თავი - 17
Previous1რკინის საჭრეთელით არის დაწერილი იუდაელთა ცოდვები და ალმასის წვერით არის ამოკვეთილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე.
2ამიტომაც ახსოვთ მათ შვილებს თავიანთი სამსხვერპლოები და აშერები ხემხვივანებთან და მაღალ ბორცვებზე.
3ჩემს მთას მინდვრად, შენს დოვლათს და მთელს განძეულობას დავატაცებინებ, შენს გორაკებს ცოდვის გამო მთელს შენს საზღვრებში.
4შენც წაგერთმევა სამკვიდრო, რთშელიც შენთვის მქონდა მოცემული, და დაგამორჩილებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღაგზნეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს.
5ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს.
6იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.
7კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
8იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.
9უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?
10მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.
11მწყერი აზის კვერცხებს, რომლებიც თავად არ დაუდვია. ასეთია კაცი, რომელიც უსამართლოდ იხვეჭს ქონებას; ცხოვრების შუაძალზე გამოეცლება ხელიდან და საბოლოოდ ცარიელზე დარჩება.
12დიდების ტახტი ამაღლებულია დასაბამიდან, ჩვენი საწმიდარის ადგილსამყოფელი.
13ისრაელის სასოებავ, უფალო! ყველა შერცხვება, ვინც კი მიგატოვებს. შენგან განდგომილნი ქვიშაზე დაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცხოველმყოფელი წყაროსთვალი - უფალი.
14განმკურნე, უფალო, და განვიკურნები! გადამარჩინე და გადავრჩები, რადგან შენა ხარ ჩემი დიდება.
15აჰა, მეუბნებიან ისინი: სად არის უფლის სიტყვა? აბა, ახდესო!
16არ გაგგქცევივარ მწყემსობისგან; შენ იცი, შავი დღე არ მსურდა. შენს წინაშეა, რაც გამოდის ჩემი პირიდან.
17ნუ მექმნები დამღუპველად, ჩემო საყუდარო გასაჭირში!
18სირცხვილი ჭამონ ჩემმა მდევრებმა, მე ნუ შევრცხვები! შიში ჭამონ, მე ნუ შევშინდები! შავი დღე მოუტანე, ლეწე და კვლავ ლეწე ისინი.
19ასე მითხრა უფალმა: წადი და დადექი საერთო კარიბჭესთან, რომლითაც შემოდიან და გადიან იუდას მეფეები, და იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან,
20უთხარი მათ: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფეებო, მთელო იუდავ და იერუსალიმის მკვიდრნო, ამ კარიბჭეებში შემომსვლელნო!
21ასე ამბობს უფალი: თავს გაუფრთხილდით, შაბათ დღეს ტვირთს ნუ აიკიდებთ და იერუსალიმის კარიბჭეებში ნუ შემოიტანთ.
22ნუ გამოიტანთ ტვირთს სახლიდან შაბათ დღეს და ნურაფერ საქმეს ნუ გააკეთებთ. იუქმეთ შაბათი დღე, როგორც თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა ნაბრძანები,
23მაგრამ არ ისმინეს და ყური არ მომაპყრეს; გაჯიუტდნენ, რომ არ ესმინათ და ჭკუა არ ესწავლათ.
24თუ ახლა კარგად გამიგონებთ, ამბობს უფალი, და არ შემოიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებში შაბათ დღეს ტვირთს, იუქმებთ შაბათ დღეს, არაფერ საქმეს არ გააკეთებთ ამ დღეს,
25შემოვლენ ამ ქალაქის კარიბჭეებში მეფეები და მთავრები, დავითის ტახტზე მსხდომარენი, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრებულნი, როგორც თვითონ, ისე მათი მთავრები, იუდაელნი და იერუსალიმის მკვიდრნი, და უკუნისამდე იარსებებს ეს ქალაქი.
26მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის ქვეყნიდან, ბარიდან და მთიდან, და სამხრეთოდან მოიტანენ აღსავლენს, საკლავს და შესაწირავს, გუნდრუკს და სამადლობელ ძღვენს უფლის სახლში.
27თუ არ გამიგონებთ - არ იუქმებთ შაბათ დღეს და აიკიდებთ ტვირთს, შემოხვალთ შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში, მაშინ ცეცხლს წავუკიდებ მის კარიბჭეებს და ცეცხლი შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.
Next