თავი - 19
Previous1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
3თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
4პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისკენ და ნუ გაიჩენთ ჩამოსხმულ ღმერთებს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5როცა უფლისათვის სამადლობელი საკლავის დაკვლას დააპირებთ, დაკალით თქვენს სამწყალობნოდ.
6საკლავის დაკვლის დღესაც ჭამეთ და მეორე დღესაც; მესამე დღეს მორჩენილი ცეცხლში უნდა დაიწვას.
7თუ მესამე დღეს შეიჭამა საკლავი, ეს სისაძაგლე იქნება, წყალობა არ გამოვა.
8ვინც შეჭამს, ცოდვა დაედება მას, რადგან უფლის სიწმიდე წაბილწა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
9როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას; სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ.
10ვენახსაც ნუ მოიმცვრვვ, ყურძნის ბიმბილებს ნუ აკრებ ძირიდან; ღარიბ-ღატაკსა და მდგმურს დაუტოვე ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!
11არ იქურდოთ, არ ითვალთმაქცოთ, ერთმანეთი არ მოატყუოთ.
12ცრუ ფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღვთის სახელს. მე ვარ უფალი!
13ნუ შეავიწროებ შენს თვისტომს, და ნუ გაძარცვავ; ნუ დაიტოვებ დილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს.
14ნუ გაქურდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საბრკომს. გეშინოდეს შენი ღვთისა. მე ვარ უფალი!
15უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი.
16ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში, ნუ აღდგები შენი თვისტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი!
17მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი; ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე.
18ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი!
19დაიცავით ჩემი წესები: პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან; ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს.
20თუ ვინმე ქალთან დაწვება თესლის მიღვრით, ის კი ქმრის დანიშნული მონაქალია, არ არის გამოსყიდული ან თავისუფლება არა აქვს მიცემული, დანაშაულად ჩაითვლება. თუმცა იგი არ არის მოსაკვდინებელი, რადგან ქალი გათავისუფლებული არ ყოფილა.
21მიუტანოს დანაშაულის გამოსასყიდად უფალს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან დანაშაულის ვერძი.
22შეუნდობს მას მღვდელი დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე ცოდვას, რომელიც ჩადენილი აქვს, და ეპატიება ცოდვა, რომელიც ჩადენილი აქვს.
23როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რაიმე ხეხილს, დაუცვეთელად ჩათვალეთ მისი ნაყოფი; სამ წელიწადს დაუცვეთელი იყოს თქვენთვის; არ იჭმევა.
24მეოთხე წელს ყოველი მისი ნაყოფი უფლისათვის უნდა შეიწიროს.
25მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რომ გემატოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
26ნურაფერს შეჭამთ სისხლთან ერთად. ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ.
27ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.
28ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი!
29ნუ წააბილწვინებ თავს შენს ასულს გასარყვნელად, რომ არ წაიყვნას მიწა და არ აივსოს იგი ბიწიერებით.
30ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი!
31ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!
32ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი!
33თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში, ნუ შეავიწროვებ მას.
34როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენს შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
35ნუ იცრუებთ ნურც სასამართლოზე, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში.
36სწორი სასწორი, სწორი საწონები, სწორი ეფა, სწორი პინი უნდა გქონდეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.
37დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი!
Next