თავი - 27
Previous1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ ვინმე უფლისადმი აღთქმული სულიერის სანაცვლოდ რამეს შესწირავს,
3ოციდან სამოც წლამდე მამრის საფასური უნდა იყოს ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი საწმიდარის შეკელით;
4თუ მდედრია, მისი საფასური ოცდაათი შეკელი უნდა იყოს.
5თუ ხუთიდან ოც წლამდეა - მამრის საფასური ოცი შეკელი, მდედრისა კი ათი შეკელი უნდა იყოს.
6თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, მამრის საფასური ხუთი შეკელი ვერცხლი, მდედრისა კი სამი შეკელი ვერცხლი უნდა იყოს.
7თუ სამოც წელზე მეტისაა, მამრის საფასური თხუთმეტი შეკელი, მდედრისა კი ათი შეკელი უნდა იყოს.
8თუ სიღარიბის გამო საფასურის გადახდა არ შეუძლია, წარუდგინოს მღვდელს და მღვდელი შეაფასებს; როგორადაც ხელი მიუწვდება აღმთქმელს, ისე შეაფასოს მღვდელმა.
9თუ ისეთი პირუტყვია, მსხვერპლად რომ შეიწივის უფლისათვის, უფლისადმი მიცემული ყველაფერი წმიდა უნდა იყოს.
10არ უნდა შეცვალოს, არ იქნება მისი შენაცვლება - კარგისა ცუდით ან ცუდისა კარგით; თუ ვინმე შეცვლის პირუტყვს პირუტყვით, ესეც და მისი სანაცვლოც წმიდა უნდა იყოს.
11თუ პირუტყვი უსურმაგია, რომელიც მსხვერპლად არ შეიწირვის უფლისათვის, წარუდგინონ პირუტყვი მღვდელს,
12შეაფასოს მღვდელმა მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს, ისე იყოს.
13თუ მის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი დაუმატოს.
14თუ ვისმე სახლის შეწირვა უნდა უფლის საწმიდარად, მღვდელმა შეაფასოს მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს მას, ისე ეღირება.
15თუ სახლის შემწირველი თავისი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურის მეხუთედი დაუმატოს და მისი იქნება.
16თუ თავის საკუთარ ყანას სწირავს უფალს, საფასური ნათესის კვალობაზე უნდა განისაზღვროს; ერთ ხომერ ნათეს ქერზე ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი.
17თუ ზეიმის წლიდან სწირავს თავის ყანას, საფასურისდა მიხედვით შესწიროს.
18თუ ზეიმის შემდეგ სწირავს თავის ყანას, მღვდელმა ზეიმის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით უნდა იანგარიშოს ვერცხლი და საფასურიდან გამოიქვითოს.
19თუ ყანის გამოსყიდვას მოინდომებს მისი შემწირველი, საფასურის მეხუთედი ვერცხლი დაუმატოს და დაუბრუნდება.
20თუ არ გამოისყიდის ყანას და სხვა კაცს მიეყიდება, ვეღარ გამოისყიდის.
21როცა ყანა გასულია ზეიმის წელს, ის უფლის წმიდაა, როგორც დარისხებული ყანა; მღვდლის საკუთრება უნდა იყოს.
22თუ სწირავს უფალს თავის ნაყიდ ყანას, რომელიც მისი წილი ყანებიდან არ არის,
23უანგარიშოს მღვდელმა საფასურის რაოდენობა ზეიმის წლამდე და ეს კაცი იმდღესვე გადაიხდის საფასურს, როგორც საწმიდარს უფლისთვის.
24ზეიმის წელს ყანა დაუბრუნდება მას, ვისგანაც ნაყიდი იყო, ვისაც მიწის ნაკვეთი ეკუთვნის.
25ყოველი საფასური საწმიდარის შეკელის მიხედვით იყოს: ოცი გერა ერთი შეკელი უნდა იყოს.
26ოღონდ პირუტყვის პირველმოგებულს, რომელიც პირმშოობით უფლისაა, ვერვინ შეწირავს; ხარი იქნება თუ ცხვარი, უფლისაა.
27თუ პირუტყვი უსურმაგია, საფასურით უნდა იქნას გამოსყიდული და მისი მეხუთედიც დაემატოს; თუ არ იქნება გამოსყიდული, მის საფასურად უნდა გაიყიდოს.
28ოღონდ ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა, თავისი საბადებლიდან - ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრილი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა.
29ყოველი დარისხებული, რაც ადამიანმა დაარისხა, არ გამოისყიდება; უნდა მოკვდეს.
30ყოველი მეათედი მიწისა, მიწის ნათესისა, ხის ნაყოფისა უფლისაა, უფლის წმიდაა.
31თუ ვინმე თავისი მეათედის გამოსყიდვას დააპირებს, მისი მეხუთედი დაუმატოს.
32ყოველი მეათედი ხარ-ძროხისა და ცხვრისა, ყოველი მეათე კომბლის ქვეშ გამავალთა შორის, უფლის წმიდაა.
33არ უნდა შემოწმდეს მისი ავ-კარგი და არ უნდა იქნას შენაცვლებული; თუ შეინაცვლება, შენაცვლებულთან ერთად ისიც წმიდა იქნება, ვერ გამოისყიდება.
34აჰა, წესები, რომლებიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანთათვის სინაის მთაზე.
Next