Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2ელაპარაკე აარონს, მის შვილებს, მთელს ისრაელობას და უთხარი ეს სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა:
3თუ ვინმე ისრაელიანთაგანი ან ხარს, ან ცხვარს, ან თხას ბანაკში დაკლავს ან ბანაკის გარეთ დაკლავს,
4სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს, რომ უფლის სავანესთან შესწიროს უფალს, ამ კაცს სისხლი მიეკითხება. მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
5იმისთვის, რომ მიიყვანონ ისრაელიანებმა საკლავი, რომელსაც ველზე კლავენ, რომ მიუყვანონ მღვდელს სადღესასწაულო კარავთან უფლისათვის და დაუკლან სამადლობელ მსხვერპლად უფალს.
6დაასხუროს მღვდელმა სისხლი უფლის სამსხვერპლოს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და აკმიოს ქონი უფლისათვის კეთილსურნელებად.
7აღარ დაუკლან საკლავი ვაცებს, რომელთა კვალზეც გარყვნილობენ. ეს ჰქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში.
8უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შესწირავს აღსავლენს ან საკლავს.
9და სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს უფლისათვის გასამზადებლად, ეს კაცი უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
10თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ და მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან.
11რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს.
12ამიტომაც ვუთხარი ისრაელიანებს: არავინ თქვენგანმა არ ჭამოს სისხლი; არც მდგმურმა, რომელიც თქვენთან არის მდგმურად, არ ჭამოს სისხლი.
13თუ ვინმე ისრაელიანი და ვინმე მდგმური, რომელიც თქვენს შორის არის მდგმურად, მოინადირებს ნადირს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს.
14რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი, უნდა მოიკვეთოს.
15ყველა, ვინც ლეშს ან ნამხეცავს შეჭამს, მკვიდრი თუ მდგმური, ტანისამოსი წყლით უნდა გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე, მერე გაწმიდავდება.
16თუ არ გარეცხავს და ტანს არ დაიბანს, დანაშაული დაეკისრება.
Next