Eleos

Contents

თავი - 23

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: აჰა, საუფლო დღესასწაულები, როდესაც უნდა გამოაცხადო ისინი - წმიდა შეკრებულობანი. აჰა, ჩემი დღესასწაულები.
3ექვსი დღე აკეთეთ საქმე; მეშვიდე დღეს კი განსვენების შაბათია, წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს იყოს უფლის შაბათი მთელს თქვენს სცხოვრებლებში.
4აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმიდა შეკრებულობანი, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თავ-თავის დროზე:
5პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს უფლის პასექია.
6ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს საუფლო ხმიადობის დღესასწაულია. შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ.
7პირველ დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
8შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს შვიდი დღის განმავლობაში. მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
9ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
10ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, და სამკალს მკას დაუწყებთ, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ.
11შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე თქვენს დასამწყალობნებლად.
12მოამზადეთ ძნის შერხევის დღეს წელგამოვლილი საღი ცხვარი უფლისთვის აღსავლენად.
13სამაგისო საძღვნო - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და სამაგისო ზედაშე მეოთხედი ჰინი ღვინო.
14არც პური, არც ქუმელი, არც ბურღული არ ჭამოთ ამ დღემდე, ვიდრე უფალს შესაწირავს არ მიართმევთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ.
15გადაითვალეთ შაბათის მეორე დღიდან, იმ დღიდან, როცა შესარხევი ძნა მიიტანეთ, შვიდი სრული შაბათი.
16მეშვიდე შაბათის მეორე დღემდე, გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ ახალი საძღვნო უფალს.
17თქვენ-თქვენი საცხოვრებლებიდან მიიტანეთ შესარხეველი პური. ორი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს; საფუარიანი უნდა გამოცხვეს - პირველმოწეულ ნაყოფად უფლისათვის.
18მიაყოლეთ პურს შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი, ერთი ხბო და ორი ვერძი. ესენი იქნება აღსავლენი უფლისათვის, საძღვნო და ზედაშე - საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
19გაამზადეთ ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად და ორი წელგამოვლილი ცხვარი სამადლობელ მსხვერპლად.
20შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე პირველმოწეულ პურთან და ორ ცხვართან ერთად. ეს იყოს საუფლო საწმიდარი მღვდლისათვის.
21გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში.
22როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას მკის დროს, სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ, ღარიბ-ღატაკს და მდგმურს დაუტოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
23ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
24უთხარი ისრაელიანებს: მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს უქმე გქონდეს - გახსენება ბუკისცემისა, წმიდა შეკრებულობა.
25არაფერი საქმე არ აკეთოთ და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს.
26ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
27ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ თავი და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს.
28არაფერი საქმე არ აკეთოთ ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა იგი, რათა მიგეტევოთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე.
29ვინც ამ დღეს თავს არ დაიმდაბლებს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
30ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს, გადავაშენებ მას თავისი ხალხიდან.
31არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში.
32უქმის შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. თვის მეცხრე დღეს საღამოდან საღამომდე იუქმეთ, თქვენი შაბათი.
33ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
34ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია შვიდი საუფლო დღე.
35პირველ დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
36შვიდი დღის მანძილზე შესწირავდეთ საცეცხლო მსხვერპლს უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. ეს სადღესასწაულო შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
37აჰა, საუფლო დღესასწაულები, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თქვენ - წმიდა შეკრებულობანი, რომ შესწიროთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს - აღსავლენი, საძღვნო საკლავი და ზედაშე დაწესებულ დღეებში,
38გარდა საუფლო შაბათებისა, გარდა თქვენი ძღვენისა, გარდა შეთქმული შესაწირავისა და გარდა სამოწყალო მისატანისა, რომელიც უფალთან მიგაქვთ ხოლმე.
39მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, მიწის მოსავლის აღებისას, შვიდ დღეს - იდღესასწაულეთ საუფლო დღესასწაული. პირველ დღეს - უქმე და მეშვიდე დღეს - უქმე.
40აიღეთ პირველ დღეს ჰადარის ხის ნაყოფი, ფინიკის მტევნები, ძეწნისა და ტირიფის რტოები და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე შვიდ დღეს.
41იდღესასწაულეთ იგი - საუფლო დღესასწაული შვიდ დღეს წელიწადში. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.
42კარვებში იცხოვრეთ შვიდ დღეს. ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კარვებში იცხოვროს;
43იმისათვის, რომ იცოდნენ თქვენმა შთამომავლებმა, რომ კარვებში დავასახელე ისრაელიანები, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
44გამოუცხადა მოსემ საუფლო დღესასწაულები ისრაელიანებს.
Next