თავი - 20
Previous1გაიგონა ფაშხურ იმერის ძემ, მღვდელმა, უფლის სახლის ზედამხედველმა და წინამძღვარმა, ეს სიტყვები, იერემია რომ ქადაგებდა,
2და სცემა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველს და ჩააგდო იგი დილეგში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლში.
3მაგრამ მეორე დღეს გამოუშვა ფაშხურმა იერემია დილეგიდან და უთხრა მას იერემიამ: ფაშხურს კი აღარ დაგიძახებს უფალი, არამედ შიშის ზარს ირგვლივ.
4რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიში ზარს დაგცემ შენ და შენს მეგობრებს, დაეცემიან ისინი მტრების მახვილისგან და შენი თვალით იხილავ ამას. ბაბილონელთა მეფის ხელში ჩავაგდებ მთელს იუდას, გადაასახლებს მათ ბაბილონში და მახვილით ამოსწყვეტს.
5გავცემ ამ ქალაქის მთელს ქონებას, მთელს მის ჭირნახულს, მთელს ძვირფასეულობას და იუდას მეფეების მთელს საგანძურს, და ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, დაიტაცებენ და ბაბილონში წაიღებენ.
6და შენც, ფაშხურ, ტყვედ წახვალ ბაბილონს-მთელი შენი სახლითურთ და იქ მოკვდები; იქ დაიმარხებით შენც და ყველა შენი მეგობარი, რომელთაც ცრუდ უწინასწარმეტყველებდი.
7შენ გადამიბირე, უფალო, და მეც დაგყევი; ჩამიჭირე და დამძალე; ყოველდღე საცინლად მიგდებენ, ყველა მამასხრებს.
8როგორც კი ავლაპარაკდები, ჩივილი აღმომხდება ძარცვა-გლეჯის გამო. ამიტომაც გადამექცა უფლის სიტყვა ყოველდღიურ დაცინვად და დამცირებად.
9ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.
10რადგან მესმის ბრბოსგან ცილისწამება და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ. ჩემი მოზავენი, ჩემს დაღუპვას დადარაჯებულნი, ამბობენ: იქნებ ცთუნებაში ჩავარდეს, მაშინ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთო.
11ჩემთან არის უფალი როგორც ძლიერი მეომარი, ამიტომაც წაიფორხილებენ ჩემი მდევრები, ვერ გაიმარჯვებენ. დიდად შერცხვებიან, რომ უგუნურად მოიქცნენ. სამარადისოდ გასტანს სირცხვილი, არდასავიწყებელი.
12ცაბაოთ უფალო! სიმართლის გამომკვლეველო, გულთამხილავო! მოვესწრო შენს შურისგებას მათზე, რადგან შენთვისა მაქვს მინდობილი ჩემი სამართალი!
13უგალობეთ უფალს, ადიდეთ უფალი, რადგან იხსნის ღატაკის სიცოცხლეს ბოროტეულთა ხელიდან.
14წყეული იყოს დღე, როცა დავიბადე! დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!
15წყეული იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ვაჟი შეგეძინაო! (რაზომი იყო მისი სიხარული!)
16იმ ქალაქებივით დაემართოს ამ კაცს, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად, წივილ-კივილი ესმოდეს დილაობით და ბრძოლის ყიჟინა შუადღისას.
17ბარემ საშოშივე მოგეშთე, რომ ჩემს საფლავად ქცეულიყო დედაჩემი და მისი საშო მარად ორსული დარჩენილიყო.
18რისთვის გამოვედი საშოდან, თუ მხოლოდ სატანჯველს ვნახავდი და სირცხვილში დასრულდებოდა ჩემი დღეები.
Next