თავი - 21
Previous1უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის შვილებს, და უთხარი მათ: არავინ გაიბინძუროს თავი თავის ხალხში მკვდრის შეხებით.
2თუ სისხლით ნათესავია - დედა ან მამა, ვაჟი ან ძმა,
3ან ქალწული და, ან ახლობელი ქალი, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიბინძუროს თავი.
4ქმარმა არ უნდა გაიბინძუროს თავი თავის სალხში, რომ არ წაიბილწოს.
5თავს ნუ გადაიკრეჭენ, ღაწვებზე თმას ნუ მოიპარსავენ, ტანზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ.
6წმიდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთისთვის და არ უნდა შეურაცხყონ თავიანთი ღვთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო მსხვერპლს, თავიანთი ღვთის პურს, სწირავენ ისინი. წმიდები უნდა იყვნენ.
7ბოზი და გარყვნილი არ უნდა ითხოვონ ცოლად; არც ქმარს გაცილებული არ უნდა ითხოვონ, რადგან წმიდა არის იგი თავისი ღვთისთვის.
8წმიდად გყავდეს იგი, რადგან ის სწირავს შენი ღვთის პურს. წმიდა იყოს იგი შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი წმიდამყოფელი.
9მღვდლის ქალიშვილი, რომელმაც ბოზობით თავი შეირცხვინა, მამამისის შემარცხვენელია იგი. ცეცხლში უნდა დაიწვას.
10მღვდელმთავარი თავისი საძმოდან, რომელსაც თავზე მირონის ზეთი აქვს ცხებული და ხელი აქვს ავსებული შესამოსელის სატარებლად, თავს არ უნდა იშიშვლებდეს და შესამოსელს არ უნდა იხევდეს.
11არცერთ მკვდარს არ უნდა მიეკაროს, არც მამას და არც დედას, რომ არ გაბინძურდეს.
12საწმიდარიდან არ უნდა გადიოდეს, არ უნდა შეურაცხყოს თავისი ღვთის საწმიდარი, რადგან მისი ღვთის მირონით არის იგი ცხებული. მე ვარ უფალი.
13ცოლად ქალწული უნდა ითხოვოს.
14ქვრივი, ქმარს გაცილებული, შერცხვენილი, ბოზი და ამგვარნი არ უნდა ითხოვოს. მხოლოდ ქალწული უნდა ითხოვოს ცოლად თავისი ხალხიდან.
15არ უნდა წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში. რადგან მე ვარ უფალი, მისი წმიდამყოფელი.
16ასე უთხრა უფალმა მოსეს:
17ასე უთხარი აარონს: ნაკლის მქონე კაცმა შენს შთამომავალთაგან არ შესწიროს თავისი ღვთის პური.
18რადგან არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს, არა აქვს შეწირვის უფლება - არც ბრმას, არც კოჭლს, არც ცხვირჩაჭყლეტილს, არც ცხვირწაშვერილს,
19არც ფეხმოტეხილს, არც ხელმოტეხილს,
20არც კუზიანს, არც დამჭლევებულს. არც თვალლიბრიანს, არც მუნიანს, არც ქეციანს, არც კვერცხებჩაჭყლეტილს,
21არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს აარონ მღვდლის შთამომავლობაში, არა აქვს უფლება უფლის საცეცხლო მსხვერპლის შეწირვისა; ნაკლია მასში. არა აქვს უფლება თავისი ღვთის პურის შეწირვისა.
22თავისი ღვთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს.
23ოღონდ კრეტსაბმელთან ვერ მივა და სამსხვერპლოს ვერ მიეკარება, რადგან ნაკლი აქვს. არ უნდა წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
24ელაპარაკა მოსე აარონს, მის შვილებს და მთელს ისრაელობას.
Next