თავი - 18
Previous1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:
2ადექი და ჩადი მეთუნის სახლში, იქ გაგაგონებ ჩემს სიტყვას.
3ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე ბორბალს.
4როცა გაუფუჭდა ჭურჭელი, რომელსაც აკეთებდა თიხისგან თავისი ხელით, ხელმეორედ შეუდგა სხვა ჭურჭლის კეთებას, როგორიც მოსწონდა გასაკეთებლად.
5იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:
6ხომ შემიძლია ისე მოგექცეთ, როგორც ეს მეთუნე იქცევა, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი: აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო!
7ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებას და განადგურებას,
8მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი.
9ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს აშენებას და დაფუძნებას,
10მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას.
11ახლა ასე გამოუცხადე იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე თქვა უფალმა: აჰა, გიმზადებთ ბოროტს, განზრახვა მაქვს თქვენს წინააღმდეგ. მოიქცეს თითოეული თავის ბოროტი გზიდან და გამოისწოროს ზნე და საქციელი.
12ამბობენ: არამც და არამც! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალზე უნდა ვიაროთ და თითოეული ჩვენგანი თავისი ბოროტი გულისთქმის თანახმად უნდა მოიქცესო.
13ამიტომ ამბობს უფალი: აბა, შეეკითხეთ ხალხებს, ვის სმენია ამგვარი ამბავი? უსაზომო სისაძაგლენი ჩაიდინა ქალწულმა - ისრაელმა.
14თუ მიატოვებს ლიბანის თოვლი მთათა ტინებს? თუ შეწყდება შორით მომდინარი ცივი წყლები?
15მაგრამ დამივიწყა ჩემმა ერმა, ამაოებას უკმევენ; გაიმრუდეს გზა, ძველი სავალი, რომ ევლოთ გაუთელავი გზის ბილიკებით.
16რომ უდაბნოდ ექციათ თავიანთი ქვეყანა და მარად სასტვინებლად, რათა ყოველი ჩამვლელი შეძრწუნებულიყო და თავი გაექნია.
17აღმოსავლეთის ქარივით დავფანტავ მათ მათი მტრების წინაშე. ზურგს ვუჩვენებ მათ, არა სახეს, გასაჭირის ჟამს.
18თქვეს: წამო, რამე ვიღონოთ იერემიას წინააღმდეგ; რადგან არ დაკარგვია რჯული მღვდელს, რჩევის უნარი ბრძენკაცს და სიტყვა წინასწარმეტყველს. წამო და ენით ვძლიოთ მას, რომ ყურს აღარ ვუგდებდეთ მის სიტყვებსო.
19ყური მიგდე, უფალო, და ისმინე ჩემი მომჩივრების ხმა.
20განა ბოროტით უხდიან სიკეთისთვის? ორმო რომ გამითხარეს დასაღუპად? გამიხსენე შენს წინაშე მდგარი, მათ სასიკეთოდ რომ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ ამეცილებინა მათთვის.
21ამიტომ შიმშილს გააწყვეტინე მათი შვილები, მახვილზე წამოაგე, რათა შვილმკვდარნი შეიქნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები; სიკვდილმა გაწყვიტოს მათი კაცები, მახვილმა მოსრას მათი ჭაბუკები ომში.
22კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა ანაზდად ავაზაკებს მიუსევ, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფეხქვეშ იდუმალ მახეს მიგებენ.
23შენ იცი, უფალო, რომ ყველაფერს ღონობენ ჩემს მოსაკლავად! ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და ცოდვებს ნუ წარუხოცავ მათ შენს თვალთაგან. აყვნენ დამხობილნი შენს წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ!
Next