Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2წაიყვანე აარონი და მისი შვილები, აიღე შესამოსელი, მირონი, ცოდვის გამოსასყიდი ხბო, ორი ვერძი და ერთი კალათა ხმიადი,
3და შეჰყარე მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
4ისე მოიქცა მოსე, როგორც უფალმა უბრძანა. შეჰყარა მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
5უთხრა მოსემ საზოგადოებას: აი, რას გვიბრძანებს უფალი გასაკეთებლად.
6მიიყვანა მოსემ აარონი და მისი შვილები და წყლით დაბანა ისინი.
7კვართი ჩააცვა, სარტყელი შემოარტყა, მოსასხამი მოასხა, ეფოდი ჩამოაცვა, შემოარტყა ეფოდის სარტყელი და დაუმაგრა ეფოდი.
8გაუკეთა გულისპირი და გულისპირზე ურიმი და თუმიმი მიუმაგრა.
9თავზე მიტრა დაადგა და მიტრაზე წინა მხრიდან მიუმაგრა ოქროს ჯიღა, სიწმიდის გვირგვინი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
10აიღო მოსემ მირონი და სცხო სავანეს და ყველაფერს, რაც მასში იყო, და განწმიდა.
11ასხურა სამსხვერპლოს შვიდგზის და სცხო სამსხვერპლოს და მთელს ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს მათ განსაწმედად.
12თავზე დააღვარა მირონი აარონს და სცხო მას განსაწმედად.
13მიიყვანა მოსემ აარონიანები და შემოსა ისინი კვართით, შემოარტყა სარტყელი და მოახვია თავსაბურავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
14მოიყვანა ცოდვის გამოსასყიდი ხბო და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ცოდვის გამოსასყიდ ხბოს.
15დაკლა იგი მოსემ, თითებით მოიღო მისი სისხლი და ირგვლივ სცხო სამსხვერპლოს რქებს და მოჰხოცა ცოდვა სამსხვერპლოს. დანარჩენი სისხლი კი დაღვარა სამსხვერპლოს ძირში და განწმიდა.
16აიღო მთელი ქონი, რაც შიგნეულზე იყო, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი და მათი ქონი და დაწვა ისინი მოსემ სამსხვერპლოზე.
17ხბო, მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი განავალი ცეცხლში დაწვა ბანაკის გარეთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
18მოიყვანა აღსავლენი ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.
19დაკლა იგი მოსემ და მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ.
20ასო-ასო აქნა ვერძი და დაწვა მოსემ მისი თავი, ნაჭრები და ქონი.
21შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხა მოსემ და დაწვა მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი კეთილსურნელებად; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისთვის.
22მოიყვანა მოსემ მეორე ვერძი, მღვდლად კურთხევის ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.
23დაკლა იგი მოსემ, აიღო მისი სისხლი და სცხო აარონს მარცხენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
24მოიყვანა აარონიანები და სცხო მათაც სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის ცერზე. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ მოსემ.
25აიღო ქონი, დუმა, შიგნეულის მთელი ქონი, ღვიძლის ბადექონი. ორივე თირკმელი და მათი და მარჯვენა ბეჭი,
26აიღო ხმიადის კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იყო, ერთი უსაფუარო ნამცხვარი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი და ქონებზე და მარჯვენა ბეჭზე დააწყო ისინი.
27ხელზე დაუწყო აარონს და მის შვილებს და შეარხია ისინი უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად.
28აიღო ისინი მოსემ მათი ხელიდან და დაწვა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად. ეს არის მღვდლად კურთხევის შესაწირავი კეთილსურნელებად. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
29აიღო მოსემ მკერდი და შეარხია იგი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. მღვდლად კურთხევის შესაწირავი ვერძიდან წილი ჰქონდა მოსეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
30აიღო მოსემ მირონი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო, და შესამოსელზე ასხურა აარონს და მის შვილებს, და განწმიდა აარონი და მისი შესამოსელი და აარონის შვილები და მათი შესამოსელი.
31უთხრა მოსემ აარონს და მის შვილებს: მოხარშეთ ხორცი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ხორცი და პური, რომელიც მღვდლად კურთხევის კალათშია, როგორც გიბრძანეთ, აარონმა და მისმა შვილებმა ჭამონ-მეთქი.
32მორჩენილი ხორცი და პური ცეცხლში დაწვით.
33არ მოსცილდეთ სადღესასწაულო კარვის შესასვლელს შვიდი დღის მანძილზე, სანამ თქვენი მღვდლადკურთხევის დღეები არ მოთავდება; რადგან შვიდ დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი მღვდლად კურთხევა.
34როგორც დღეს შესრულდა, ასე ჰქონდა ნაბრძანები უფალს, რომ გაგვეკეთებინა თქვენს განსაწმედად.
35სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან იყავთ დღისით და ღამით, შვიდ დღეს, და შეასრულეთ უფლის სამსახური, რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები.
36ყველაფერი ისე გააკეთეს აარონმა და მისმა შვილებმა, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.
Next