თავი - 25
Previous1ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა:
2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, იუქმოს მიწამ შაბათი უფლისათვის.
3ექვს წელიწადს თესავდე შენს ყანას, ექვს წელიწადს სხლავდე შენს ვენახს და იღებდე მოსავალს.
4მეშვიდე დღეს კი საუქმო შაბათია მიწისათვის, უფლის შაბათი. ყანა არ დათესო და ვენახი არ გასხლა.
5ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ყურძენი არ მოკრიფო. უქმი წელიწადი იყოს მიწისათვის.
6მიწის უქმობის დროს გქონდეთ საჭმელად შენ და შენს ყმას, შენს ყმაქალს, ქირისკაცს და მდგმურს, რომელიც შენთან დგას,
7შენს პირუტყვს და ცხოველებს, რომლებიც შენს მიწაზე არიან, მთელი მოსავალი გქონდეთ საჭმელად.
8გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი.
9დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში, თვის მეათე დღეს; შენდობის დღეს დაჰკარით ბუკს მთელს თქვენს ქვეყანაში.
10წმიდაჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი.
11ზეიმი იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი. არ თესოთ და არ მკათ ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული, არ მოკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან.
12რადგან ზეიმია ეს, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის. ყანიდან ჭამეთ მისი მოსავალი,
13ამ ზეიმის წელს დაუბრუნდეს კაცი თავის სამკვიდრებელს.
14როცა რაიმეს მიჰყიდი შენს თვისტომს ან რამეს იყიდი შენი თვისტომისგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს.
15ზეიმის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი თვისტომისგან, მოსავლის აღების წლების ანგარიშით მოგყიდოს.
16თუ ბევრია წლები, გაზარდე ფასი; თუ მცირეა წლები, დაუკელი ფასს, რადგან მოსავლის ანგარიშით მოგყიდის.
17ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და გეშინოდეს შენი ღვთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
18შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში.
19მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღრისად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ იქ.
20თუ იკითხავთ, რა ვჭამოთო მეშვიდე წელს, თუ არ დავთესეთ და თუ არ ავიღეთო მოსავალი,
21ვბრძანებ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს და მოიყვანს მოსავალს სამი წლისთვის.
22დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ, ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს.
23მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან.
24მთელ თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.
25თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაჰყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული.
26თუ კაცს გამომსყიდველი არა ჰყავს და თავად ხელი მიუწვდება და იშოვის გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა,
27იანგარიშოს გაყიდვიდან გასული წლები, მონარჩენი მყიდველს დაუბრუნოს და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს.
28თუ გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, ვერ იშოვნის, გაყიდული მის მყიდველს დარჩება ზეიმის წლამდე. ზეიმის წელს ჩამოერთმევა და პატრონი თავის სამკვიდრებელს დაუბრუნდება.
29თუ კაცი გალავნიან ქალაქში საცხოვრებელ სახლს გაყიდის, გაყიდვიდან ერთი წლის გასვლამდე შეეძლება გაყიდულის გამოსყიდვა. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს.
30თუ მთელი წლის გასვლამდე არ იქნა გამოსყიდული, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს თაობიდან თაობაში. ზეიმის წელს არ ჩამოერთმევა.
31ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა.
32ლევიანთა ქალაქები, მათი სამკვიდრებელი ქალაქების სახლები, ყოველთვის შეუძლიათ გამოისყიდონ ლევიანებმა.
33თუ ლევიანთაგან ვინმე გამოსყიდვას მოინდომებს, გაყიდული სახლი და მისი სამკვიდრებელი ქალაქი ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათი სამკვიდრებელია ისრაელიანთა შორის.
34მათი ქალაქების გარშემო ყანების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო სამკვიდრებელია.
35თუ შენი მოძმე გაღარიბდება და შენს თვალწინ გაჭირვებაში ჩავარდება, შეეშველე მას, მდგმური იქნება თუ ხიზანი, და იცხოვროს შენთან.
36ნუ აიღებ მისგან სარგებელს და ვახშს - შენი ღვთისა გეშინოდეს! - და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან.
37ვერცხლს სავახშოდ ნუ გასცემ და სარგებლისთვის ნუ გასცემ შენს საჭმელს.
38მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მომეცა თქვენთვის ქანაანის ქვეყანა, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი.
39როცა შენი მოძმე გაღარიბდება შენს თვალწინ, და შენ მოგეყიდება, მონურად ნუ ამუშავებ.
40ქირისკაცივით, ხიზანივით უნდა იყოს შენთან ზეიმის წლამდე იმუშაოს შენთან.
41მერე კი წავიდეს შენგან თავის ბავშვებიანად და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს, თავისი მამა-პაპის სამკვიდრებელში დაბრუნდეს.
42რადგან ჩემი ყმებია ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. ყმებად არ უნდა გაიყიდონ ისინი.
43ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენი ღმერთის გეშინოდეს.
44ყმა და ყმაქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმა ქალი.
45იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქვენთან, და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი.
46დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით.
47თუ შეძლებული გახდა შენთან მყოფი მდგმური ან ხიზანი, შენი მოძმე კი გაღარიბდა და შენთან მყოფ მდგმურს ან ხიზანს ან მდგმურის საგვარეულოს ნაშიერს მიეყიდა,
48მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოხსნა. ერთ-ერთი მისი მოძმეთაგანი გამოიხსნის მას;
49ან ბიძა, ან ბიძაშვილი გამოიხსნის მას; ან მისი სისხლით ნათესავი მისი საგვარეულოდან გამოიხსნის ან თუ სახსარი აქვს, თავად გამოიხსნას თავი.
50გაუსწოროს ანგარიში თავის მყიდველს იმ წლიდან, რაც მიეყიდა მას, ზეიმის წლამდე. მისთვის გადახდილი ვერცხლი წლების კვალობაზე უნდა დაუბრუნოს და დღიური ქირით იმუშავებს მასთან.
51თუ კიდევ ბევრი წელია დარჩენილი, ამის კვალობაზე დაუბრუნებს გამოსახსნელს მიყიდვის დროს აღებული ვერცხლიდან.
52თუ ზეიმის წლამდე ცოტა წელია დარჩენილი, იანგარიშოს და წლების კვალობაზე დაუბრუნოს გამოსახსნელი.
53ქირისკაცად უნდა დარჩეს მასთან ამ წლების მანძილზე. არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ.
54თუ ამ გზით ვერ გამოიხსნის თავს, ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად.
55რადგან ჩემი ყმები არიან ისრაელიანები, ჩემი ყმები არიანი ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
Next