Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1კაცი, რომელმაც შესცოდა იმით, რომ გაიგონა წყევლის ხმა, გინა მოწმე იყო, გინა დაინახა, გინა იცოდა, მაგრამ არ გააცხადა, დამნაშავეა.
2თუ კაცი, რომელიც თავისდაუნებურად შეეხება რაიმე უწმიდურ საგანს: გინა უწმიდური მხეცის მძორს, გინა უწმიდური საქონლის მძორს, გინა უწმიდური ქვემძრომის მძორს, გაუწმიდურებულია და დამნაშავეა.
3ანთუ თვისდა უნებურად შეეხება ადამიანის უწმიდურობას, რა უწმიდურობანიც არ უნდა იყოს, რითაც უწმიდურდება კაცი, და გაიგებს, დამნაშავეა.
4თუ ვისმე თავისდა უნებურად ბაგიდან წასცდება ფიცი ავზე ან კარგზე, ყველაფერზე, რაზეც კაცს წასცდება ხოლმე ფიცი, და მიხვდება, დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში.
5და თუ დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში, უნდა აღიაროს, რომ ცოდვა აწევს,
6და მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდი - დედალი ცხვარი ან თხა, და მღვდელი ცოდვის შენდობას გამოითხოვს მისთვის.
7თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, მიუყვანოს უფალს ჩადენილი დანაშაულის გამოსასყიდად ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი; ერთი ცოდვის გამოსასყიდად, მეორე - აღსავლენად.
8მიუყვანოს ისინი მღვდელს, ხოლო მღვდელმა ჯერ ცოდვის გამოსასყიდი შესწიროს: კისერი გადაუგრიხოს, მაგრამ თავი არ მოაცალოს.
9მოასხუროს ცოდვის გამოსასყიდის სისხლი სამსხვერპლოს კედელს, დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში უნდა ჩაიწეროს. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.
10მეორე აღსავლენად უნდა გაამზადოს წესისამებრ და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას.
11თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე და მტრედის ორ ხუნდზე, მიიტანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ერთი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი; ნუ დაღვრის მასზე ზეთს და ნურც საკმეველს დადებს ზედ, რადგან ეს ცოდვის გამოსასყიდია.
12მიუტანოს იგი მღვდელს; აიღოს იქიდან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვროდ და დაწვას სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.
13გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას. რაც დარჩება, მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი.
14ასე უთხრა უფალმა მოსეს:
15თუ ვინმე გადავა წესს და უნებურად შესცოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება (საწმიდარის შეკელის მიხედვით).
16რა სიწმიდესაც შესცოდა, უნდა ზღოს და მისი მეხუთედიც დაუმატოს, მისცეს მღვდელს და მღვდელი გამოითხოვს მისთვის შენდობას გამოსასყიდი ვერძით და მიეტევება მას.
17თუ ვინმე უნებურად შესცოდავს, ჩაიდენს უფლის მცნების საწინააღმდეგოს რასმე, რისი გაკეთებაც არა ხამს, დადანაშაულდება და ცოდვა დაეკისრება,
18მიუყვანოს მღვდელს ცოდვის გამოსასყიდად საღი ვერძი ფარიდან, რაც უნდა ღირდეს, და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ცოდვის შენდობას, რომელიც განუზრახველად და უნებურად ჰქონდა ჩადენილი, და მიეტევება.
19ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი, რა დანაშაულიც უფლის წინაშე ჩაიდინა.
Next