Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1მეშვიდე დღეს უხმო მოსემ აარონს, მის შვილებს და ისრაელის უხუცესებს.
2უთხრა აარონს: აიყვანე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და ვერძი აღსავლენად, საღნი, და შესწირე უფლის წინაშე.
3ასე უთხარი ისრაელიანებს: აიყვანეთ თხა ცოდვის გამოსასყიდად, ხბო და ბატკანი, ორწლიანები, საღნი, აღსავლენად.
4ხარი და ვერძი სამადლობელად უფლის წინაშე დასაკლავად, საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი.
5მოიყვანეს სადღესასწაულო კარვის წინ ყოველივე, რაც მოსემ უბრძანა; ახლოს მოდგა მთელი საზოგადოება და გაჩერდა უფლის წინაშე.
6თქვა მოსემ: ეს არის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა, და თქვენც გამოგეცხადებათ უფლის დიდება.
7უთხრა მოსემ აარონს: ახლოს მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე შენი ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი და აღსავლენი, და გამოითხოვე შენდობა შენთვის და ერისთვის; მიიტანე ერის შესაწირავი და გამოითხოვე მისთვის შენდობა, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს.
8ახლოს მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდად.
9მიუტანეს სისხლი შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირას დაღვარა.
10თავისი ცოდვის გამოსასყიდის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი სამსხვერპლოზე დაწვა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
11ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.
12დაკლა აარონმა აღსავლენი და მიუტანეს მას შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს.
13აღსავლენი ნაჭრებად მიუტანეს თავთან ერთად და დაწვა იგი სამსხვერპლოზე.
14გარეცხა შიგნეული და კიდურები და დაწვა ისინი აღსავლენთან ერთად.
15შესწირა ერის შესაწირავი: მოიყვანა თხა ერის ცოდვის გამოსასყიდად და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისათვის, როგორც პირველი.
16შესწირა აღსავლენი და წესისამებრ გაამზადა.
17შესწირა საძღვნო და ხელი აივსო იმით, და დაწვა სამსხვერპლოზე დილის აღსავლენის გარდა.
18დაკლა ხარი და ვერძი სამადლობელ მსხვერპლად ხალხისგან და მიუტანეს აარონს მისმა შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს.
19მიუტანეს ხარის ქონები და ვერძის დუმა, შიგნეულის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი.
20დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე.
21მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხეველად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს.
22გაიშვირა ხელი აარონმა ერისკენ და დალოცა ისინი, და ჩამოვიდა ძირს, როცა მორჩა ცოდვის გამოსასყიდს, აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს.
23შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში, გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება.
24გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შეჭამა სამსხვერპლოზე დაწყობილი აღსავლენი და ქონები. იხილა მთელმა ერმა. აღმოხდათ სიხარულის ხმა და პირქვე დაემხნენ.
Next