რომელიც მეფობდა მამამისის, იოშიას, ნაცვლად; ვინც გავიდა ამ ადგილიდან, აღარ დაბრუნდება აქ,
12არამედ მოკვდება იმ ადგილზე, სადაც გადაასახლეს და ვეღარ იხილავს ამ ქვეყანას.
13ვაი იმას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონოდ - ზემოთვალებს; ვინც მუქთად ამუშავებს თავის ახლობელს და გასამრჯელოს არ აძლევს!
14ვინც ამბობს: ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ზემოთვალს, და გამოჭრის თვისთვის სარკმლებს, კედრით მოაპირკეთებს და წითლად შეღებავს.
15იმიტომ ხომ არ მეფობ, რომ კედარზე შეიშალო? მამაშენიც ხომ ჭამდა და სვამდა, მაგრამ წესსა და სამართალს იცავდა, და სიკეთე იყო მისთვის.
16დაჩაგრულისა და უპოვარის სამართალს განიკითხავდა, და სიკეთე იყო. განა ეს არ არის ჩემი ცოდნა? ამბობს უფალი.
17შენი თვალი და გული კი სარგებელს ეძებს, უბრალოთა სისხლის ღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
18ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოაკიმ იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე: არ იგლოვებენ მას: ვაი, ჩემო ძმაო, და ვაი, ჩემო დაო! არ იგლოვებენ მას: ვაი, ხელმწიფევ, და ვაი, მისო დიდებულებავ!
19ვირის დამარხვით დაიმარხება. წაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეთა იქით გადააგდებენ.
20ადი ლიბანზე და მორთე კივილი, ბაშანზე აუწიე ხმას და იკივლე ყაბარიმის მთებიდან, რადგან გაცამტვერდნენ შენი მოყვარულნი!
21გელაპარაკებოდი, როცა უზრუნველად იყავი, მპასუხობდი: არ მესმისო. ასეთი იყო შენი საქციელი სიყრმითგანვე, არ გესმოდა ჩემი სიტყვა.
22ყველა შენს მწყემსს ქარი გარეკავს, და შენი მოყვარულნი ტყვეობაში წავლენ. მაშინ შერცხვები და გაწბილდები ყველა შენი უკეთურების გამო.
23დამჯდარხარ ლიბანში, დაბუდრებულხარ კედართა შორის! როგორ გასაწყლდები, როცა ტკივილები შეგიპყრობს მშობიარე ქალივით.
24თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, ჩემი მარჯვენა ხელის ბეჭედიც რომ იყო შენ, ქონიაჰუ იეჰოაკიმის ძევ, იუდას მეფევ, წაგაძრობდი აქედან
25და მიგცემდი ხელში შენს მესისხლეს და შენს შემაშინებლებს - ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს და ქალდეველებს.
26გაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ, და იქ დაიხოცებით.
27იმ ქვეყნისკენ, საითკენაც გული გაუწევთ დასაბრუნებლად, ვეღარ დაბრუნდებიან.
28ნუთუ უღირსი ქმნილებაა, ნუთუ გადასაგდებია ეს კაცი ქონიაჰუ, როგორც უსარგებლო რამ ნივთი? რისთვის არიან გაგდებულნი ის და მისი თესლი და გადაყრილნი ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცოდნენ?
29ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ! ისმინე უფლის სიტყვა.
30ასე ამბობს უფალი: ჩაწერეთ ეს კაცი როგორც უმემკვიდრო, რომელმაც ვერ გაიხარა თავის დღეში; რადგან ვერ გაიხარებს მისი თესლიდან დავითის მოსაყდრე და იუდას განმგებელი.
Next