Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1ასე ამბობს უფალი: წადი, იყიდე მეთუნისგან თიხის დოქი, წაიყვანე ხალხის უხუცესნი და მღვდლების უხუცესნი.
2გადი ბენ-ჰინომის ველზე მეთუნეთა კარიბჭიდან და გამოაცხადე იქ სიტყვები, რომელთაც გეტყვი.
3თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: აჰა, მომაქვს ამ ადგილისთვის უბედურება, რომლის გამგონეს ყველას ყურები აუზრიალდება.
4ეს იმის გულისთვის, რომ დამივიწყეს და გააუცხოვეს ეს ადგილი; უკმევენ აქ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ და არც მათი მამა-პაპანი - იუდას მეფეები იცნობდნენ. აავსეს უბრალოთა სისხლით ეს ადგილი.
5აღმართეს ბაალის საკერპოები, რათა ცეცხლში დაუწვან თავიანთი შვილები ბაალს აღსავლენ მსხვერპლად, რაც არ მიბრძანებია მათთვის, არც მითქვამს, ფიქრადაც არ მომსვლია.
6ამიტომ, აჰა, ახლოვდება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰინომის ველი, არამედ სასაკლაო ველი.
7ჩავშლი იუდას და იერუსალიმის თათბირს ამ ადგილას, დავცემ მათ მახვილით მტრების თვალწინ, მათი ხელით, ვინც მოსაკლავად დასდევს მათ. გადავუყრი მათ გვამებს შესაჭმელად ცის ფრინველებს და ველის მხეცებს.
8საფრთხობელად და სასტვენელად ვაქცევ ამ ქალაქს. ყოველი ჩამვლელი შეძრწუნდება და სტვენას მოჰყვება მისი ჭრილობების შემხედვარე.
9საკუთარი ვაჟებისა და ასულების ხორცს შევაჭმევ მათ; ერთმანეთის ხორცს დაუწყებენ ჭამას ალყაში და გაჭირვებაში, როცა მტრები და მათი მესისხლენი შეაჭირვებენ მათ.
10გატეხე დოქი იმ ხალხის თვალწინ, თან რომ წამოგყვნენ.
11უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ასე გავტეხავ ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ტეხს კაცი მეთუნის ჭურჭელს, რომელიც აღარ გამრთელდება. თოფეთში დაუწყებენ დამარხვას, დასამარხავი ადგილი რომ აღარ ექნება.
12ასე მოვექცევი ამ ადგილს, ამბობს უფალი, და მის მცხოვრებლებს; თოფეთს დავამსგავსებ ამ ქალაქს.
13იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები თოფეთის ადგილივით გაუწმიდურდება; ასევე ყველა სახლი, რომლის ბანზეც ცის ვარსკვლავებს უკმევენ და უცხო ღმერთებს უღვრიან საღვრელს.
14წამოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც გაგზავნა იგი უფალმა საქადაგებლად, და გაჩერდა უფლის სახლის ეზოში და გამოუცხადა მთელს ხალხს:
15ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს ამ ქალაქისთვის და მისი დაბებისთვის უბედურება, რაც ნათქვამი მაქვს მათზე, რადგან გაჯიუტდნენ და არ გაიგონეს ჩემი სიტყვა.
Next