თავი - 26
Previous1არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
2ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარების გეშინოდეთ. მე ვარ უფალი.
3თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ,
4თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს.
5ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ.
6მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე.
7გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე.
8ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათიათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე.
9მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებ თქვენთვის მოცემულ აღთქმას.
10შეჭამთ ძველისძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს.
11ჩემს სავანეს დავიდებ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული.
12ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით.
13მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით; დავწყვიტე თქვენი უღლის აპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ.
14თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს,
15თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას,
16მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ.
17პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
18და თუ მაინც არ დამიჯერებთ, შვიდგზის მოგიმატებთ სასჯელს თქვენი ცოდვებისთვის.
19გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად - თქვენს მიწას,
20ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები - თავის ნაყოფებს.
21თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურისგდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.
22მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს; გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენც დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები.
23თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას,
24მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.
25მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებად და თქვენ შეიხვეტებით თქვენ-თქვენს ქალაქებში. ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.
26როცა გაგიწყვეტ პურის სახსარს, ათი დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით.
27თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას,
28მეც გამოვალ თქვენს წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.
29თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ.
30გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს, დავახვავებ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებს თქვენ ჩემი სული.
31გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენს საწმიდარებს; აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას.
32დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან.
33მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.
34მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს.
35იუქმებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით.
36დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.
37წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ.
38დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა.
39დანარჩენები დაილევით თქვენი ცოდვების გამო მტრების ქვეყნებში. თქვენი მამა-პაპის ცოდვების გამოც დაილევით.
40თუ გამოტყდებიან თავიანთ ცოდვებში და მამა-პაპის ცოდვებში, რომ მიმტყუნეს და ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდნენ,
41მეც რომ წავედი მათ წინააღმდეგ და მათი მტრების ქვეყანაში გადავასახლე ისინი, თუ მოეთრგუნებათ დაუცვეთავი გულები, მაშინ გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს.
42და მეც გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან. ისაკთან დადებულ აღთქმასაც და აბრაამთან დადებულ აღთქმასაც გავიხსენებ; ქვეყანასაც გავიხსენებ.
43მიწა მიტოვებული იქნება მათგან და გამოისყიდის თავის შაბათებს, როცა მათგან დაცარიელდება. ისინი კი გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს, რომ შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემი წესები შეიზიზღა მათმა სულმა.
44და მაინც, მტრის ქვეყანაში მათი ყოფნის დროსაც კი არ შევიძულებ მათ და არ შევიზიზღებ მოსასპობად, მათთან დადებული აღთქმის დასარღვევად. რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
45მათთვის გავიხსენებ ჩემს აღთქმას წინაპრებთან, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ხალხების თვალწინ, რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი.
46აჰა, წესები, სამართალი და რჯული, რომელიც დადო უფალმა თავისსა და ისრაელიანთა შორის სინაის მთაზე, მოსეს ხელით.
Next