Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:
2ნუ მოიყვან ცოლს და ნუ გეყოლება ვაჟები და ასულები ამ ადგილზე.
3რადგან ასე ამბობს უფალი ვაჟებზე და ასულებზე, რომლებიც ამ ადგილზე დაიბადებიან, დედებზე, რომლებიც მათ შობენ და მამებზე, რომლებიც მათ ჩასახავენ ამ ქვეყანაში.
4საზარელი სიკვდილით დაიხოცებიან, დაუტირებელნი და დაუმარხავნი ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით ამოწყდებიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა კერძი გახდება.
5რადგან ასე ამბობს უფალი: ნუ შეხვალ მგლოვიარე სახლში, ნუ წახვალ მათ სატირალზე მისასამძიმრებლად, რადგან ჩემი მშვიდობა წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ჩემი მადლი და თანაგრძნობა.
6დაიხოცებიან დიდნი და მცირენი ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს მათ და არც დაიტირებს, არავინ ჩამოიხოკავს სახეს და მათთვის თავს არ გადაიპარსავს.
7არავინ გატეხს პურს ჭირისუფლის სანუგეშებლად, არავინ შეასმევს მათ სანუგეშებელ თასს მამისა და დედის გამო.
8არ წახვიდე ლხინის სახლში მათთან ერთად დასაჯდომად, სმად და ჭამად.
9რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გავაუქმებ ამ ადგილას თქვენს თვალწინ და თქვენს მოსწრებაში - ხმას შვებისას და ხმას მხიარულებისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას.
10როცა იქნება და გამოუცხადებ ამ ხალხს ყველა ამ სიტყვას და შეგეკითხებიან: რისთვის გვიპირებს უფალი ამ დიდ უბედურებას? რა დანაშაული გვაქვს, რა შევცოდეთ ჩვენს უფალ ღმერთსო?
11უპასუხე: იმისთვის, რომ მიმატოვა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს უფალი, წაყვნენ უცხო ღმერთებს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. მიმატოვეს და ჩემი რჯულიც დაივიწყეს.
12თქვენ კი თქვენს მამა-პაპას გადააჭარბეთ ბოროტებაში, აჰყოლიხართ ბოროტ გულისთქმას და ყურს არ მიგდებთ.
13ამიტომაც გაგაგდებთ ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ და არც თქვენი მამა-პაპა იცნობდა, რათა დღედაღამ ემსახუროთ იქ უცხო ღმერთებს, რადგან შეუბრალებელი ვიქნები თქვენს მიმართ.
14აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისრაელიანებიო,
15არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა ისრაელიანები ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც კი განდევნილი ჰყავდა ისინიო, რადგან დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამა-პაპას მივეცი.
16აჰა, გამოვგზავნი უამრავ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად. მერე გამოვგზავნი ურიცხვ მონადირეს, და ჩამორეკავენ მათ ყველა მთიდან და ყველა გორაკიდან, კლდის ნაპრალებიდან.
17რადგან თვალი მიჭირავს ყველა მათ გზაზე, ვერ დამემალებიან და არც მათი დანაშაული დაიფარება ჩემს თვალთაგან.
18ჯერ ორმაგად ვაზღვევინებ მათ მათი დანაშაულისა და ცოდვების გამო, რომ წარყვნეს ჩემი მიწა. საკერპო გვამებით და სისაძაგლეებით რომ აავსეს ჩემი სამკვიდრო.
19უფალო, ჩემო ძალავ და ძლიერებავ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის ჟამს, შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრა ჩვენმა მამა-პაბამ, მხოლოდ არარაობა, სარგებლობა რომ არ ჰქონია.
20თუ შექმნის ადამიანი თავისთვის ღმერთებს? არ იქნებიან ისინი ღმერთები!
21ამიტომ, აჰა, ჭკუას ვასწავლი მათ ამჯერად: დავანახვებ ჩემს მკლავსა და ძლიერებას, და ეცოდინებათ, რომ უფალია ჩემი სახელი.
Next