Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1სიტყვა, რომელიც იყო უფლისგან იერემიას მიმართ ნათქვამი, როცა მეფე ციდკიამ მიუგზავნა მას ფაშხურ მალაქიას ძე და მღვდელი სოფონია მაყასეას ძე და დააბარა სათქმელად:
2შეეკითხე ჩვენზე უფალს, რადგან საბრძოლველად მოგვადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი. იქნება მოახდინოს ჩვენთვის უფალმა თავისი სასწაულების მსგავსი რამე, და ისიც დაგვანებებს თავს.
3უთხრა მათ იერემიამ: ასე უთხარით ციდკიას:
4ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, წაგართმევთ საბრძოლო იარაღს, ხელში რომ გიჭირავთ, რომლითაც ებრძვით ბაბილონის მეფეს და მოალყე ქალდეველებს გალავანს მიღმა, და დავახვავებ მათ ამ ქალაქის შუაგულში.
5შეგებრძოლებით მოღერებული ხელით და მაგარი მკლავით, რისხვით, გაცხარებით და დიდის გააფთრებით.
6მუსრს გავავლებ ამ ქალაქის მცხოვრებლებს, კაცსა და პირუტყვს; დაიხოცებიან დიდი ჭირისგან.
7ამის შემდეგ, ამბობს უფალი, ჩავაგდებ ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მორჩილებს, ხალხს და ყველას, ვინც ამ ქალაქში ჭირს, მახვილს და შიმშილს გადაურჩა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელში, მათი მტრების ხელში, მის მესისხლეთა ხელში; და იგი მახვილით მოსრავს მათ, არ შეიწყალებს, არ შეიბრალებს, არ დაინდობს.
8ამ ხალხს კი უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი; აჰა, დამიდევს თქვენს წინაშე სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა.
9ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება. ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომელთაც ალყაში ვყავართ, გადარჩება და ნადავლად ექნება საკუთარი სიცოცხლე.
10რადგან საუბედუროდ მივაქციე ჩემი სახე ამ ქალაქისკენ, არა სასიკეთოდ, ამბობს უფალი; ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დაწვავს მას.
11იუდას მეფის სახლს: ისმინეთ უფლის სატყვა.
12დავითის სახლო! ასე ამბობს უფალი, ყოველ დილით განიკითხეთ სამართალი და იხსენით მოძალადის ხელიდან გაძარცული, თორემ ცეცხლივით ავარდკბა ჩემი რისხვა, აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი, თქვენი ავკაცობის გამო.
13აჰა, შენზე მოვდივარ, ველის მკვიდრო, ვაკის კლდეო, ამბობს უფალი, რომ ამბობთ: ვინ დაგვესხმის, ვინ შემოვა ჩვენს სადგომებშიო?
14მე დაგსჯით, როგორც იმსახურებთ, ამბობს უფალი, დავანთებ ცეცხლს მის ტყეში და ყველაფერს შეჭამს იგი თავის გარშემო.
Next