თავი - 15
Previous1მითხრა უფალმა: მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემს წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე. გაყარე ჩემგან, წავიდნენ.
2თუ გკითხეს: სად წავიდეთო? მიუგე: ასე თქვა უფალმა: ვისაც შავი ჭირი უწერია - შავი ჭირისკენ, ვისაც მახვილი - მახვილისკენ, ვისაც შიმშილი - საშიმშილოდ, ვისაც ტყვეობა - ტყვეობაში.
3მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს - დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს - შესაჭმელად და გასანადგურებლად.
4საფრთხობელად გაგხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის იუდას მეფის, მენაშე ხიზკიას ძის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში.
5რადგან ვის შეებრალები, იერუსალიმო? ვის დაენანები? ვინ მოტრიალდება, რომ იკითხოს შენი ამბავი?
6შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ.
7გავანიავე ისინი სანიავებლით ქვეყნის კარიბჭეთა მიღმა; ძირიანად ამოვაგდე, გავანადგურე ჩემი ერი, რადგან არ მოიქცნენ თავიანთი გზიდან.
8ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი.
9ღონემიხდილია შვიდის მშობელი, სულს ღაფავს, შუადღისას ჩაესვენა მისი მზე; შერცხვენილია და გაწბილებული. დანარჩენებს მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე, ამბობს უფალი.
10ვაიმე, დედაჩემო, მთელი ქვეყნის მბრალდებელად და მოდავედ რომ გიშობივარ! არც გამისესხებია და არცვის უსესხებია ჩემგან, და მაინც ყველანი მე მწყევლიან.
11ამბობს უფალი: რომ არ გამეთავისუფლებინე სასიკეთოდ, არც მტრებს მოგისევდი სიმძიმილის და გასაჭირის ჟამს.
12რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს?
13შენს დოვლათს და განძეულობას, რაც შენს საზღვრებშია, უსასყიდლოდ დავატაცებინებ ყველა შენი ცოდვის გამო.
14შენს მტრებს გავატან ქვეყანაში, რომელიც შენ არ იცი; რადგან ჩემი რისხვით ანთებული ცეცხლი თქვენ შემოგენთებათ.
15შენ იცი, უფალო, გამიხსენე და მომხედე, გაუსწორდი ჩემს მდევრებს. ნუ დამღუპავს შენი სულგრძელობა; იცოდე, შენი გულისთვის ვითმენ დამცირებას.
16ნაპოვნია შენი სიტყვები და მე ვჭამე ისინი; შვება და გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.
17ლაზღანდარებში არ ვმჯდარვარ და არ გავლაღებულვარ; ცალკე ვიჯექი შენს ხელქვეშ, რადგან ამავსე ბრაზით.
18ამდენხანს რად გასტანა ჩემმა სენმა? რატომ გამიარჯლდა ჭრილობა და არ იკურნება? მატყუარა ხევი ხარ ჩემთვის, წყალგამშრალი.
19ამიტომ ასე ამბობს უფალი: თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები. ისინი მობრუნდნენ შენსკენ, შენ არ მიუბრუნდე მათ.
20დაგაყენებ ამ ხალხის წინ სპილენძის მაგარ კედლად; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთან ვიქნები, რომ გიხსნა და დაგიფარო, ამბობს უფალი.
21დაგიფარავ ბოროტმოქმედთაგან და დაგიხსნი უწყალოთა ხელიდან.
Next