Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1ეს არის დანაშაულის გამოსასყიდის წესი; ეს წმიდათა წმიდაა.
2სადაც აღსავლენი იკვლის, იმ ადგილზე უნდა დაიკლას დანაშაულის გამოსასყიდიც და მისი სისხლი ირგვლივ მოესხუროს სამსხვერპლოს.
3შესწიროს მისგან მთელი ქონი, დუმა და ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია.
4ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცალოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს.
5დაწვას ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი.
6ყოველმა სამღვდელო მამაკაცმა ჭამოს იგი; წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა.
7ერთი წესი აქვს ცოდვის გამოსასყიდს და დანაშაულის გამოსასყიდს: იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისი მეოხებით გამოითხოვს შენდობას.
8აღსავლენის ტყავი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს აღსავლენს.
9ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხვება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს მას.
10ყოველი საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი თუ მშრალი ყველას ეკუთვნის აარონიანთაგან, როგორც ერთს, ისე მეორეს.
11ეს არის წესი სამადლობელი მსხვერპლისა, რომელსაც სწირავს კაცი უფალს.
12თუ მადლობისთვის სწირავს, უნდა შესწიროს ზეთში აზელილი უსაფუარო ნამცხვრები, ზეთწაცხებული უფუარი კვერები, გამტკიცული ფქვილი და ზეთში აზელილი. ნამცხვრები.
13საფუარიან ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირავი თავის სამადლობელ მსხვერპლთან ერთად.
14ერთი ნაწილი თითოეული შესაწირავიდან უფლისადმი აღსამართავი იყოს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც ასხურებს სამადლობელის სისხლს.
15სამადლობელის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭმოს; დილისთვის არ უნდა დარჩეს.
16თუ მისი შესაწირავი აღთქმული ან ნებაყოფლობითი მსხვერპლია, შეწირვის დღეს შეიჭმება იგი; რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს.
17მსხვერპლის ხორციდან რაც მესამე დღეს მორჩება, ცეცხლში უნდა დაიწვას.
18თუ სამადლობელი მსხვერპლის ხორციდან მესამე დღეს შეჭამს, არ იქნება სათნო: არაფრად ჩაეთვლება მის შემწირველს, სიბილწე იქნება ეს და ცოდვა დაეკისრება მის მჭამელს.
19ხორცი, რომელიც რამე უწმიდურს მიეკარა, არ იჭმევა, ცეცხლში უნდა დაიწვას. ვინც განწმენდილია, იმას შეუძლია შეჭამოს.
20თუ ვინმე უწმიდურობაში შეჭამს უფლის სამადლობელ მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
21თუ ვინმე უწმიდურს რასმე შეეხება, იქნება ეს ადამიანის უწმიდურება, უწმიდური პირუტყვი, გინა რაიმე უწმიდური ქვემძრომი, და შეჭამს უფლის სამადლობელი მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
22ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
23უთხარი ისრაელიანებს: არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის, და არც თხის ქონი.
24ლეშის ქონი და ნამხეცავის ქონი შეიძლება გამოიყენოთ ყველა საქმეში, ჭამით კი არ ჭამოთ.
25რადგან ვინც შეჭამს პირუტყვის ქონს, რომელიც შეწირულია საცეცხლოდ უფლისადმი, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
26არსად არ ჭამოთ თქვენს საცხოვრებლებში არავითარი სისხლი, არც ფრინველისა და არც პირუტყვისა.
27ყველა, ვინც კი შეჭამს რაიმე სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
28ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
29უთხარი ისრაელიანებს: უფლისადმი სამადლობელი მსხვერპლის შემწირველმა მიუტანოს თავისი შესაწირავი უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან.
30საკუთარი ხელით მიუტანოს უფალს საცეცხლო მსხვერპლი: ქონი მკერდთან ერთად მიუტანოს, რომ შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე.
31დაწვას მღვდელმა ქონი სამსხვერპლოზე, მკერდი კი აარონისა და მისი შვილებისაა.
32მარჯვენა ბეჭი თქვენი სამადლობელი შესაწირავიდან მიეცი მღვდელს აღსამართავად.
33ვინც სამადლობელი მსხვერპლის სისხლს და ქონს სწირავს აარონიანთაგან, მას ეკუთვნის წილად მარჯვენა ბეჭი.
34რადგან შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი გამოვართვი ისრაელიანებს მათი სამადლობელი მსხვერპლიდან და დავუწესე აარონს და მის შვილებს სამარადისო არჩივად ისრაელიანთაგან.
35ეს არის წილი აარონისა და წილი მისი შვილებისა უფლისადმი შეწირული საცეცხლოდან მას შემდეგ, რაც წარდგენილ იქნენ ისინი სამღვდელოდ უფლის წინაშე;
36რომელიც დააწესა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ეს არის სამარადისო წესი მათ თაობებში.
37ეს არის რჯული აღსავლენისთვის, საძღვნოსთვის, ცოდვისთვის, დანაშაულისთვის, ხელავსებისთვის და სამადლობელი მსხვერპლისთვის,
38რომელიც დაუწესა უფალმა მოსეს სინაის მთაზე, როდესაც უბრძანა ისრაელიანებს სინაის უდაბნოში მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის.
Next