თავი - 24
Previous1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა ზეთი, დაწურული, გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.
3მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ სადღესასწაულო კარავში დადგას იგი აარონმა, რომ მუდმივად იყოს უფლის წინაშე დილიდან საღამომდე. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში.
4სუფთა სასანთლეზე უნდა ჰქონდეს მუდმივად დადგმული ლამპრები უფლის წინაშე.
5აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე თორმეტი პური; მეათედი ეფა უნდა იყოს თითოეული პური.
6ორ რიგად დააწყვე ისინი, თითოეულ რიგში ექვსი, სუფთა ტაბლაზე უფლის წინაშე.
7დადევი თითო რიგში გასუფთავებული საკმეველი და იყოს პურად, სამახსოვროდ, უფლის საცეცხლო მსხვერპლად.
8შაბათობით უნდა ჰქონდეთ დაწყობილი მუდმივად უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო აღთქმა ისრაელიანთაგან.
9აარონისთვის და მისი შვილებისთვის უნდა იყოს. ჭამონ იგი წმიდა ადგილას, რადგან წმიდათა წმიდაა იგი მათთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს არის სამარადისო წესი.
10მოვიდა ისრაელიანთა შორის ისრაელიანი დედაკაცის და ეგვიპტელი კაცის შვილი და წაეკიდნენ ბანაკში ისრაელიანი დედაკაცის შვილი და ისრაელიანები.
11აგინებდა ისრაელიანი დედაკაცის შვილი უფლის სახელს და ილანძღებოდა. მიუყვანეს იგი მოსეს (დედა მისი იყო შელომითი, დიშრის ასული, დანის ტომიდან).
12და ჰყავდათ საპყრობილეში, ვიდრე უფლის განაჩენს გაიგებდნენ.
13ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
14გაიყვანეთ მაგინებელი ბანაკის გარეთ და ყველამ ვინც გაიგონა, დაადოს ხელი თავზე და ქვით ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ.
15ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც თავის ღმერთს ლანძღავს, ცოდვას იდებს.
16უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს.
17ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
18პირუტყვის მკვლელმა სული სულის წილ უნდა ზღოს.
19ვინც რამე ზიანს მიაყენებს თავის თვისტომს, მასაც ისევე უნდა მოექცნენ, როგორც თავად მოიქცა.
20მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. რა ზიანიც მიაყენა ადამიანს, მასაც იგივე ზიანი უნდა მიაყენონ.
21პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი; ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
22ერთი სამართალი უნდა გქონდეთ მდგმურისთვის და მკვიდრისთვის. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
23გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს და გაიყვანეს მაგინებელი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
Next