Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2თუ ვინმე შესცოდავს და უპატიოსნოდ მოიქცევა უფლის მიმართ - უარს ეტყვის თავის მახლობელს შესანახად მიბარებულზე და მითვისებულზე, ან წართმეულზე, ან რამეს გამოსტყუებს თავის მახლობელს,
3ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს, ცრუდ დაიფიცებს რაიმეზე, რასაც ადამიანი აკეთებს და სცოდავს,
4და როცა შესცოდავს და ბრალი დაედება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წაართვა ან გამოტყუებული, რაც გამოსტყუა, ან მიბარებული, რაც მიიბარა, ან დაკარგული, რაც იპოვნა,
5ან რაზეც ცრუდ დაიფიცა, სრულად უნდა ზღოს ყველაფერი და მისი მეხუთედიც დაუმატოს. უნდა დაუბრუნოს პატრონს ბრალდების დღესვე.
6დანაშაულის გამოსასყიდად უნდა მიუყვანოს მღვდელს უფლისათვის საღი ვერძი ფარიდან, რაც არ უნდა ღირდეს.
7გამოითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი უფლისაგან და მიეტევება მას ყოველი დანაშაული, რაც კი ჩადენილი აქვს.
8ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
9უბრძანე აარონს და მის შვილებს: ეს არის-თქო აღსავლენის წესი: სამსხვერპლოზე უნდა იდოს აღსავლენი მთელი ღამე დილამდე; სამსხვერპლოს ცეცხლი უნდა ენთოს იქ.
10შეიმოსოს მღვდელმა თავისი სელის სამოსელი და შიშველ ტანზე სელის საწმერთული ჩაიცვას, გადმოიღოს ნაცარი, რომელიც სამსხვერპლოზე დარჩა აღსავლენის დაწვის შემდეგ, და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს.
11გამოიცვალოს სამოსელი და ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე გაიტანოს ნაცარი.
12ცეცხლი ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს; ყოველ დილას შეშა შეუკეთოს მღვდელმა და აღსავლენი დააწყოს ზედ; დაწვას მასზე სამადლობელი მსხვერპლის ქონი.
13ცეცხლი მუდამ ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს.
14აჰა, საძღვნო შესაწირავის წესი: შესწირონ იგი აარონიანებმა უფლის წინაშე სამსხვერპლოს წინა მხრიდან.
15აიღოს მუჭით საძღვნო შესაწირავიდან გამტკიცული ფქვილი, ზეთი და მთელი საკმეველი და დაუწვას სამსხვერპლოზე უფალს კეთილსურნელებად, სამახსოვროდ.
16რაც დარჩება, აარონმა და მისმა შვილებმა შეჭამონ. უფუვრად უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე, სადღესასწაულო კარვის ეზოში უნდა შეჭამონ.
17საფუარიანი არ უნდა გამოცხვეს. ამას ვაძლევ მათ წილად საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს წმიდათა წმიდაა, როგორც ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი.
18ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩივად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა.
19ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
20ეს არის აარონის და მისი შვილების შესაწირავი, რომელიც უნდა შესწირონ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი საძღვნო მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილისთვის, ნახევარი საღამოსთვის.
21ტაფაზე ზეთში უნდა მომზადდეს; მოზელილი უნდა მოიტანო, ნამცხვრის წილობებად უნდა შესწიროს უფალს კეთილსურნელებად.
22მღვდელმა, ცხებულმა აარონის ადგილზე მის შვილთაგან შეასრულოს ეს - სამარადისო წესი უფლისთვის. მთლიანად უნდა დაიწვას.
23მღვდლისგან შეწირული საძღვნო მთლიანად უნდა დაიწვას, არ უნდა შეიჭამოს.
24ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
25უთხარი აარონს და მის შვილებს: აჰა, ეს არის ცოდვის გამოსასყიდის წესი: იმ ადგილას, სადაც აღსავლენი იკვლება, უნდა დაიკლას უფლის წინაშე ცოდვის გამოსასყიდი. ეს წმიდათა წმიდაა.
26მღვდელმა, რომელიც სწირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა შეჭამოს იგი; წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს, სადღესასწაულო კარვის ეზოში.
27ყველა, ვინც იმ ხორცს მიეკარება, წმიდაა; თუ სისხლი მიესხურება სამოსელს, ნასხურები წმიდა ადგილზე გარეცხე.
28თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი მოიხარშა, უნდა დაიმტვრეს; თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, უნდა გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს.
29ყველა მამაკაცმა სამღვდელოთაგან უნდა ჭამოს - წმიდათა წმიდაა იგი.
30ცოდვის გამოსასყიდი არცერთი მსხვერპლი, რომლის სისხლიც სადღესასწაულო კარავში შეაქვთ საწმიდარში შენდობის გამოსათხოვად, არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას.
Next