თავი - 4
Previous1ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2ასე უთხარი ისრაელიანებს: თუ ვინმე უნებურად შესცოდავს და დაარღვევს უფლის მცნებებს, აკრძალულს რასმე ჩაიდენს,
3თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და ხალხიც დანაშაულში გარია, შესწიროს უფალს ცოდვის გამოსასყიდელ მსხვერპლად საღი ხბო.
4მიიყვანოს ხბო სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან - უფლის წინაშე, დაადოს ხელი თავზე და დაკლას ხბო უფლის წინაშე.
5აიღოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი და შეიტანოს იგი სადღესასწაულო კარავში.
6ამოაწოს თითი სისხლში და შვიდგზის მოასხუროს სისხლი საწმიდარის ფარდას უფლის წინაშე.
7სცხოს სისხლი მღვდელმა უფლის წინაშე სურნელებათა საკმევი აამსხვერპლოს რქებს, რომელიც სადღესასწაულო კარავშია; ხბოს დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენი სამსხვერპლოს ძირას, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან რომ არის.
8აღმართოს ცოდვის გამოსასყიდელი ხბოს მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა,
9ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს.
10ისევე როგორც ხარი შეიწირება სამადლობელ მსხვერპლად, ასევე დაწვას ისინი მღვდელმა აღსავლენ სამსხვერპლოზე.
11ხბოს ტყავი, მთელი მისი ხორცი, თავ-ფეხი, შიგნეული და განავალი -
12მთელი ხბო - გაიტანოს ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარს ყრიან, და შეშაზე დაწვას ცეცხლში; ნაცარის დასაყრელზე უნდა დაიწვას.
13თუ მთელმა ისრაელის საზოგადოებამ შესცოდა უნებურად და ეს საქმე დაიფარება კრებულის თვალთაგან, უფლისაგან აკრძალულს გააკეთებენ და დააშავებენ,
14მერე ჩადენილი ცოდვა გამომჟღავნდება, მაშინ კრებულმა ცოდვის გამოსასყიდად ხბო უნდა შესწიროს, სადღესასწაულო კარვის წინაშე უნდა მოიყვანოს იგი.
15დაასხან ხბოს ხელი თავზე საზოგადოების უხუცესებმა უფლის წინაშე და დაკლან ხბო უფლის წინაშე.
16შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი სადღესასწაულო კარავში.
17ამოაწოს მღვდელმა სისხლში თითი და შვიდგზის მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე.
18ცხოს სისხლი სამსხვერპლოს რქებს, რომელიც უფლის წინაშე დგას, სადღესასწაულო კარავში; დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არის.
19აართვას მთელი ქონი და სამსხვერპლოზე დაწვას.
20გაამზადოს ეს ხბო, როგორც ცოდვის გამოსასყიდი ხბო გაამზადა; ასი გაამზადოს და შენდობას გამოითხოვს მათთვის მღვდელი და მიეტევებათ მათ.
21გაიტანოს ხბო ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც ის წინანდელი ხბო დაწვა. ეს არის კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი.
22თუ თავკაცი ვინმე შესცოდავს - უფლის, თავისი ღვთის აკრძალულს რასმე ჩაიდენს უნებურად და დააშავებს,
23მერე მიხვდება თავის ცოდვას, რაც ჩაიდინა, - მამალი, საღი თხა მიიყვანოს შესაწირავად.
24დაადოს თხას თავზე ხელი და დაკლას იმ ადგილზე, სადაც აღსავლენი იკვლება უფლის წინაშე. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.
25აიღოს მღვდელმა თითით ცოდვის გამოსასყიდის სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხვერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.
26მთელი მისი ქონი სამსხვერპლოზე დაწვას, როგორც სამადლობელი მსხვერპლის ქონს წვავს. გამოითხოვს ცოდვის შენდობას მისთვის მღვდელი და მიეტევება მას.
27თუ ვინმე უბრალო ხალხიდან უნებურად შესცოდავს, უფლისგან აკრძალულს რასმე ჩაიდენს და დააშავებს,
28და მერე მიხვდება თავის ჩადენილ ცოდვას, - დედალი, საღი თხა შესწიროს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად.
29დაადოს თავზე ხელი ცოდვის გამოსასყიდს და დაკლას ცოდვის გამოსასყიდი აღსავლენის ადგილას.
30აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხეერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.
31აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლს და დაწვას იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის. გამითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას.
32თუ ცხვარს შესწირავს ცოდვის გამოსასყიდად, დედალი, საღი შესწიროს.
33დაადოს თავზე ხელი ცოდვის გამოსასყიდს და დაკლას ცოდვის გამოსასყიდად, როგორც აღსავლენი იკვლის.
34აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხვერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.
35აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლად შეწირულ ცხვარს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლთან ერთად. გამოითხოვს მისთვის ჩადენილი ცოდვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას.
Next