თავი - 18
Previous1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
3ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ეგვიპტეში, სადაც თქვენ ცხოვრობდით. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ქანაანის ქვეყანაში, სადაც მიმყავხართ; ნუ მიჰყვებით მათ წესებს.
4ჩემი სამართალი აღასრულეთ და ჩემი წესები დაცავით, მათ მიჰყევით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი; ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი.
6არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად. მე ვარ უფალი.
7არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენს და დედაშენს; დედაა შენი, არ აჰხადო მას სიშიშვლე.
8არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლს, ეს მამაშენის სიშიშვლეა.
9არ აჰხადო სიშიშვლე შენს დას, მამაშენის ასულს ან დედაშენის ასულს, შინ დაბადებულს ან გარეთ დაბადებულს.
10არ აჰხადო სიშიშვლე შენი ვაჟის ასულს ან შენი ქალიშვილის ასულს, რადგან ეს შენი სიშიშვლეა.
11არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულს, მამაშენის ნაშობს; შენი და არის იგი.
12არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის დას, მამაშენის სისხლი და ხორცია იგი.
13არ აჰხადო სიშიშვლე დედაშენის დას, რადგან დედაშენის სისხლი და ხორცია იგი.
14არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ძმას; ნუ მიეკარები მის ცოლს; შენი ბიცოლაა იგი.
15არ აჰხადო სიშიშვლე შენს რძალს; შენი ვაჟის ცოლია იგი; არ აჰხადო მას სიშიშვლე.
16არ აჰხადო სიშიშვლე შენი ძმის ცოლს; შენი ძმის სიშიშვლეა ეს.
17არ აჰხადო სიშიშვლე ცოლსა და მის ასულს; არ ითხოვო მისი ვაჟის ასული და მისი ქალიშვილის ასული სიშიშვლის ასახდელად; სისხლი და ხორცნი არიან ისინი. ეს გარყვნილებაა.
18არ ითხოვო შენი ცოლისდა ერთმანეთის სამტროდ, რომ ხდიდე მას სიშიშვლეს მის გვერდით მთელი მისი სიცოცხლე.
19წიდოვნების დროს არ მიეკარო ცოლს სიშიშვლის ასხდელად.
20არ შეეყო თესლით შენი ახლობელის ცოლს, გაგაუწმიდურებს.
21შენი თესლიდან არავინ მისცე მოლოქის ცეცხლში გასატარებლად, არ შეაგინო შენი ღვთის სახელი. მე მარ უფალი.
22არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა.
23არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმიდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინ სამაკინტლოდ; ეს სიბილწეა.
24არცერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმიდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმიდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან.
25გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი.
26დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენს შორის რომ მდგმურობს.
27რადგან ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენს წინაშეა; და გააუწმიდურეს მიწა.
28რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ.
29რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან.
30შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმიდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
Next