Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2ისრაელიანებს უთხარი: თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს.
3პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმიდარი გაეუწმიდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა.
4თუ ხალხი თვალს მოარიდებს ამ კაცს, როდესაც იგი თავის შვილს მოლოქისთვის სწირავს, და არ მოკლავს მას,
5მე მივაპყრობ პირს ამ კაცისკენ და მის საგვარეულოსკენ და ხალხის წიაღიდან მოვკვეთ მას და მის კვალზე ყველა გაუკუღმართებულს, რომლებიც უკუღმართობენ მოლოქის კვალზე.
6თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან.
7წმიდაჰყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
8დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.
9ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.
10ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.
11ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავის მამას სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
12ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ. სისაძაგლე აქვთ ჩადენილი. მათზეა მათი სისხლი.
13ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
14ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენს შორის.
15ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ.
16თუ ქალი საქონელთან სამაკინტლოდ მივა, მოკალი ქალიც და საქონელიც. უნდა დაიხოცონ. მათზეა მათი სისხლი.
17ვინც წაიყვანს თავის დას, თავისი მამის ასულს, ან თავისი დედის ასულს, და ორივენი დაინახავენ ერთმანეთის სიშიშვლეს, სამარცხვინოა და უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის თვალწინ. თავის დას სიშიშვლე აჰხადა. ცოდვა აწევს.
18ვინც წიდოვან ქალთან დაწვება და სიშიშვლეს გამოუჩენს, კაცი სადინელს გაუშიშვლებს და ქალი სისხლის სადინელს გამოაჩენს, ორივენი უნდა მოიკვეთონ თავისი ხალხის წიაღიდან.
19შენი დედის დას და შენი მამის დას სიშიშვლე არ გამოუჩინო, რადგან ეს საკუთარი ხორცის გაშიშვლებაა, ცოდვა დაედებათ.
20ვინც ბიცოლასთან დაწვება, ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს, მათ ცოდვა დაედებათ: უშვილოები დაიხოცებიან.
21ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება. ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან.
22დაიცავით ყველა ჩემი წესი და ყველა ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი, რომ არ გადმოგანთხიოთ მიწამ, სადაც შეგიყვანთ საცხოვრებლად.
23ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყარო თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ, და მე განვურისხდი მათ.
24მე გითხარით: თქვენ დაისაკუთრებთ მათ მიწა-წყალს. მე გაძლევთ მას დასასაკუთრებლად, ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისგან.
25გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი; და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი.
26წმიდები იყავით ჩემთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისაგან, რომ ჩემი ყოფილიყავით.
27თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ. მათზეა მათი სისხლი.
Next