თავი - 22
Previous1ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2უთხარი აარონს და მის შვილებს, ეკრძალონ ისრაელიანთა საწმიდარებს და არ შეურაცხყონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი. მე ვარ უფალი.
3უთხარი მათ: ყველა, ვინც კი თქვენი თესლთაგანი თქვენს მოდგმაში გაუწმიდურებული მიუახლოვდება საწმიდარებს, რომლებსაც ისრაელიანები სწირავენ უფალს, უნდა მოიკვეთოს ჩემი პირიდან. მე ვარ უფალი.
4კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს,
5ან ვინც მიეკარება რომელიმე ქვეწარმავალს, რომლისგანაც უწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას რაიმე უწმიდურობით, -
6კაცი, რომელიც ყოველივე ამას მიეკარება, საღამომდე გაუწმიდურებულია და საწმიდარს ვერ შეჭამს, თუ ტანი წელით არ დაიბანა.
7ჩავა მზე და ისიც გაწმიდავდება. მაშინ შეუძლია შეჭამოს საწმიდარი, რადგან ეს მისი პურია.
8ლეში და ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რომ არ გაუწმიდურდეს. მე ვარ უფალი.
9ახსოვდეთ ჩემი გაფრთხილებები, რომ ცოდვა არ დაიდონ და ცოდვიანები არ დაიხოცონ, როცა შეურაცხყოფენ მას. მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
10უცხომ არავინ ჭამოს საწმიდარი; მღვდლის მდგმურმა და ქირის კაცმა არ უნდა ჭამოს საწმიდარი.
11მღვდლის მიერ საკუთარი ვერცხლით ნაყიდს შეუძლია ჭამოს იგი; მის სახლში დაბადებულებს შეუძლიათ ჭამონ მისი პური.
12მღვდლის ქალიშვილს, რომელიც უცხო კაცზეა გათხოვილი, არ შეუძლია ჭამოს შეწირული სსაწმიდარები.
13მღვდლის ქალიშვილს, რომელიც დაქვრივებულია ან ქმარგაცილებული, ნაშიერი არა ჰყავს და მამის სახლშია დაბრუნებული, როგორც ყმაწვილქალობისას იყო, შეუძლია ჭამოს მამამისის პური. უცხომ არ არავინ უნდა ჭამოს.
14ვინც შეცდომით შეჭამს საწმიდარს, მისი მეხუთედი უნდა დაუმატოს და მღვდელს მისცეს საწმიდარი.
15არ უნდა შეურაცხყონ ისრაელის საწმიდარები, რომლებსაც უფალს სწირავენ.
16არ უნდა დაიდონ ცოდვა საწმიდარების ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
17ასე უთხრა უფალმა მოსეს:
18გამოუცხადე აარონს და მის შვილებს და მთელს ისრაელობას და უთხარი: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ისრაელის მდგმურთაგან მიიტანს თავის შესაწირავს, შეთქმულს ან სამოწყალოს, რასაც აღსავლენად სწირავენ უფალს,
19იმისათვის, რომ დამწყალობნდეთ, საკლავი უნაკლო უნდა იყოს, ხარი იქნება, ვერძი თუ ვაცი.
20არ შესწიროთ საკლავი, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, რადგან ვერ დამწყალობნდებით.
21თუ ვინმე შესწირავს უფალს სამადლობელ მსხვერპლს აღთქმის თანახმად თუ სამოწყალოდ, ხარს ან ცხვარს, უნაკლო უნდა იყოს, რომ დამწყალობნდეს. არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს.
22ბრმა ან დამტვრეული, ან დასახიჩრებული, ან დამუწუკებული, ან ქეციანი, ან მუნიანი არ შესწიროთ უფალს; არც საცეცხლო მსხვერპლად არ დაუდოთ უფალს სამსხვერპლოზე.
23ხარი ან ცხვარი, რომელსაც ყური ან კუდი მოგლეჯილი აქვს, შეგიძლია სამოწყალო მსხვერპლად შესწირო; შეთქმულისთვის კი სამწყალობნო არ იქნება.
24საქონელი, რომელსაც ყვერები დაჭყლეტილი, ან დაჩეჩქვილი, ან მოგლეჯილი, ან მოჭრილი აქვს, არ შესწირო უფალს. თქვენს მიწაზე ეს არ გააკეთოთ.
25უცხოელის ხელიდან მოცემულ პურს ნუ შესწირავთ თქვენს ღმერთს, რადგან გაფუჭებულია, ნაკლი აქვს. არ დამწყალობნდებით.
26ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
27როცა გაჩნდება ხბო, ან ბატკანი, ან ციკანი, შვიდ დღეს დედასთან ამყოფეთ; რვა დღის შემდეგ უკვე ივარგებს საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.
28არ დაკლათ ძროხა, ან ცხვარი, ან თხა, ერთ დღეს თვის ნაშიერთან ერთად.
29როდესაც სამადლობელ მსხვერპლს უკლავთ უფალს, თქვენს დასამწყალობნებლად დაკალით.
30იმავე დღეს უნდა შეჭამოთ, დილამდე არ მოირჩინოთ. მე ვარ უფალი.
31დაიცავით ჩემი ბრძანებები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი.
32არ შეურაცხყოთ ჩემი წმიდა სახელი, რომ წმიდა ვიყო ისრაელიანთა შორის. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდამყოფელი,
33რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი.
Next